Sunday, August 31, 2008

And The "Domovoi" Goes To...

მოქმედი გმირები: ბუთხუჩელა გოგონა მოკლე იუბკით, მოემო პატარა ბიჭუნა, მწითური ჩორვენი, დედა-დედოფალა მაო, მამრი ნინო და მამრი ნანა, ხუჭუჭა ყმაწვილკაცი, ეპილატორების გამსაღებელი, ორატორი ლიანა, სიმპათიური ფოტოგრაფი გოგო, ბლოგერი წყვილი და კიდევ ერთი ბიჭი და კიდევ ერთი გოგო, მთხრობელი.

მწითური ჩორვენი და დედა-დედოფალა მაო წითელ სავარძელში მშვიდად სხედან. ოთახში შემოდის მთხრობელი და ორატორი ლიანა.
მთხრობელი შეწუხებული ამბობს: ჰმ, მხოლოდ ჩვენ ვართ?! კი მაგრამ შვიდზე არ იყო შეკრება???
დედა-დედოფალას თავიდან ყვითელი სარი აცვია, მაგრამ მოგვიანებით შავი ტუნიკით მოგვევლინება.
უცებ ღია ფანჯარაში გოგონას თავი გამოჩნდება, რომელიც ამაოდ ცდილობს კარის გაღებას. ყველას ჰგონია, რომ გოგონა მარტოა მოსული, მაგრამ არა! კარის გაღებისთანავე შემოლაგდებიან ბლოგერი წყვილი, მოემო პატარა ბიჭუნა, ხუჭუჭა ყმაწვილკაცი და სიმპათიური ფოტოგრაფი გოგო.

ცოტა ხანში სცენაზე ყველა მოქმედი გმირი იკრიბება.
ზოგს მაკდონალდსის საკვები მოაქვს, ზოგსაც ბადრიჯანი, ნიორი, კარტოფილი და ასტრა. სხვათაშორის ასტრა ყველაზე მყრალი სიგარეტია, თან გადაპურჭყების გარეშე ვერ მოწევ. ჰო, ჩაისუნთქავ და ფუტის გამოშვებამდე უნდა გააპურჭყო.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

დედოფალა მაომ ფურცლები ჩამოგვირიგა რომელზეც ფრაზები ეწერა და სიმწერლეც წავიდა. მე შემხვდა “მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი... ”
აი რა გამომივიდა:

მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი,
სხვას ყველაფერს კაცი კიდე აიტანს.
არ იცოდეს ეკვატორის სარტყელი,
ადგები და გლობუსს გარეთ გაიტან!
იცი?!
მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი!

ზოგმა ეპილატორის სიკეთეზე წერა, ზოგმაც ღორტყომორწყის კბენის ამბავზე. ერთმა ჭიქაში მჯდომ ფითოხლართზეც კი დაწერა.

მშვენიერი საღამო იყო, მეწამული მანიკიურის წასმის ხელოვნებასაც ვეზიარე და ემოების შესახებ საინტერესო აზრებიც მოვისმინე. მერე ლიანა ატყდა გინდათ თუ არა მაფიოზობანა ვითამაშოთო და დასაწყისშივე იმდენი ვქენი, პირველად მე მომკლეს...

კუნძის ამოტანის ამბავი

დედოფალა მაომ ორი ახალგაზრა, ხუჭუჭა ყმაწვილკაცი და მე გაგვიხმო და დახმარება გვთხოვა. როგორც აღმოჩნდა, კუნძი ყოფილა ამოსატანი. ხუჭუჭამ არიქა მე ავიტანო და მთელი სამი სართული შეძახილებით ვამხნევებდი მიდი, მიდითქო.
გულუბრყვილოდ მჯეროდა რომ კუნძი ლიტ კონკურსის გრან-პრი იქნებოდა, მაგრამ "ეპილატორის ამბისთვის" ეპილატორების გამსაღებელმა “დამავოი” მიიღო.

ასე გავაცილეთ ზაფხული დედა-დედოფალასთან. მაომ ბუხრის დანთება დაიწყო.

Monday, August 25, 2008

"ოცნება - მზე"

ოცნებას ცოცვით უნდა მიეპარო და ძლიერად შემოხვიო მკლავები, სადმე რომ არ გაგექცეს. მყარად მიეტმასნო ფესვებით და ზეცამდე გაჰყვე, ასრულებამდე!

შემოდგომას ბროწეულისფრად დაისისხლო და გაზაფხულს ელოდო მოთმინებით. ისევ რომ აფეთქდეს "ოცნება - მზე"... 


***

- ცოცხალი არსება ჩამოგიყვანე. ჰოდა, თუ დროზე არ ნახე და წაიყვანე ალბათ მოკვდება.
- რა არის? ხვლიკი?!
- არა! სილამაზეა, რამაც იქ მომხიბლა.
- რამდენფეხაა?!
- უუუამრავი!
- მრავალფეხაა?! 
- ძალიან გრძელია, ესეც დავამოკლეთ, თორემ...
- გველკუა? გველხოკერა? კუ? მაგრამ კუს ოთხი ფეხი აქვს... ბუკნაჭოტი?!
- თბილა...
- ბუკნაჭოტთან თბილა?? დავიბენი! ფრინველია? რეპტილია? ძუძუმწოვარი? მწერი? ობობა? 
- ულამაზესია...
- მუხლუხო?
- არ დაფრინავს, არ დარბის...
- აბა დევს?!
- დახოხავს!
- მატლია? ჭიაყელა ფეხებით? 
- მატლი ხუთ მეტრიანი?!
- ხუთ მეტრიანი? როგორი ფორმა აქვს, გრძელია გველივით და ბევრი ფეხი აქვს?!
- ჰო!
- გველი ყოფილა!
- გველი ფეხებით?!
- ჰო, რა მოხდა მერე! აუ, მითხარი რა რა არის...
- ნუ იფიქრებ რომ რაღაცა ზებუნებრივია... ძალიან ბანალურია!
- აბა ხუთ მეტრიანი ბევრი ფეხებით არაფერი მეგულება... ცოცხალია?! სად არის ახლა? ოთახში გყავს გაშვებული??
- სამზარეულოში!
- ეტევა?
- დახვეული მყავს.

- წყალმცენარე იქნება, ხავსი. ჰო?!
- თბილა
- ანუ მცენარეა!
- უკვე ვერ გიტან, იმიტომ რომ ახლოს ხარ!
- სურო!

Wednesday, August 20, 2008

მე ოთხი ვარ

მე ოთხი ვარ. 
ერთი, ორი, სამი და ოთხი. 
ჰოდა, მრავლობითში მომმართავენ. არა, თქვენობით კი არა. მრავლობითში! 
რენოს უკანა სავარძელში ვიჯექი, ყველა ფანჯარა ჩაწეული იყო და ვერავის ლაპარაკს ვგებულობდი ქარის შიშინის გარდა. არიქა, ასწიეთ ფანჯრები, თქვენი ლაპარაკი არ მესმისთქო. ხუთი-ექვსი წამი ვიხუთებოდით, მერე ჩემს წინ მჯდომმა მითხრა, მომიტევეთ ოთხივემ მაგრამ ფანჯარა უნდა ჩავწიოო. ასე, შიშინით ავიარე დიდი აღმართი. 
გუშინდელი ამბავია. არ ვიცი იმ ადგილ რა ჰქვია, ქალაქიდან გასასვლელი გზა კარგად ჩანს. გაჩახჩახებული ტრასა და სრწაფმავალი მანქანები, სად ჯანდაბაში ეჩქარებათ არავინ იცის. ლუდიც გემრიელი იყო და გარემოც. მერე ჯარისკაცები დაგვადგნენ, სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობაო. ცოტახანს ვიქნებით, ფოტოებს მაინც არ ვიღებთ და ხედით ტკბობა გვაცადეთთქო... 
ისევ შიშინით ჩამოვიარე დიდი აღმართი. 
საღამო აივანზე გაგრძელდა. მანამდე ლითონის ბებო, საპალნიანი ჯორი, მობანავე ლითონის ბავშვები და ტომარა აკიდებული ბიჭი ვნახე და სიგარეტის ნამწვავის გადაგდების სიავეზე რამდენიმე წუთიანი ტექსტი მოვისმინე. თურმე თუ სიგარეტის ნამწვავს მიწაზე დააგდებ, წვიმის შემდეგ მისგან აღარაფერი დარჩება... ლითონის ბებოსთან მიწა არ იყო.
მერე აივანი, სიგრილე, ბრინჯი კალმარებით და კიდევ რაღაცით, რომლის გაკეთებასაც ნუ იტყვით და მთელი დღე დასჭირდა თურმე. კვერცხში დამწვარი პურიც გემრიელი იყო. შავი ბაკარდი მითუმეტეს. 
მოგვიანებით გავარკვიე რომ ჩემი საყვარელი ფერი მუქი ნარინჯია და "ძუძუს" მიმართ ინდიფერენტული ვარ. 

***

ჰო, მე ოთხი ვარ! 
პირველს კარგად ვიცნობ დიდი ხანია. მეორეს სამი წელია უკვე. მესამე სხვებმა გამაცვნეს და მეოთხე გამოგონილია. ოთხის კვალობაზე საკმაოდ უღიმღამო და მოსაწყენი ვარ. ცოტა რამის თქმა შემიძლია ოთხივეზე ერთად ან ცალ-ცალკე, მაგრამ არ მინდა. 

***

ორ საათსა და ოცდაათ წუთში ოთხივე ერთად თითქმის მეოთხედი საუკუნის იქნება. ოთხივეს სჯერა სასწაულის. არა, კი არ სჯერა. სასწაულები თავისთვის არსებობენ, სადღაც აქვე, უბრალოდ უნდა მიხვიდე და დაიჩემო. შეეხო მაინც! 


Monday, August 18, 2008

მაჩაპუჩარე (ტრილოგია)


კატმანდუდან პოკარამდე ორასიოდე კილომეტრი იქნება, ექვსი საათის გზაა. პიკაპის სპიდომეტრი სამოცდაათს უჩვენებს. უფრო სწრაფად ვერ ივლი, იაკების ჯოგი უნდა მოიგერიო, თან ბავშვებიც ისე გადმოგიხტებიან... კალი განდაკის ხეობაში დოლპას ხალხი ცხოვრობს, ლამაზები არიან, ფერები უყვართ.

მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას მაინც პევას ტბა და იდუმალი მაჩაპუჩარე ახდენს, მწვერვალი რომელიც ვერავინ დალაშქრა. ანაპურნას ქალწული ისეთი ამაყია, ერთდროულად შიშის და სიამოვნების განცდა მაქვს. ლეილაც გაოგნებული დგას... ჩემი მეგობარია, ისპაჰანიდან. გემრიელ ჩაის აკეთებს და კარგი იუმორი აქვს. ცისფერი სარი უხდება, თან სულ იღიმის... თმაში რომ ედელვაისები აქვს ჩაწნული, მე დავუკრიფე დილით...

მერე აიჩემა, უნდა ვიბანაოო, ყველა განცვიფრებული უყურებდა. აბა, გაყინულ ტბაში მობანავე ირანელ ქალს სხვაგან სად ნახავდნენ.


ნაია პულისკენ დავიძარით. ტიკე დულამდე ფეხით ავედით. გზაში ვუთხარი მწვერვალზე ასვლა სისულელეა, უკეთესია ახლომახლო იარო და კარგად შეავლო თვალითქო. დათვალიერებას მირჩევნია შევიგრძნოო. დავეთანხმე. ისეთი ტონი აქვს, რთულია არ დაეთანხმო. დამაჯერებელია, განუმეორებელი... კლდეებთან იდგა დიდხანს და რაღაცას ბუტბუტებდა, არაფრით არ მითხრა რაზე ელაპარაკა ქვებს. სულ იღიმის, გადამრია..

ედელვაისების ველი გიჟებივით ავირბინეთ. სამახსოვრო დღე იყო, თვალის ჩინად რომ უნდა შეინახო გულის ფარდულში. როდესმე თავისით რომ ამოვარდება და კიდევ ერთხელ აგავსებს იგივე ემოციებით...

დღის ბოლოს პუნჰილშიც ავაღწიეთ. ჩაის სახლში გავჩერდით. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, გათენებას ველოდი ლეილასთან ერთად მზის ამოსვლა რომ მენახა.


იშვიათი სანახაობაა, მაჩაპუჩარეს ზურგიდან ნელა რომ ამოიზლაზნება მზე და უცებ გადაანათებს ყველაფერს. რთულია აღწერა. ისევ ის ოხერი შიშის და სიამაყის გრძნობა მქონდა, თუმცა არაფერი მითქვამს. ლეილაც ჩუმად იდგა, სუნთქვაშეკრული...

Friday, August 15, 2008

დაბადება

1.1. სისხამი იყო, ლურჯ უსასრულობაში ნათელი წერტილი რომ დაინახა და სწრაფად იწყო მისკენ სვლა. 
1.2. უცნაურ სითეთრეში მოხვდა. წარმოგიდგენია?! ყველაფერი თეთრი იყო, მხოლოდ მომღიმარი სახეები იყო ნარინჯის. თეთრ კაცს ლითონის უფორმო საგნები ეჭირა ხელში და იღიმებოდა. ნარინჯის ქალიც იღიმებოდა, მწვანე ცრემლები კი მდორედ მოედინებოდნენ ვარდისფერ ღაწვებზე. 
1.3. ყველაფერი გაქრა უცებ. სამაგიეროდ ლილისფერი პალმები, თეთრად მღელვარე ზღვა და ზმორებით გადმომცქერალი მთების ნისლიანი, ყვითელი ლანდები გამოჩნდნენ, ყინულის ლოლოები კი ალმასებად იცრემლებოდნენ მის თვალწინ... 
1.4. ის არ ფიქრობდა პირველყოფილი მხატვრობის სინკრეტულობაზე, არც კვანტურ ფიზიკაზე და არც გარემომცველი სამყაროს კომპოზიციურ მთლიანობაზე. მხოლოდ სიმშვიდეზე, ზღვაზე, მთებზე და ცაზე...
1.5. ლოლოებიდან ჩამონღვენთილი წვეთები იისფერ ჭორფლებს ეცემა. პატარა ცხვირი აქვს და ნესტოებს დროდადრო სასაცილოდ ბერავს. მწვანე თვალებით კი საკუთარ გამჭვირვალე ხელებს უყურებს.
1.6. უცხო შეგრძნებამ გამოაფხიზლა... თეთრი თითები ეხლებიან მინის კედელს... ნარინჯისფერი წყვილია. ერთი იცნო, ვარდისფერი ღაწვებით. მეორე კი უცხოა, თან თავი მოაბეზრა მინის კედელზე კაკუნით...
1.7. __ ძვირფასო, რა დავარქვათ?!
__ არ ვიცი...
__ იქნებ ჯო?!  

მას შემდეგ 23 წელი, 3 თვე, 8 დღე, 6 საათი, 37 წუთი და 16 წამი მიიწურა.  

Radio



მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა “რადიო გურმანი”, მე ჯონ ბეილი ვარ. ერთმანეთთან უგემრიელეს ნახევარ საათს გავატარებთ. მაშ ასე, დღეს წარმატებას მოვამზადებთ, რაშიც თქვენი საყვარელი მომღერალი მელანი სმიტი დამეხმარება... დაგჭირდებათ 1 ცალი განათლება, 350 გრ. ნიჭი, 5 სუფრის კოვზი ინტელექტი, 3 ჭიქა რწმენა, 250 გრ. სურვილი, 300 გრ. ამბიცია და ნახევარი კილოგრამი შრომისმოყვარეობა. მომზადების წესზე მელანი ისაუბრებს. 
__ გმადლობ ჯონ. თუ ყველა ინგრედიენტი გაქვთ, მომზადება ძალიან მარტივია. ავიღოთ 1 ცალი დიდი ზომის განათლება, დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ნიჭისა და ინტელექტის ნაზავში, რომელიც წინასწარ გვაქვს მომზადებული. დავუმატოთ რწმენა, სურვილი, შრომისმოყვარეობა და გახეხილი ამბიცია. კარგად ავურიოთ, მივცეთ სასურველი ფორმა და შევფუთოთ პროფესიონალიზმში. ჯონ, თუ შეიძლება პროფესიონალიზმი მომაწოდე.
__ რათქმაუნდა მელანი.
__ ჯონ დამეხმარე შეფუთვაში... გმადლობ. რაც მთავარია ვაცხოთ 150 გრადუს ფარენჰეიტზე 10 წუთის განმავლობაში. 
__ ძვირფასო რადიომსმენელებო, სანამ მელანი წარმატებას გამოაცხობს, რეკლამის დროა. ერთმანეთს რამდენიმე წუთში, რეკლამის შემდეგ შევხვდებით. 
  * * *
რეკლამა... რეკლამა... მაშინვე გამოვრთე რადიო და დაელმებული თვალებით საკუთარი ცხვირის ყურება გავაგრძელე. ჯერ ალბათ 64-ე ქუჩის კუთხეში მდებარე ბისტროს შეასხამენ ხოტბას, მერე თევზის მარინადს, ბავშვების საფენებზეც იტყვიან ორ სიტყვას. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ჯანდაბას ამათი თავი... მგონი ზედმეტად დიდი ცხვირი მაქვს, შეიძლება არც მაქვს, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ არ მაქვს და უბრალოდ მეჩვენება... მაინც გადავამოწმე სარკეში და დავიჯერე რომ მეჩვენება. მიხარია, ისე ფართოდ ვიცინი, სახე ნაოჭებად მაქვს ქცეული. უნდა აღვნიშნო, ასეა, ჩავრთავ რადიოს, მერე წარმატებას გამოვაცხობ. ხომ შეიძლება ერთი დღე საკუთარ თავს მივუძღვნა?! ბოლოს და ბოლოს დიდი ცხვირი არ მაქვს.
  * * *
“... საინფორმაციო გამოშვების სპონსორია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები “ნოჩილდი”. “ნოჩილდი” მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი!..” წამყვანი ბოხი ხმით სისულელეებს ბოდავს. წარმოიდგინე, პრეზიდენტის ვაჟი პირად პროქტოლოგს გაჰყვა ცოლად თუ ქმრად. ამას პათეტიკური მილოცვა მოჰყვა, წამყვანმა გულითადად მიულოცა პრეზიდენტს და მის ოჯახს ვაჟის გაბედნიერება, ახლადდაქორწინებულებს კი ბედნიერება უსურვა... ჰმ, საით მიექანება ეს ქვეყანა?! 
  * * *
რწმენა მაქვს, სურვილი და ამბიციაც, განათლება და ინტელექტი გუშინ ვიყიდე მისის ვუდსის მაღაზიაში, მაგრამ ეს ნიჭი და შრომისმოყვარეობა საიდან მოვიტანო?!.. ჩემს ზედა მეზობელს არ ექნება?! მთელი ღამე სექსს რომ აკეთებს ხოლმე. დილამდე სექსის მძაფრი სუნი ამოდის, სადარბაზოში ხომ საერთოდ ვერ გახვალ. ნეტა რაში ჭირდება?! როგორც ჩანს პატარა ბიზნესი აქვს... მარტო ნიჭი მაინც ექნება, შრომისმოყვარეობის გემოს ისედაც ვერ ვიტან. მოიცა, რა ქვია?! არ მახსოვს! ისე, პოპულარული კაცია. რომელიღაც რეალურ შოუში მონაწილეობდა... ჩვენი ეზოს მხვეტავი? შავი გოგო, გამარჯობის თქმის მაგივრად მორცხვად რომ იღიმებოდა დაბუჩქულ ულვაშებში. რეალური შოუს მერე პარფიუმერული მაღაზიის სახე გახდა. ულვაშები გაუპარსია და გამარჯობის თქმასაც ვერ დაასწრებს კაცი... რა გვეშველება? ყველა პოპულარული გახდა... 178-ე ქუჩაზე, სუპერმარკეტში შესვლამდე კომპიუტერში უნდა აირჩიო საჭირო საქონელი, ფულიც წინდაწინ უნდა გადაიხადო და მხლოდ ამის შემდეგ შეგიძლია მაღაზიაში შესვლა, ისიც მხოლოდ პირველ განყოფილებაში, სადაც შენს მიერ არჩეულ საქონელს მომსახურე მანქანები ფუთავენ... ყველა პოპულარულია ამ ქალაქში, იმათ კიდე მაღაზიაში მუშობა როგორ ეკადრებათ. მთელ ქალაქში ასეთი სიტუაციაა, რესტორნებშიც, ბარებშიც, ავტობუსებიც კი მძღოლის გარეშე დადიან. 178-ე ქუჩის სუპერმარკეტში იმიტომ დავდივარ რომ მიტკალი იაფი ღირს. ერთადერთი მაღაზია სადაც ჯერ კიდევ ადამიანური მომსახურებაა, მისის ვუდსის სუპერმარკეტია. ჰო, მართლა, გუშინ მითხრა, რეალური შოუს ორგანიზატორები იყვნენ ჩემთან მოსულები და მთხოვეს, ღვთის გულისათვის, ამ ქალაქში მხოლოდ თქვენ და მისტერ ევანსი დარჩით უცნობები, ამიტომ იქნებ ჩვენს შოუში მიიღოთ მონაწილეობაო. მირჩია, ფრთხილად იყავი არ დაგიყოლიონო. შევპირდი თავს გავუფრთხილდებითქო... კარგი ადამიანია მისის ვუდსი, ხანდახან საქონელზე ფასს რომ არ უმატებდეს. წარმოგიდგენია?! ამ საუბრის მერე განათლება და ინტელექტი ორმაგ ფასად მომყიდა, ისე რომ თავიც არ უმართლებია... 
  * * *
ახლავე ავალ ზედა მეზობელთან... 
ათ წუთიანი კაკუნის შემდეგ როგორც იქნა გამიღო კარი. თავიდან ფეხებამდე სიამოვნებაში იყო ამოსვრილი. მაშინვე ბოდიშებად დაიღვარა, მაპატიეთს, სექსს ვაკეთებდი და ამ ფორმაში იმიტომ ვარო. რა საჭიროა ახსნა, ისედაც ყველაფერი გასაგებიათქო. არაფერი უთქვამს, უბრალოდ თვალებით გამკიცხა. ვთხოვე, ნიჭი და შრომისმოყვარეობა გექნებათთქო. არ მაქვსო მითხრა. არადა, დარწმუნებული ვარ ჰქონდა. შურით სკდება, რომ მისგამ განსხვავებით არაპოპულარული ვარ, ამიტომაც მითხრა უარი. რა მექნა, ყველაფერს ხომ არ მივახლიდი პირში?! სწრაფად ჩამოვირბინე 31 საფეხური... 
  * * *
ჯანდაბა, ჯანდაბა, დავიჯერო ისე მოვკვდები, რომ წარმატებას ვერ ვიგემებ?! რადიოში ისევ რეკლამაა... ვრთავ და საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ აღარასდროს მოვუსმენ. ჩემი ფანჯრის პირდაპირ მომსახურე მანქანები უზარმაზარ სარეკლამო აბრას ამონტაჟებენ. ესღა მაკლდა, რადიო რეკლამა არ მყოფნიდა თითქოს, ახლა სარეკლამო ხედითაც მომიწევს ტკბობა. 
  * * *
ადგომა მეზარება. ახლად გაღვიძებული კვლავ საკუთარი ცხვირის ყურებას განვაგრძობ და კიდევ ერთხელ მიხარია რომ დიდი ცხვირი არ მაქვს, მაგრამ ამის გამო რადიოს ჩართვას არ ვაპირებ... წარმატების გამო ცოტას ვნერვიულობ, ძალიან მინდა გავსინჯო მაგრამ... არა უშავს, როდესმე აუცილებლად ვიგემებ, დარწმუნებული ვარ. 

  * * *
ზმორვით და მთქნარებით დავიღალე. ფარდის მიღმა, გუშინ ღამით გაკრული პლაკატიდან ვიღაცის წაბლისფერი თმები ჩანს... ცნობისმოყვარეობით აღარ ვარ, მაინტერესებს რისი რეკლამაა, ბოლოსდაბოლოს ჩემი ფანჯრის ხედია...

თვალებს არ ვუჯერებ. ეშმაკმა დალახვროს, თვალთმაქცი მისის ვუდსი. წარმოგიდგენია?! უზარმაზარი სარეკლამო აბრიდან მისის ვუდსი ურცხვად მიღიმის. წარწერა?! “პირველად რეალური შოუების ისტორიაში, 14 მაისიდან, კორნელია ვუდსი შოუში იდუმალება”... მოღალატე, ნაბიჭვარი. რამდენიმე დღის წინ მე მაფრთხილებდა, რეალური შოუს ორგანიზატორებს ჩვენი გადაბირება უნდათ და ფრთხილად იყავიო. ვინ იფიქრებდა?! ღმერთო, ღმერთო, მარტო დავრჩი! ახლავე ვნახავ და ყველაფერს პირში მივახლი, მაგრამ არა! რა ჩემი საქმეა?! დიდი ცხვირი სულაც არ მაქვს.

  * * *
ზარია. არავის ველოდები. ალბათ მისის ვუდსი მოსაბოდიშებლად მოვიდა. რა მოხდა მერე, შეცდომა მოუვიდა და თავს დამნაშავედ გრძნობს რომ მიღალატა. დავამშვიდებ, ვეტყვი რომ ყველაფერი რიგზეა და ვთხოვ, რომ შოუს მერე, როცა პოპულარული იქნება არ დამივიწყოს...
__ ვინ არის?!
__ მისტერ ევანს, ლიზ ჯენინგსი ვარ მეხუთე არხიდან. მისის ვუდსი ახალ შოუში იღებს მონაწილეობას. თქვენ ერთადერთი არაპოპულარული ადამიანი ხართ პლანეტაზე. შეიძლება, ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი ჩავწერო? 
უარი ვუთხარი. შემეხვეწა, ღვთის გულისათვის ჩაგწერთო, ნამდვილად ექსკლუზიური ინტერვიუ იქნება და ავშენდებიო... 

  * * * 
საკუჭნაოში ვარ. თევზის მარინადს ვეძებ. რა აღარ ყრია თაროებზე, ბიუსტჰალტერები (საიდან მოხვდა არ ვიცი. ცოლი არ მყავს, თვითონ კი არ ვიყენებ), ბურთები, ცარიელი ქილები, ფოტოები, გამხმარი პურები... აღარ ჩამოვთვლი, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს... 
ჰმ, რა ცინიზმია?! ნიჭის კომპოტი ვიპოვე. მეშველა, თითქმის ყველა ინგრედიენტი მაქვს, შრომისმოყვარეობის გემოს მაინც ვერ ვიტან, მეტისმეტად მწარე და მომაბეზრებელია... რა დროს თევზის მარინადია, წარმატებით უნდა გამოვძღე.

  * * * 
ღუმელი ზუზუნით მუშაობს. ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც რადიოში იყო. კარგი, ჰო! თითქმის ყველაფერი, სახეხი ვერ ვიპოვე და ამბიცია უბრალოდ დავჭერი. წარმატება ათ წუთში მზად იქნება... კარზე კვლავ ზარია, დარწმუნებული ვარ ამჯერად ნამდვილად მისის ვუდსია. წარმომიდგენია როგორი აღელვებული იქნება, ალბათ მკერდზე თავს დამადებს და აქვითინდება...
__ დიახ?!
__ მისტერ ევანს, სამანტა ქეროლი ვარ ჟურნალ “სნობიდან”. ინტერვიუს არ გთხოვთ, მხოლოდ ფოტოებს გადაგიღებთ. ძალიან გთხოვთ, ჩემი კარიერა თქვენზეა დამოკიდებული.
რასაკვირველია უარი ვუთხარი. დიდხანს მეხვეწა, საკუთარი თავიც დამაფიცა, მაგრამ არა!

  * * * 

ოთახში წარმატების მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ღუმელის ტაიმერი ერთიანს უჩვენებს. ზუსტად ერთ წუთში წარმატებას დავაგემოვნებ, უფრო სწორად, გვარიანად გამოვძღები...
ჟალუზებს მიღმა ვიყურები და წუთის გასვლას მოთმინებით ველი. ზუსტად შვიდი დღის წინ მოვისმინე რადიოში წარმატების რეცეპტი, დღეს შვიდი აპრილია.

Love Actually


სიყვარული ქვიშიანი ნაპირია, ბევრი ნაფეხურით. უცნაურია და ზუსტად იცი, რომელ ნაკვალევს მიჰყვე. მე შხეფების მარილიანი სურნელი მეხმარება. ახლაც ასე მოხდა, სადაც უფრო მძაფრი იყო ზღვის სურნელი იმ ნაკვალევს მივყევი და ვიპოვე... 

იშვიათი შეგრძნებაა... არ განცდილი და გაუგონარი. თითქოს ყველაფერი ახლახანს გასრულდა და თავიდან იწყებ უკვე. თავიდან სწავლობ ფიქრს, ზრუნვას. თავიდან ეხები ვარდისფერ ტუჩებს და თაფლისფერ თვალებსაც თავიდან ეჩვევი... და მაინც, ასეთი ჯერ არ ყოფილა.

ბევრი იდიოტობის თქმა შემიძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი სიყვარულს ვერასდროს აღვწერ. ამიტომაც არის უკვდავი თემა ფერწერაში, პოეზიაში, კინემატოგრაფში...

როცა გიყვარს, იცი რომ ორი სიცოცხლე გაქვს, შენი და მისი... 

კიდევ უფრო უცნაურია თუ დიდხანს იცნობ და მერეღა აღმოაჩენ რომ გიყვარს თურმე. წარმოგიდგენია, ერთმანეთის პარალელურად ვცხოვრობთ, ვხვდებით, ვესალმებით. დღეში ათასჯერ მაინც ვხედავთ ერთმანეთს და მერე, გვიანღა გვიყვარდება... 

ნაპირზე გაწლაწნილი ჩრდილები გამალებით იქნევენ ხელებს. მზეც ისე ჩაიცალა ზღვაში, ჩრდილად იქცა სამყარო. 

ნაფეხურები მომცრო ზომისაა, თითქმის შეუმჩნეველი... ჰმ, საოცარია, უცებ რომ შეგძრავს და ხვდები რომ იპოვე. ცხოვრება იპოვე, სიყვარული, ბედნიერება, სიცოცხლე, სუნთქვაც, ყველაფერი ერთად... 
ნაკვალევი სანაპიროსთან ერთად სრულდება, მაგრამ იცი რომ ტბასთან სახლია. აი იქ, ტირიფები რომ ჩამოზიდულან ციდან და ქვის გაცრეცილ კედლებს სურო შესევია. იქ შენი სახლია, ლოდინად ქცეული, ამოღამებული თვალებით... 

სარწეველა სკამი ჯერ კიდევ მოძრაობს აივნის რიკულებს მიღმა და რუხ ფილაქანზეც ნარინჯად შემხმარა ქვიშა... მივაგენი... ვიპოვე... ახლა მთავარია სახლის ყველაზე დიდი ოთახი დავიკავო და ბუხარს ბლომად შევუკეთო. 

დაზამთრებულა და როგორ თბილა მაინც. 

საგარმათა


ეს იყო საგარმათას ძირას... ჩერაპუნჯაში... განგას ნაპირზე... ლოტოსების ჭალაში...

სურიკატი

ციურიხში ვარ ისევ, უსიამოვნო შეგრძნება არ მტოვებს... რაღაცნაირი უძილო და არც ისე ბედნიერი ვარ... სადღაც ეწერა პრობლემა გამოსავალია, რომ არსებული რეალობა შეცვალოო... ალბათ ასეა, იმიტომ არ მეძინება, რომ ყავის სმას და ბევრ მოწევას თავი უნდა დავანებო... არც ისე ბედნიერი კი იმიტომ ვარ, რომ უბედური არ უნდა ვიყო... ბარდნის... არა, თოვს, ციურიხში არასდროს ბარდნის. გაყინული ხელებით ვწერ. მცივა, მაგრამ უნდა მოგწერო რამე. გახსოვს ნიდერდორფშტრასეზე კაფე რომ იყო 1001, კარგად ჩანს აქედან. დროებით მტოვებს უსიამოვნო შეგრძნება, შენ მახსენდები ჩაჭყლეტილი ლოყებით და ქათქათა კბილებით. ვიცოდი, ვიცოდი, რომ აუცილებლად გიპოვიდი და მერე... დაგკარგავდი... შენ სურიკატი ხარ, ძალიან მომრავლდი ჩემში, იმდენად რომ ადგილი აღარ მრჩება.

ლიმატი ცივია, შემცივდება. ზაფხულში ვიზამ, ზაფხულში. გპირდები...

სურიკატები მართლა მომრავლდნენ...

სურიკატი

ახლაც ვუსმენ სიმღერას, რომელიც მხოლოდ შენს გამო მიყვარს, ან იმიტომ რომ შენ მიყვარხარ ძალიან, მაგრამ სხვანაირია...

ტრივიალურია ეს ყველაფერი, ისევე როგორც რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ. ტრივიალური ორჯერ მეტად ვიდრე აქამდე. მხოლოდ მე ვიცი როგორ მიჭირს უშენოდ და როგორ მეწურება გული შენი სურნელი რომ მახსენდება. ღრმად ვისუნთქავ, მაგრამ ეს შენ არ ხარ.

არა, უშენობა არ არის ცუდი...

ქვეყნის აღსასრულია. ქვეყნის, ჩემს შიგნით რომ მყუდროებას და კომფორტს ქმნის. მზეს, ზღვას და ტალღებს...

ტრივიალურია ყველა ეს სიტყვა, მარცვალი და ბგერა. მხოლოდ შენ ხარ ერთი და ნაბიჯი, რომელიც ასე გაშორებს ჩემგან.

იცი რა არის სასწაული?! დილა შენით დაწყებული, შენი დღით რომ გრძელდება და შენით ღამდება. მარადიული ნირვანა, ასე ახლო... და მიუღწეველი. მწვანე მოლი, უდაბნო, ოაზისი, ჭის ცივი წყალი, მზისგან გადამწვარი შორეთი და წამოზნექილი სურიკატი, ურცხვად რომ მომჩერებია თვალებში.

ბევრს ვივლი, ქვიშის ნამცეცებზე ნამს შევაგროვებ და ნამტირალევ თვალებს ჩამოგბან. მზისგან გამომხმარ ხელის თითებსაც დაგიკოცნი და ჩემთან გამყოფებ მუდამ. დამპირდი, დამპირდი რომ აღარ გამექცევი.

მე მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ... დამიჯერე.

ზარები ისევ რეკენ გროსმუნსტერში მაგრამ აღარ შევალ უშენოდ, გეფიცები. დაგელოდები, დაგელოდები ზაფხულამდე, სანამ ლიმატის წყლები გათბება. ახლა ვერ ვიზამ, ძალიან მცივა...

რამდენიმე დღეში ერთი წლით დავბერდები და რამდენიმე დღით მივუახლოვდები დასასრულს...

შენ...

მე...

შენ...

შენ...

შენ...

შენ...

დასასრულს...


* * *

როგორ დავეკარგეთ ერთმანეთს ჩემო...

სრულიად მარტო ვარ. ვიცი, ძალიან ცუდი დასაწყისია, მაგრამ ასეა!

ხანდახან საშინლად მინდება ვინმეს ვუთხრა რომ ლიმატი დღეს განსაკუთრებით ლამაზად მიედინება, მაგრამ ირგვილ არავინაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება დამთავრდა. იცი როდის სრულდება ყველაფერი, როცა კვდები! ეს ყველაზე მარტივი ჭეშმარიტებაა მსოფლიოში, რომელიც შენც იცი, მეც და იმ მწითურმა გოგომაც, გუშინ ღამით 1001-ში ჩვენს ადგილზე რომ იჯდა.

ჯერ ცოცხალი ვარ, ვცოცხლობ და ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ინერტულ არსებად ვიქცე, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა მთელი კომპლექსი დაიკმაყოფილოს.

ქუჩაში ხეტიალმა მიმიჩვია, ფიქრში მეხმარება. შენზე ვფიქრობ, ჩემზეც და მწითურ გოგოზეც 1001-დან... გაზაფხულს გავდა, ჩითის კაბა ეცვა, ჯადვარით და მატიტელებით დაფოთლილი. დროდადრო ფეხის თითებზე იწევდა და თხელ, მკვრივ წვივებს ნერვულად ათამაშებდა. მომეჩვენა რომ ძალიან ახლობელი იყო, მაგრამ არ შემიმჩნევია, არც რამე მითქვამს. ჩემსავით გრძნობდა თავს, უადგილოდ... წარმოიდგინე ენთუზიაზმით სავსე რომ მივარდები ვინმეს და პირდაპირ მიახლი რომ შენ საოცრება აღმოაჩინე, ახალი აზრი თუ იდეა, თუმცა სანამ რამეს იტყოდე შიგნით გწყდება რაღაც და თავს უბედურად გრძნობ, რადგან ის რისი თქმაც გინდა სიახლე არ არის, უფრო მეტიც ყველამ იცის. უბრალოდ შენ გაგიჩნდა განცდა, რომ ეს შენი აღმოჩენაა. სიახლის თქმა გინდა, მაგრამ ერთ დიდ არქაიზმად ხარ ქცეული, დაყენებული მანერით და გაცვეთილი სიტყვებით... ჩემი შინაგანი განცდები ძალიან მივამსგავსე მწითური გოგოს ქცევას, მისი ქცევა ჩემი ემოციის საუკეთესო ილუსტრაცია იყო. ამიტომ მომეჩვენა ასე ახლობელი, თან მთელი საღამოს განმავლობაში ჩემსავით მარტო იჯდა... მისვლა ვერ გავბედე...

როგორ დავეკარგეთ ერთმანეთს ჩემო... ცუდია უშენო დღე. მწითური გოგოც ამიტომ მაფიქრებს, რომელსაც ალბათ ირენი ჰქვია. უცნაურია ჰო?! მგონია ყველა მწითურ გოგოს ირენი უნდა ერქვას, თუ ბლომად ჭორფლებიც აქვს, მაშინ ხომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ. შემიძლია ურცხვად დავუძახო შორიდან და დავიჩემო ნამდვილად გიცნობ, უბრალოდ შენ არ გახსოვართქო... ყველა მწითურ, ჭორფლიან გოგოს ირენი ჰქვია, ისევე როგორც ყველა ლოყებ ჩაჭყლეტილსა და კბილებ ქათქათას შენი სახელი...

ორიოდე დღის წინ დავბრუნდი ციურიხში. მთელი ზაფხული ვალისში გავატარე, ნიდერვალდი კიდევ ერთხელ ვნახე, ამჯერად უშენოდ... მთელი ეს დრო ემილის ველოდი, ჩამოვალო დამპირდა. გამიხარდა, მაგრამ... მარტო არ იყო... არ მინდა ზაფხულზე ლაპარაკი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო, თუ გასულ წელს არ ჩავთვლით, როცა ჩვენ... იცი, ველოდი, რომ ვიღაცას ნიდერვალდს ვანახებდი, იმ ადგილებს სადაც ჩვენ, შენ და მე ერთად ვსეირნობდით, სადაც გვიყვარდა ერთმანეთი და სადაც ერთი ცხოვრებით ვცხოვრობდით... მაგრამ... წარმოიდგინე მადისაღმძვრელი შოკოლადიანი ნამცხვრის ნაჭერი, რომელსაც მოკბეჩ და მხოლოდ ამი მერე ხვდები, რომ ნამცხვარი კი არა კარგად დაბრაწული მარილიანი კვერია... ალბათ ასეთივე გრძნობა დაეუფლა ემილისაც, ციურიხში, თავისთან რომ დამპატიჟა... ვიცოდი რაც მინდოდა და სიამოვნებით წავედი მასთან, თუმცა ის არ აღმოვჩნდი ვისაც ელოდა. მიკიბ-მოკიბა საკუთარ თავში არ ვარ დარწმუნებული, სინამდვილეში არ მინდა ამის გაკეთება, სინდისი მქენჯნისო... მოკლედ, იცი როგორც ხდება ჩვეულებრივ... ის არ იყო გულწრფელი! სამწუხაროა მისი ქცევა, მაგრამ არც ამით დასრულებულა ცხოვრება...

ახლა აივნიდან ღამის ქალაქს გავყურებ, მუსიკას ვუსმენ და საძულველ კვანტროს ვსვამ შენს დროს რომ ასე მიყვარდა. გვიან ღამით 1001-ში წავალ, ჩვენს ადგილზე დავჯდები და მექნება იმედი, რომ გაზაფხულივით ირენი კარს შემოაღებს და უსიტყვოდ მომიჯდება გვერდით... მერე ერთად ვიქნებით მუდამ, თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ეს მინდა...

\"...But I miss you most of all, when autumn leaves start to fall...\"

Eva Cassidy


* * *

მე გარდავიცვალე

აღარ ვფიქრობ შენზე, მართლა აღარ! ციურიხშიც აღარ ვცხოვრობ და არც გროსმუნსტერის ზარის ხმა მესმის ყოველდღე. ძერმატი სამოთხეა. ასეთი მშვიდი არასდროს ვყოფილვარ. ხანდახან მგონია, რომ ადრიანად დავბერდი. საბედნიეროდ მხოლოდ ხანდახან მგონია ასე. იცი, პიჯაკის ფერს არასდრო ვუხამებ შარვლისას და პირსაც მაშინ ვიპარსავ, როცა მინდა.

მარტოობისთვის იდეალურ ადგილას ვარ. იმდენად რომანტიკულია რომ შენი არსებობა მეზედმეტება... და მე მივხვდი რომ შეყვარებული ვარ... მე შემიყვარდა საკუთარი თავი. მეტისმეტად ხელგაშლილი უნდა იყო ეს სილამაზე ვინმეს გაუნაწილო.

ეს მოხუციც იგივეს გრძნობს ალბათ, იდიოტივით რომ მომჩერებია. გეგონება შიშველი კაცი არასდროს უნახავს.

შენ გგავს ძალიან. ასეთი იქნები... დაბერდები, დანაოჭდები და მარტოს მოგიწევს ალპებში ყავარჯნით სეირნობა. ერთ დღესაც შეგხვდება შიშველი ახალგაზრდა და გაიფიქრებ, რომ მომავალი თაობის არ გესმის.
არადა, გესმოდა ჩემი...

ყინავს. ბედნიერი ვარ. არა, ყინვის გამო რასაკვირველია. ბედნიერი ვარ რომ დღეს, ახლა, ამ წამს მხოლოდ ეს მოხუცი მაფიქრებს მე რომ მომჩერებია...

სტეიგენბერგერ ბელვედერში გავჩერდი, მესამეზე. ყოველ საღამოს ლობიში ჩავდივარ და ხერესს ვსვამ. წითელი ჭაღი ძალიან მომწონს, მთელ ჭერს იკავებს. ვიფიქრე, რა მოხდება ეს ჭაღი სახლში რომ მქონდეს, წარმომიდგენია როგორ გაანათებსთქო, მაგრამ ისიც წარმოვიდგინე კარის გაღებისთანავე ჭაღი რომ შეგრჩება უხერხული იქნებათქო და მალევე დავივიწყე. კიბის მოაჯირებიც ლამაზია, დაგრეხილი, ოქროსფერი ლითონის, მაგრამ რა თავში სახლელად მინდა, ჩემი სახლი ერთსართულიანია, ეზოც არ მაქვს ღობედ რომ გამოდგეს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. არავინ იცის განვადებით რომ ვისვენებ აქ. სასტუმროს ადმინისტრატორს ვუთხარი ცნობილი ბელეტრისტი და სცენარისტი ვარ, სხვადასხვა დროს ფელინისთან, ვისკონტისთან და ანტონიონისთან მიმუშავია, კაბირიას ღამეები ჩემი მოგონილიათქო. გაუხარდა, მაზინა გადასარევი მსახიობი იყო და ალბათ კარგად იცნობდითო. ვუთხარი ვიცნობდი კი არა, ფელინის მე გავაცანი და პოპულარული თუ გახდა ჩემი დამსახურებაათქო. გაუხარდა, არ ვიცოდი ვინ იყავით, დღეიდან თქვენი თაყვანისმცემელი ვარო. ამის მერე კიდევ უფრო ფართოდ მიღიმოდა. პირსახოცები და სააბაზანო ხალათიც თვითონ მოჰქონდა ჩემს ნომერში. გეფიცებით ამდენი სასმელი არასდროს დამილევია, მაძალებდა, მე დაგისხავთ, გპირდებით გამიხარდება და მეგობრებთან ვიტრაბახებ კაბირიას სცენარისტი ჩემი ნაცნობიაო.

ხვალ დავოს დორფში ჩემს საყვარელ კერძებს კიდევ ერთხელ დავაგემოვნებ. მაშინ, ძველად ან დიდი ხნის წინ, უნდა გახსოვდეს რესტორნის შუაგულში მხოლოდ ჩვენ ვისხედით. ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით. უცნაური განცდა მქონდა, ყველაფერი ჩემი იყო თითქოს, შენც...

სულ დამავიწყდა სიახლე რომ მაქვს შენთვის. ბევრი ვიფიქრე და... იცი, მე გარდავიცვალ...

* * *

ეს იყო საგარმათას ძირას... ჩერაპუნჯაში... განგას ნაპირზე... ლოტოსების ჭალაში ერთ, ცად აზიდულ მთას მივჩერებოდი და ჯანდაბამდე მონატრებულს აღარ მახსოვდი... არასდროს მენახა ესოდენი დიდებულება, მხოლოდ შენი მონატრება თუ შეედრება... წამებში მონაცვლეობდნენ წელიწადის დროები... ზაფხულს ზამთარი მოსდევდა, ზამთარს შემოდგომა. ყველაფერი უჩვეულო და თან ახლობელი იყო...

მივიღე ის რაზეც ვოცნებობ...
მე ვარ დრო, მე ვარ ცენტრი, მე ვარ მთავარი... ჩემი სამყაროს მთავარი და ჩემი სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავს... იმ სისწრაფით რომ გული მერევა... მე ვარ მთავარი...

მივხვდი იმასაც რომ მე ტყუილი ვარ... ახლაღა, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მივაღწიე ნირვანას...

აქ, საგარმათას ძირას, ჩერაპუნჯაში, განგას ნაპირზე, ლოტოსების ჭალაში...

მე გარდავიცვალე...