Friday, August 15, 2008

Love Actually


სიყვარული ქვიშიანი ნაპირია, ბევრი ნაფეხურით. უცნაურია და ზუსტად იცი, რომელ ნაკვალევს მიჰყვე. მე შხეფების მარილიანი სურნელი მეხმარება. ახლაც ასე მოხდა, სადაც უფრო მძაფრი იყო ზღვის სურნელი იმ ნაკვალევს მივყევი და ვიპოვე... 

იშვიათი შეგრძნებაა... არ განცდილი და გაუგონარი. თითქოს ყველაფერი ახლახანს გასრულდა და თავიდან იწყებ უკვე. თავიდან სწავლობ ფიქრს, ზრუნვას. თავიდან ეხები ვარდისფერ ტუჩებს და თაფლისფერ თვალებსაც თავიდან ეჩვევი... და მაინც, ასეთი ჯერ არ ყოფილა.

ბევრი იდიოტობის თქმა შემიძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი სიყვარულს ვერასდროს აღვწერ. ამიტომაც არის უკვდავი თემა ფერწერაში, პოეზიაში, კინემატოგრაფში...

როცა გიყვარს, იცი რომ ორი სიცოცხლე გაქვს, შენი და მისი... 

კიდევ უფრო უცნაურია თუ დიდხანს იცნობ და მერეღა აღმოაჩენ რომ გიყვარს თურმე. წარმოგიდგენია, ერთმანეთის პარალელურად ვცხოვრობთ, ვხვდებით, ვესალმებით. დღეში ათასჯერ მაინც ვხედავთ ერთმანეთს და მერე, გვიანღა გვიყვარდება... 

ნაპირზე გაწლაწნილი ჩრდილები გამალებით იქნევენ ხელებს. მზეც ისე ჩაიცალა ზღვაში, ჩრდილად იქცა სამყარო. 

ნაფეხურები მომცრო ზომისაა, თითქმის შეუმჩნეველი... ჰმ, საოცარია, უცებ რომ შეგძრავს და ხვდები რომ იპოვე. ცხოვრება იპოვე, სიყვარული, ბედნიერება, სიცოცხლე, სუნთქვაც, ყველაფერი ერთად... 
ნაკვალევი სანაპიროსთან ერთად სრულდება, მაგრამ იცი რომ ტბასთან სახლია. აი იქ, ტირიფები რომ ჩამოზიდულან ციდან და ქვის გაცრეცილ კედლებს სურო შესევია. იქ შენი სახლია, ლოდინად ქცეული, ამოღამებული თვალებით... 

სარწეველა სკამი ჯერ კიდევ მოძრაობს აივნის რიკულებს მიღმა და რუხ ფილაქანზეც ნარინჯად შემხმარა ქვიშა... მივაგენი... ვიპოვე... ახლა მთავარია სახლის ყველაზე დიდი ოთახი დავიკავო და ბუხარს ბლომად შევუკეთო. 

დაზამთრებულა და როგორ თბილა მაინც. 

2 comments:

Betty said...

როდის დაწერე?ახალივით იკითხება ამ წლის მიწურულს.
ბედნიერებას ერთი უბრალო ფორმულა აქვს-უნდა გიყვარდეს.მაგიერი სიყვარულის მოპოვებაა ძნელი,მაგრამ არა შეუძლებელი.თუმცაღა ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია და მათ შორის არც ნაფერები სიყვარული.ამას სევდა მოსდევს.გიფიქრია,რომ სევდა შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და დამთრგუნველი,იყოს ოპტიმისტური და იყოს სასიამოვნო.ჰო,სასიამოვნო სევდა-იმიტომ რომ არის,ხომ შეიძლება არც ყოფილიყო.
და მაინც,რამდენჯერაც გინდა მოვიდეს და რა სახითაც,სიყვარული ბედნიერების წამებს გვჩუქნის და მადლობა ღმერთს ამისთვის........
ახალ წელს ბედნიერების მომტან სიყვარულს გისურვებ...:)

tamuna said...

სასიამოვნოდაა დაწერილი, როდესაც გიყვარს ნამდვილად თბილა ყველგან და მისი სიცოცხლეც შენი გგონია :) მგონი ყველაზე რომანტიკული და არაპრაგმატული ადამიანი ხარ მათ შორის ვისაც მე ვიცნობ :)