Saturday, September 20, 2008

Insomnia Guy


როცა არაფერი გინდა – ეს არის დეპრესია. არაფერი რთული ნათქვამია, საერთოდ არაფერი კი არა. აი, მხოლოდ ძილი და ჭამა რომ გინდა – ეს არის დეპრესია.

ჰოდა, დეპრესიას ყოველთვის აქვს მიზეზი. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ხელფასი ბანკის ვალზე 3%-ით ნაკლები ავიღე და ახლა ვალი ხელფასის 25%-ით მეტი მაქვს.

შესაძლებლობების სტიმულაციისთვის “საიდუმლოს” ვნახულობ და სურვილებისა და მადლიერების ქვას თან ვატარებ, მაგრამ არაფერი... “საიდუმლოში” ამბობენ სურვილის ასასრულებლად თავად სურვილის სიძლიერეა მხოლოდ საჭირო, მერე იმპულსები კოსმოსში მიდიან და სამყაროც არ აყოვნებს ასრულებასო. ფანტასმაგორიაა, ფეერიულ ზღაპრებში თუ გაიგებს კაცი. სკეფსისს ვერ ვიშორებ, მაგრამ მაინც მჯერა. იმდენად რომ ჰოროსკოპსაც გულდასმით ვკითხულობ, მიუხედავად იმისა ჰოროსკოპზე იქ არაფერია ნათქვამი.

ერთხელ მკითხავთანაც ვიყავი, არა “საიდუმლოს” გამო. ასე მითხრა, პოლიციასთან ფრთხილად იყავი, ავტომანქანასაც ნუ მართავ სწრაფადო. იმის მერე ორი წელი იქნება გასული. მაშინ დამეზარა მეთქვა რომ მართვისას გაბარიტების შეგრძნება არ მაქვს და უკანსვლით საერთოდ ვერ ვატარებ, ყველაფერთან ერთად ავტომობილიც არ მაქვს.

ჰო, დეპრესიაზე ვლაპარაკობდი. ახლა ინსომნიაც მაქვს, უფრო სწორად ნიუ იორკის დროით ვცხოვრობ. დღის განმავლობაში იმდენს ვამთქნარებ, ბეჰემოტად გადაქცევის ტენდენცია მახასიათებს, საღამოს მძინავს, ღამით არა. მერე ისევ იგივე...

ყველაფერი ისეთი მარტივია. მთავარია ერთი პატარა დეტალი შევცვალო, ყველაფერი შეიცვლება ირგვლივ. ამ მოტივით დილაობით სირბილი დავიწყე პინოსთან ერთად, ჩემი ძაღლია, ამერიკული კოკერი. ორი დღე ვირბინეთ და მერე პინო შემეცოდა, დაღლილი ჩანდა...

მეც დავიღალე, ათი საათი მიკროფონთან, მეორედ მოსვლაა...

მეორედ მოსვლაზე გამახსენდა, გუშინწინის წინ (ეს სიტყვა ერთად დავწერო თუ ცალ-ცალკე არ ვიცი, ამიტომ ანაზდად და რუდუნებით ცალ-ცალკე ვწერ, თუ ვინმე შემისწორებს დავვალდები) “ცაიტგეისტი” ვნახე. დაიჩემეს კრშნა და დიონისე ქალწულებისგან იშვნენო და საერთოდაც ღმერთი მზეაო. შვიდი შვილის მერე ქალი თუ ისევ ქალწული შეიძლებოდა ყოფილიყო არ ვიცოდი. ზევსის თეძოც კი ქალწული ყოფილა. ნეტა ნატუკას თეძო როგორია?! ერთხელ აგარაკიდან დაბრუნებული, ჩემს სამუშაო მაგიდასთან მოვიდა და ძუძუები ამომილაგა “რაზნიცის” უკეთ საჩვენებლად. ბევრი ვინერვიულე. სამი ზომა ექნება ალბათ, ფორმაც მშვენიერი აქვს...

გუშინწინ ნუკი გადამეკიდა სადარბაზოში, კიბეზე ვიკოცნაოთ და რუსიკოს გაუხარდებაო. ერთი შინაბერა გოგოა მეზობლად, ნუკი ამბობს ყოველ გაფაჩუნებაზე კარის ჭუჭრუტანაში იყურებაო. ვაკოცე... დღეს კი შემხვდა რუსიკო, მაგრამ დიდად გახარებული არ ჩანდა.

ახლა “Ugly Betty”-ს პირველი სეზონის მეთოთხმეტე ეპიზოდს ვუყურებ. “დაკარგულებს” დროულად მოვშორდი, მეორე სეზონიდან მივხვდი რომ საბოლოოდ გამოსირდნენ.
“Ugly Betty” მაგარია. ასე, ნერვიულად ვზივარ და ვუყურებ, თან ვხალისობ. ვცდილობ... ერთ-ერთი გმირი გამოტყდა “სტაილის” ყოფილი მთავარი რედაქტორი მე მოვკალიო.
საწყალი “სტაილის” ყოფილი მთავარი რედაქტორი ფეი.

წავედი, გრილ წყალს გადავივლებ, თორემ მარაზმში გადავედი.
თუ არ დავბრუნდი ე.ი. უცაბედი პნევმონიით გარდავიცვალე...
მეძებეთ ყველგან, აბაზანაშიც!

Sunday, September 14, 2008

მთიელი ქარები მღერიან

მთიელი ქარები მინორულ ნოტებზე მღერიან... მიწა ნაცნობ, მსუყე სურნელს აფრქვევს... ცა ჩვეულებრივზე ოდნავ ლურჯი და უღრუბლოა...

თაობები მონაცვლეობენ და გარემოც მდორედ იცვლება.მერე ადამიანმა ფიქრი ისწავლა, ჩაფიქრება უფრო...
ერთხელაც სიკვდილის შეეშინდა და ღმერთი შექმნა.

Wednesday, September 3, 2008

მაჩაპუჩარე (ნაწილი მეორე)


მანანგის პროვინციაში ვართ, მაჩაპუჩარეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ანაპურნას ზურგში. მზის საძებნად წავედით.
მარჯვენა მხარეს ყრუ ტკივილები მაქვს, მესამე დღეა ლეილა სამი წამის ინტერვალით იდაყვს მირტყამს გვერდში... 

ახლა ჩაის სახლთან ხის სკამზე ვზივართ, საღამოა, საერთოდ არ მცივა. ისეთი გარემოა სიცივეზე ვერ ვფიქრობ. გარშემო მთები, გვერდით ლეილა და მზის მოლოდინი, ჩემთვის სითბო რომ არის და ლეილასთვის ოცნება. 

ქვემოთ, ლატამარანგისკენ ქვის სახლი ჩანს, ამბობენ მზე იქ ცხოვრობსო. დურგას ვეფხვი დარაჯობს თურმე სახლს. ტიბეტელი ქალი გზად ჯოხებს ჰყიდის მთაში სასიარულოდ და იავნანას მღერის მზე რომ ვეფხვის უჩუმრად გამოაპაროს. მთელი ღამე ნარინჯის ბერები მშვიდად აგებენ მანდალებს რიჟრაჟზე რომ გააცამტვერონ და ამ დროს სიჩუმე კივის. საფეთქლები მტკივა, ფიქრები ერთმანეთშია არეული... ველოდებით მზეს... 
და კარი იღება... 
და ისევ ლეილას მუჯლუგუნი... 
და მე აღარ მაქვს ყრუ ტკივილები მარჯვენა გვერდში... 

ვიცი რაც არის ბედნიერება! 
არა, მზის ამოსვლა არა! მზის ამოსვლა სილამაზეა, სითბოც, სიმშვიდეც, იმედიც... ბედნიერება სხვა რამე! 

მე ვიცი!

რატომღაც ისპაჰანში, ლეილასთან გატარებული საღამოები გამახსენდა. ჰმ, რატომღაც! 
აივანი მეიდან ემამს გადაჰყურებს. ვსაუფრობდით ყველაფერზე, თავისუფლებაზე, სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე... მისთვის არ არსებობს სიტყვა "უნდა", არ არსებობს ვალდებულებები... 
უსაშველოდ მხიარულია ერთი შეხედვით და კიდევ უფრო ღრმა და სევდიანი სინამდვილეში... ადამიანი რომელიც არასდროს არის ერთნაირი... 

ჰოდა, ბედნიერება აივანია, ფეხმორთხმული რომ ზიხარ, საღამოს სიგრილეს გრძნობ, ცხელ ჩაის სვამ და მეგობარს უსმენ... 

P.S. ტიბეტურად ლეილა ასე იწერება