Friday, October 10, 2008

მწვანე სახლი



მწვანე სახლი იქ დგას, სადაც ნატვრის ხეზე შებნეული ჭრელა-ჭრულა ნაჭრები ირხევიან ქარად.
იქაც, ლურჯი მდინარე ხავსიან ქვებს რომ მიაგორებს.
იმ ველზეც, ნისლიანი მთები რომ იფერთხენ კალთებს.
ელვა რომ იკლაკნება რუხ ცაზე და ნაწვიმარზე ცისარტყელა ბრდღვიალებს რკალად.
დიდ მუხასთან, შემოდგომის მიწურულს შეყვითლებული ფოთლები რომ დასცვენია.
მწვანე სახლი ცაშიც დგას და დაზამთრებისას მზეს მთვარე უჩრდილავს.
ზღვასთანაც არის და ზაფხულის ხვატისგან გადახუნებულ კედელზე, ზედ კართან წითელი წარწერა აქვს - "ქუჩა + ნუში."

დროდადრო გაპრანჭული, კუბოკრულ ლაბადიანი ქალი გამოჩნდება. ასე ჩვეულებრივ ადრიან გაზაფხულზე ხდება, ეზოში, ტყემლის ხეს ლურჯი ფრინველი როცა სტუმრობს.
გამოჩნდება და მერე უსიტყვოდ მიდის უკან.

მე ქუჩა ვარ, მაქვს მწვანე სახლი და... ცარიელია.

Wednesday, October 1, 2008

ჭირსა შიგან

"რაც უფრო მეტი ორთქლი გამოვა, საზოგადოება უფრო წინ წავა."
მიხეილ სააკაშვილი

ძვირფას ქართულ საზოგადოებაზე რომ ვფიქრობ, ერთი სტოპ კადრი მიდგას თვალწინ, სადაც დრო და დრო გზააბნეულ ადამინთა ჯგუფი ჟრიამულით ჩაირბენს... და ჩამოირბენს...

ქვეყნის პირველ პირზე ფიქრისას ყოველთვის ომის დროინდელი გორი მახსენდება. მიტოვებული ჟურნალისტები, ევროპელი დიპლომატები, ბავშვიანი ქალები და პრეზიდენტი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბის...

ჰალსტუხის ღეჭვის კადრებიც სასაცილოა და პარლამენტის წინ გამართული ტაშ-ფანდურიც, არარსებული გამარჯვება რომ აღინიშნებოდა...
კიდევ ერთხელ ნაჩუქარი ტიტები, გამთბარი ძვლები და ნერვებ აშლილი თბილისის მერი. დროზე რომ არ ეჩურჩულათ არიქა პრეზიდენტს დაუთმე სცენაო, უთუოდ ხელებში ჩააკვდებოდა მოზეიმე ხალხს.

მერე, 7 ნოემბერს გალანძღულ გიგასაც ტაში დაუკრეს და მობერებული ნანი ბრეგვაძის ვოკალითაც დატკბნენ, რომელიც რატომ ამღერდა ომის დროს, პარლამენტის წინ ნამდვილად ვერ მივხვდი... ალბათ, ომსა შიგან რომ გაემაგრებინა.

ქართველი ერთი გულუბრყვილო, ცისფერთვალება და ლოყებღაჟღაჟა ადამიანია, რომელიც ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და ნებისმიერი სიმართლე რომელმაც შესაძლოა ჩააფიქროს და მყუდროება დაურღვიოს სძულს. ფუნქცია ჭამა, მხარ-თეძოზე წოლისას გვერდის შეცვლა და დღეში ერთხელ ფეკალიებისგან გათავისუფლებაა. ტელევიზორი რომელიც ყოველთვის ჩართულია, მხოლოდ ერთ არხს აჩვენებს, სადაც მუდმივად ამტკიცებენ რომ ყველაფერი კარგად არის.

ხანდახან გულუბრყვილო და ცისფერთვალება ქართველი ბრაზდება. ძირითადად დაზამთრებისას, საბნის ქვეშ სიცივე რომ შეეპარება და ასე პლედ მოხვეული პარლამენტთან მიჩოჩდება საყვირლად.
მერე ადამიანთა ახალი ჯგუფი მოდის. მზიან მომავალსა და დემოკრატიაზე საუბრობენ. ლელა წურწუმია ისევ მღერის, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ცხოვრება გრძელდება მომდევნო გაბრაზებამდე.

P.S. ამ თემაზე იმდენი თქმულა, ორიგინალური ვერ ვარ. დღეს პრეზიდენტის გამოსვლას ვუსმინე და მეწყინა, ორთქმავალს რომ შემადარა.