Saturday, November 8, 2008

სად ჭამენ ცხოველები ადამიანებს

ლომის თავდასხმისას გადარჩენილმა მკვლევარმა დევიდ ლივინგსტონმა საკუთარ ნაშრომებში ყველაზე ნათლად აღწერა რას ნიშნავს კისერზე შემოჭდობილი სიკვდილის ყბები. შოტლანდიელი მისიონერი გადარჩა, თუმცა ყველას არ უმართლებს. ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება გარეული ცხოველების თავდასხმისგან.

მტაცებელი ცხოველების გარდა ადამიანისთვის კიდევ ერთი საშიშროება მწერებია, რომელთა ნაკბენიც სხვადსხვა მძიმე დაავადებას ან სიკვდილს იწვევს. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა აფრიკაშია.

დედამიწის ყველაზე პატარა კონტინენტი კი შხამიანი რეპტილიების ნაკრძალს წარმოადგენს. ავსტრალია გველებისთვის ნამდვილი სამოთხეა. სხვათაშორის გესლის სასიკვდილო მოქმედების დრო თხუთმეტი წუთიდან ერთ საათამდე მერყეობს.

აფრიკელი გიდების უმეტესობა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველად გარეულ კამეჩს ასახელებენ, ისინი აფექტურები არიან და მათი მოგერიება საკმაოდ რთულია. კიდევ უფრო საშიშია, თუ ჰიპოპოტამის ქვეშ წყალში აღმოჩნდებით. (თუმცა გაუგებარია რატომ უნდა მოხვდე ჰიპოპოტამის ქვეშ).

ტროპიკულ ზღვებში კი ნამდვილად არსებობს საფრთხე თეთრი ზვიგენის სახით. თუმცა დიდ თეთრ ზვიგენებს ამხელა ყურადღებას არავინ აქცევდა, ყოველ შემთხვევაში 1970 წლამდე, როდესაც პიტერ ბენჩლიმ პატარა ლექსი "ყბები" დაწერა. დარწმუნებული ვარ ყველას გინახავთ სტივენ სპილბერგის ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის შთაგონების წყარო სწორედ ბენჩლის ლექსი გახდა. დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ წყალში ღრმად შესვლისას ყოველთვის გეუფლებათ განცდა, რომ თქვენს ქვემოთ უზარმაზარი ზვიგენი დაცურავს, რომელიც რამდენიმე წამში დააღებს ხახას და... ამ სისწრაფით არასდროს გიცურიათ. ახლა ნაპირზე ხართ და საშიშროებაც არ გემუქრებათ.

ფლორიდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში დაცული დოკუმენტების თანახმად ზგვიგენის თავდასხმით დაღუპულთა რიცხვი არც ისე დიდია. ამ მიზეზით 1580 წლიდან დღემდე სულ 470 ადამიანი გარდაიცვალა (ყოველწლიურად საშუალოდ ერთი ადამიანი).

მიუხედავად საშიშროებისა ადამიანს დაუოკებელი სურვილი აქვს დათვთან, ნიანგთან, მგელთან ან ავაზასთან იმეგობროს და მოიშინაუროს.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სწრაფი ურბანული განვითარების ეპოქაში ადამიანმა ბუნებასთან კავშირი დაკარგა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ ეს ბუნებასთან ურთიერთობისა და დამოკიდებულების პირველყოფილი სურვილია. სწორედ ამიტომ, ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი ეკოტურიზმია.

ადამიანები მიილტვიან იმისკენ რომ ველური ბუნება ახლოდან, ძალიან ახლოდან ნახონ. ზოგიერთი მკვეთრი შეგრძნებების ნამდვილი მაძიებელია, მას არ სურს გრიზლი ავტობუსიდან შეათვალიეროს, ურჩევნია ახლოს მივიდეს და ხელით შეეხოს. (საინტერესო და ყველასთვის ცნობილია გრიზლის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით).

უამრავ ადგილასაა შესაძლებელი იმ გარეული ცხოველების ნახვა, რომლებიც შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს ჩვენთვის. ამ მიზნით დედამიწაზე ბევრი ხელოვნურად შექმნილი ნაკრძალი თუ ბუნებრივი რეზერვაციაა.
ისინი ჰომო საპიენსისგან შორს, ავტონომიურად ცხოვრობენ.

გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე საშიში ცხოველების ნახვა ყველაზე დაცულ და უსაფრთხო გარემოში შეიძლება.

დიდი თეთრი ზვიგენები - კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკა)



ეს ქმნილება ყველაზე საშიშ არსებად ითვლება, თუმცა მას ადამიანების ჭამას თევზები და სელაპები ურჩევნია. დიდი თეთრი ზვიგენების ახლოდან შეთვალიერება სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ე.წ. "ზვიგენების ხეივანში" შეგიძლიათ. განსბააის ძველ ნავსადგურში და მოსელის ყურეში რკინის სპეციალური გალიის დახმარებით ზვიგენების გვერდით იცურებთ. ზვიგენები ამ ადგილებს მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ, თუმცა ბევრი თეთრი ზვიგენი და საუკეთესო წყალქვეშა ხილვადობა სამხრეთ აფრიკულ ზამთარშია (მაისი-სექტემბერი).

მარილიანი წყლის ნიანგები - ნაციონალური პარკი კაკადუ (ავსტრალია)



მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა "ნიანგებზე მონადირის" ("The Crocodile Hunter") წამყავნისა და ველური ბუნების ექსპერტის სტივ ირვინის სკაროსთან ურთიერთობა ფატალურად დასრულდა (სტივ ირვინი ავსტრალიაში, კვინსლენდში, პორტ დუგლასთან ახლოს წყალქვეშა გადაღებებისას დაიღუპა) ავსტრალიის ყველაზე საშიში არსება მაინც მარილიანი წყლის ნიანგია. ამღვრეულ წყალში ბანაობისას ან მდინარის ახლოს სეირნობის დროს ყოველწლიურად სულ მცირე ერთი ადამიანი ხდება ნიანგის მსხვერპლი. ეგრეთ წოდებული “სოლთი” ჩრდილოეთ ავსტრალიის მთელ სანაპიროზე ბინადრობს, თუმცა მათ სანახავდ საუკეთესო ადგილი ნაციონალური პარკი კაკადუ და მდინარე ადელაიდასა და ყვითელი წყლების ხეობებია. საუკეთესო პერიოდი კი ავსტრალიური ზამთარი (ივნისი-აგვისტო), როდესაც ცივსისხლიანი არსებები მზის სხივებს მდინარის ნაპირზე ეფიცხებიან.
ცინიზმია, მაგრამ ადგილობრივი რესტორნების საფირმო კერძი ნიანგის სტეიკია.

ლომები - სერენგეთის მინდვრები (ტანზანია)



მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც გარეული ცხოველების თავდასხმა შემცირდა, ტანზანიაში ცხოველთა ფატალური თავდასხმების რიცხვი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთიორად გაიზარდა. 1990 წლის შემდეგ ლომების მსხვერპლი 600-მდე ადამიანი გახდა. ქვეყნის ხელისუფლება ამ სავალალო ფაქტს ლომების რაოდენობრივ ზრდას უკავშირებს.
სერენგეთის ნაციონალურ პარკში ლომების ყველაზე დიდ რაოდენობა ბინადრობს. ნაკრძალის მინდვრებზე ახლო მანძილიდანაა შესაძლებელი კატისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის ქცევაზე დაკვირვება. ყველაზე საშიში კი ღამით ლომების ღრიალის სმენაა, როცა სერენგეთის მინდვრებზე ტურისტებისთვის კარვები იშლება.

თეთრი დათვები - ჩერჩილი (მანიტობა)



ვერსად ნახავ თეთრი დათვების იმ რაოდენობას, რამდენსაც კანადაში, მანიტობას პროვინციაში. სწორედ აქ, ჰუდზონის ყურეში, ჩერჩილთან ახლოს გადის თეთრი დათვების მთავარი საემიგრაციო მარშრუტი. მხოლოდ აქ ნახავთ მშიერ, უმოქმედობით გააქტიურებულ არსებებს, რომლების საკვების საპოვნელად ყინულს უზარმაზარი ბრჭყალებით ხმაურიანად ტეხენ. დათვები თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათი თვალთვალი კი პანორამულ ფანჯრებიანი სპეციალური მანქანიდან, ე.წ. ტუნდრამობილიდანაა შესაძლებელი.

ბენგალური ვეფხვი - რათამბორ ბაი (ინდოეთი)



ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლადეშში ვეფხვის თავდასხმის მსხვერპლი ყოველწლიურად ასამდე ადამიანი ხდება. ყველა დროის ყველაზე დიდი მკვლელი ვეფხვი, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში 430 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა "ჩამპავატის ადამიანის მჭამელის" სახელითაა ცნობილი. ბუნებრივ პროცესებში ადამიანის ჩარევის შედეგად (ბენგალურ ვეფხვებზე ნადირობა უკვე ორმოცი წელია აკრძალულია) ბენგალური ვეფხვები მხოლოდ ინდოეთის ჩრდილოეთით რათამბორ ბაის საზღვართან შემორჩა. მშრალ ფართოფოთლოვან ტყეში კარგი ხილვადობაა, განსაკუთრებით ზამთრის გვალვიან პერიოდში, როდესაც კატისებრთა ოჯახის ეს უმშვენიერესი წარმომადგენლები ბუჩქებს შორის სეირნობენ. საუკეთესო ტრანსპორტი კი ინდური სპილოა.

ანაკონდა - ლიანოსის მინდვრები (ვენესუელა)



დედამიწაზე ყველაზე დიდი გველი მხოლოდ ადამიანის მჭამელი არ არის, ის მიირთმევს ყველაფერს რაც წინ ეღობება. როგორც ცნობილია ვენესუელაში, ლიანოსის მინდვრებზე მობინადრე ანაკონდას სიგრძე 9 მეტრს აღწევს, სადაც ისინი ჭაობში ჩასაფრებულები მშვიდად ელიან გულუბრყვილო წყლის გოჭს ან ადამიანს. გუამანჩი ექსპედიშენი ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც ლიანოსში ექსპედიციებს აწყობს. ტურისტებს ღამის გათევა ჰამაკში მოუწევთ, ანაკონდების ძებნა კი დაჭაობებულ მინდვრებზე დილიდან იწყება.

კომოდოს დრაკონი - ნაციონალური პარკი კომოდო (ინდონეზია)



კომოდოს დრაკონი პლანეტაზე ყველაზე ეფექტური სასიკვდილო მანქანაა. ალიგატორის ზომის ხვლიკები ჯგუფურად ნადირობენ და მსხვერპლის სუნს სამ კილომეტრზე გრძნობენ. ნანადირევს ასობით მჭრელი კბილით გლეჯენ. კომოდოს დრაკონის ნერწყვი 50-მდე სხვადსხვა ბაქტერიას შეიცავს, რომელთა საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს. ისინი თავისზე დიდ არსებებს ესხმიან თავს, მათ შორის ცხენებს, კამეჩებს და ადამიანებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცოტაა კომოდის დრაკონის მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი ის არის, რომ სამივე კუნძული სადაც ეს არსებები ბინადრობენ თითქმის დაუსახლებელია. ნაციონალური პარკი პრიმიტიულადაა მოწყობილი - ჩალით გადახურულ ქოხებში წყლის ვიწრო ჭავლი მოწანწკარებს და ელექტრო ენერგია დღეში მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ტური კომოდო (კუნძული ბალი - ნაციონალური პარკი კომოდო) გემიდან ხვლიკების დათვალიერებას და წყალქვეშ ყვინთვას ითვალისწინებს.

პირანია - ნაკრძალი საჩა (ეკვატორული ამაზონი)



პირანიების სისასტიკე მითი უფროა, ვიდრე რეალობა. ისინი არ ნადირობენ ადამიანებზე ჯგუფურად და არც მისი შეჭმა შეუძლიათ ერთ წუთში. მათ საშინლად მახვილი კბილები აქვთ და აუცილებლად შეგჭამენ თუ წყალში უმოქმედოდ დიდხანს გაჩერდებით. პირანიები ამაზონის აუზში თითქმის ყველგან ბინადრობენ, თუმცა მათ უსაფრთხო სანახავად საუკეთესო ადგილი საჩას ნაციონალური ნაკრძალია, სადაც ამ ვერცხლისფერ თევზებთან ერთად პატარა ქოხების ირგვლივ მდებარე მღვრიე ტბაში იცურებთ. თქვენ ვერასდროს გაიგებდით, რომ პირანიების გვერდით გიწევთ ცურვა, ადგილობრივი ინდიელები მათ თქვენს თვალწინ რომ არ იჭერდნენ.
შუადღის თაკარა მზეში შეგიძლიათ ჩალით გადახურულ ქოხში, ჰამაკში მოისვენოთ ან საჩას რესტორნის უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ.

გრიზლი - ნაციონალური პარკი კატმაი (ალიასკა)



"ადამიანმა გრიზლიმ", ტიმოთი ტრიდველმა კატმაის ნაციონალურ პარკში გრიზლების გარემოცვაში 13 ზაფხული გაატარა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა მისი შეჭმა არ გადაწყვიტა. უზარმაზარი დათვები ყოველ ზაფხულს ბრუქს კემპთან ახლოს იკრიბებიან და თევზებზე ნადირობენ. პარკში შესვლამდე ყველა დამთვალიერებელს უტარდება ტრენინგი, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში თუ დათვთან პირისპირ აღმოჩნდება - არ უნდა გაიქცე, უნდა ითამაშო თითქოს მკვდარი ხარ და რაც მთავარია თავის ქალა დაიცვა. ვინც გაბედავს და მარტო ესტუმრება კატმაის ნაციონალურ პარკს, თან უნდა იქონიოს პორტატული ელექტრო-მესერი, რათა კარავი გრიზლის თავდასხმისგან დაიცვას. პარკში სახლები უბრალო, მაგრამ კომფორტულია. ყველა სახლს აქვს სასეირნო ადგილი, საიდანაც დათვების ნახვა შეიძლება.

გიგანტური კალმარი - კორტესის ზღვა (მექსიკა)



ღრმა წყლის წითელი დემონი - ის ხარბად შთანთქავს ყველაფერს რაც ზღვის სიღრმეში აღმოჩნდება. იქნება ეს ზვიგენი, დელფინი თუ ადამიანი. მომაკვდინებელი, უზარმაზარი საცეცებით და მჭრელი კბილებით, გიგანტური კალმარი სახუმარო არ არის. ორი მეტრი სიგრძის კალმარი, რომლის წონაც ას კილოგრამამდეა კორტესის ზღვის სამხრეთ ნაწილში კარგი ნანადირევია. ზღვის სხვა არსებებისგან განსხვავებით, რომელთა შორის ზვიგენიც იგულისხმება, კალმარი პროვოცირების გარეშე თავდასხმას არ ერიდება და შეტევაზე პირველი გადმოდის. მყვინთავებს სპეციალური, ბრონირებული აკვალანგები აცვიათ რათა კალმარის თავდასხმისგან თავი დაიცვან.

ამ მხრივ საქართველოში სახარბიელო სიტუაციაა, ველური ცხოველებისგან თავდასხმის საშიშროება თითქმის არ არსებობს. თუ მაინც მოხდა მსგავსი შემთხვევა, შეგიძლიათ იამაყოთ თუ რასაკვირველია ცოცხალი გადარჩით, რადგან წითელ წიგნში შეტანილ ეგზემპლართან გქონიათ საქმე. საქართველოში ფოცხვერის, ჯიქის, აფთრისა და მურა დათვის რამდენიმე ეგზემპლარი ბინადრობს მხოლოდ. ვეფხვი კი მეოცე საუკუნეში განადგურდა.


Joe Yogerst, Forbes Traveler
Mon. Aug 13. 2007.

3 comments:

ჩორვენი¹³ said...

shena ra iyo Tavi neiSenel jeografiqis saitze megona! mara kaia gemoze cavikitxe amousuntqvad!

JoKey said...

საუკეთესო მკითხველი ხარ nod) კომენტარებზე აღარაფერს ვამბობ. გმადლობ ჩორვენ :)

liliko said...

ganmiaxlda indoetisa da afrikis veluri bunebis araekranidan naxvis survili.axla ufro lamazi,mimzidveli da saintereso chans,vidre sashishi.wyalqvesha eqskursiaze rom agaraferi vtqva...
p.s. rachis tyeebshi witeli mglebi moamravles.ymuilit shewuxebul kantakuntad darchenil mosaxleoba tyeshi shesvlas erideba.es arc tu usafrtxoa.