Monday, March 16, 2009

Quitter



არ მახსოვს ვინ თქვა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ანებებს მოწევას თავს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი უბრალოდ იხოცებიანო.

ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე რომ ღმერთი მწეველია. თიკო და მე სამსახურის კიბეზე ჩავდიოდით ციდან ანთებული სიგარეტი რომ ჩამოვარდა. (ან ზედა სართულზე უზრდელები მუშაობენ).

ჩემთვის მოწევა ურთიერთობის ფორმა უფროა, ვიდრე მავნე ჩვევა. სიგარეტი მშვენიერი მიგნებაა მაშინ როცა არ იცი ხელები სად წაიღო. სიმსუქნის გამო შარვლის ჯიბეები აბსოლუტურად გამოუსადეგარია ამ შემთხვევაში. ხელების შემოწყობა თავზეც შეიძლება, მაგრამ ასე სიარული რთულია.

იმასაც ამბობენ სიგარეტისთვის თავის დანებების საუკეთესო გზა უბრალოდ გადაგდებაა, ყოველგვარი თუს, დასა და მაგრამის გარეშეო. მართალიცაა! იმდენჯერ გადავწყვიტე ორშაბათიდან სიგარეტის გადაგდება, ჩამოსათვლელად თითები არ მეყოფა.

“ქვითერს ინკის” წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ მომინდა მოწევისთვის თავის დანებება, თითებსაც გავწირავდი... გადავიფიქრე!

თამბაქო კლავს და ფინჯან ჩაისთან ერთ ღერ სიგარეტს არაფერი სჯობს.
თუ სიგარეტს გადავაგდებ... და...
მაგრამ არა!

სიგარეტის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს იდიოტიო.









მწეველი ვარ!