Tuesday, May 12, 2009

პარამნეზია, ომენი, სინქრონია და ანანურის ამბავი



პოსტის აუდიო ვერსია.


Ananuri tale | Music Upload

ათასი ღმერთის ქვეყანაში ცვლილებების წიგნს ვფურცლავ.
გამახსენდი იმიტომ რომ შენ ფიქრობ ჩემზე.
ყოველთვის ვგრძნობ როდის გეფიქრები, დასანანია რომ იშვიათად ხდება ასე.

მხოლოდ მაშინ გგრძნობ, როცა პირველად შენ მიხსენებ და არასდოს მაშინ როცა ჩემს შემდეგ იწყებ ფიქრს.

ხანდახან მინდა ვთქვა რომ არ ხარ საკმარისი, მაგრამ არასდროს ვაკეთებ ამას.
რაღაცნაირი შიში მაქვს, რომ ვერ გაიგებ, არც სენტიმენტები მინდა.

და მაინც, ნორმალურია, როცა ადამიანი 24 წლის ასაკში ჯერ კიდევ ძიების პროცესშია ჩაკარგული?!
არ ვიცი, ღირს კი ამის შესახებ ბლოგზე წერა, თუმცა ფაქტია ვწერ.
არ გამოვრიცხავ კონკრეტულ პასუხებს ველოდე ყველასგან, ვისაც ერთხელ მაინც შემოუხედავს აქ.

ბუნდოვანება რთული ასატანია მოგეხსენება. რაღაც შუალედური არსებულსა და არარსებულს შორის. რაღაც გააზრებული და თან გაუგებარი. ეს ყველაფერი ძაფის აბურდულ გორგალს გავს, არავინ იცის სად არის მეორე ბოლო.

ვფიქრობ ეს არის პარამნეზია, დამთხვევა, ომენი, სინქრონია და ინტუიცია ერთად აღებული და მე.



ანანურის ამბავი

რამდენიმე დღის წინ მეგობართა ჯგუფი ანანურში წავედით. უფრო სწორად თბილისიდან გასვლისას გადავწყვიტეთ რომ final destination ანანურია.
ლიკა და მე ხიდთან შევყოვნდით ფოტოების გადასაღებად, დანარჩენებმა გზა გააგრძელეს.
გრიშას თურმე გაახსენდა რომ იქვე სახლი აქვს. ჩვენ ფოტოები გადავიღეთ, აუღებელზე ავედით და გველების ხაროც საგულდაგულოდ დავათვალიერეთ, რომელიც საიდუმლო გასასვლელია და მეტი არაფერი. ლიკამ დაიჩემა გველები ბუდობენ ბლომადო და მეც გველების ხაროდ მოვნათლე.
მერე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და აუღებელზე კიდევ ერთხელ მოგვიწია ასვლა. თან ვგიდობდი (ცუდი არაფერი იგულისხმება, გიდის ფუნქცია ვიკისრე). რაც მანამდე ლიკამ მომიყვა იმას ვყვებოდი და სიამაყით ჩავიყვანე ხალხი გველების ხაროში.

ყველაზე შტამბეჭდავი გრიშას სახლის ეზო იყო. მდინარის პირას, მწვანე მოლი, იქვე ტყემლის ხის ჩერო და ვან გოგის ყვავილები, მთები.

ცეცხლი დავანთეთ.

მოგვიანებით ლიკა და მე მთაზე ავღოღდით და ჩამოსვლისას გავარკვიეთ რომ მშვენიერი გზა ადიოდა თურმე იქამდე.



მარტოხელა სოკო, ყვითელ მინდორზე თეთრად გადაპენტილი ტყემალი და ცარიელი ფიცრული, რომელსაც ალბათ წვიმისგან თავშესაფრად იყენებდნენ ერთ დროს.

ლიკამ თქვა ერთხელაც აქ დავსახლდებიო და უცებ შევთხზეთ ისტორიაც.
მე მოლბერტს და სეღებავებს წამოვიღებ, ლამაზ ხედს შევარჩევ და დავხატავ. ლიკა სარწეველაზე ჩამოჯდება და მოქარგავს. გრიშაც მოქარგავს და სალომე ფეხის გულებზე მასაჟს გაუკეთებს. ლიკამ თქვა მასაჟის მერე დაუთბილავს კიდეც ფეხებსო.
გრიშას რომ თბილად დაიგულებს მერე ჩანაწერებს გააკეთებს გაცრეცილ ყდიან უბის წიგნაკში და გვიან ღამით, ეზოში კოცონი რომ აგიზგიზდება ხმამაღლა წაგვიკითხავს.
დათო ქალბატონ ასკლიპიოდოტას მოხვევს ხელს და ყურში ჩასჩურჩულებს რომ უყვარს იმ მთამდე სულ ბოლოში, ქვეყნის დასალიერთან რომ ჩანს და მუდმივად დათოვლილია.
ასკლიპიოდოტა გამოტყდება რომ შემთხვევით ორი კაბა ჩაუცვამს უთენია.
მსუქანი დათო ცეცხლის ჩაქრობაში დაგვეხმარება გამთენიისას, ვან გოგის ყვავილებსა და მწვანე მოლს სისველე რომ შეეპარება.



ერთ დღეს დასრულდება იდილია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არსებობს ვალდებულება – სამსახური.

მაგრამ ერთხელაც ისევ მოდის უქმეები და მე მოლბერტით, ლიკა საქარგით, გრიშა ფეხებით, სალომე გაცრეცილ ყდიანი უბის წიგნაკით, დათო ასკლიპიოდოტათი და მსუქანი დათო სავსე შარდის ბუშტით ისევ ავალთ აყვავებულ ტყემალთან.


P.S. ჩანაწერის მეორე ნაწილმა განაპირობა პირველი.
რომ არა ანანური არ იქნებოდა ასეთი ბოდვაც.

P.P.S. ანანურის ფოტო ჩემია და მე ვამაყობ ამით!

P.P.P.S. მადლობა Ravi Shankar-სა და Yehudi Menuhin-ს მუსიკალური ფონისთვის, რომ არა East Meets West და Raga Piloo სიჩუმეში მომიწევდა კითხვა.

P.P.P.P.S. აყვავებული ტყემლისა და ვან გოგის ყვავილების ფოტო ლიკასია.

P.P.P.P.P.S. მსუქანო დავით, ჯერ მხოლოდ 24-ის ვარ, ნუ მომკლლავ. ლიკამ მითხრა და თვითონაც ვიცი რომ ცეცხლის ოსტატურად ჩაქრობის გარდა არაჩვეულებრივად უკრავ გიტარაზე, მღერი, გემრიელ მწვადებს წვავ და წყლის ამოტანაშიც არ გყავს ბადალი.

Thursday, May 7, 2009

Read but keep it hush-hush!



1.5 კოლოფი სიგარეტი დღის განმავლობაში დიდი მიღწევაა. მე ვამაყობ საკუთარი თავით!

დეპრესიაში ვარ, ამჯერად მიზეზებიც მაქვს.
ხანდახან ხდება, ყურადღების მისაქცევად ათას ხრიკს მივმართავ, მაგრამ დღეს ნამდვილად დეპრესიაში ვარ!

ჩემი დეპრესიის 10 მიზეზი:

1. ნატა 48 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს ტელეფონზე, არადა მეც დასარეკი მაქვს, ანონსებია გადასანაწილებელი.

2. გიგა მეზობელ სტუდიაში სტუმრებთან ერთად. პერიოდულად ფილოსოფიური გამომეტყველებით მიდი-მოდის და ღრმად ინტელექტუალურ განცხადებებს აკეთებს. (ინტელექტუალური რათქმაუნდა ბრჭყალებში.)

3. თაკო სურამელაშვილთან ჩაწერილ დუეტს აგერ უკვე მეათედ მასმენინებს ხმამაღლა.

4. ავტორადიოს ნატალია გორული აქცენტით მემეტყველება. უნიჭოდ. მომბაძოს მაინც. (საარტისტოზე უნა ჩამებარებია.)

5. დაცვა გოჩა ტვინს ხნავს მაღალ მატერიებზე საუბრით.

6. საინფორმაციოს სტუდიის ნაუშნიკებში იმხელა ხმაზე ისმის მუზიკა, ტელევიზორის ყურება აზრს კარგავს. არადა, ნატას ტელეფონზე საუბარს ხომ არ შევაწყვეტინებ.

7. ინტერნეტი ურემივითაა! ფეისბუქზე პეტებში შევალთქო და 15 ველოდი პინოს გამოჩენას, მერე ნერვი მიმეშალა და საინ აუთის გარეშე დავხურე ბრაუზერი.

8. მშია! ანონსებზე გასულ ხალხს დავაბარე საჩმელი, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდათ, გამყიდველმა კიდე ნისიად არ გამოატანა რატომღაც და დავრჩი ასე.

9. ვალ’ო (“ლ” წერისას როგორ მოვარბილო არ ვიცი აბა) ბიძიას ყავის სმისგან აღარ ვარ. მგონი სამოვარად ვიქეცი. იდეაში თერმოსი უფრო უნდა ვიყო, მაგრამ სამოვარი უკეთ ჟღერს და.

10. ფოტოებში ამ ბოლო დროს მსუქანი ვარ. რეალურადაც!


ერთი დღისთვის საკმარისია.




P.S. ეს წუთია სამი ცალი კაი სოჩნი ღვეზელი მივირთვი.

Life's good!

Monday, May 4, 2009

Jambo Bwana



ახლა ბოდვების გუდას მოვხსნი თავს და თუ ამ ჩანაწერს ბოლომდე ჩაიკითხავ, ესე იგი გამიძელი.

ვფიქრობ კონკრეტული ქმედება არ უნდა იყოს საპასუხო ქმედებით ინსპირირებული.
გიგა ნაწყენი იყო რამდენიმე მეგობარზე რომლებსაც ერთ დროს დახმარების ხელი გაუწოდა, თქვა რომ მას არასდროს დაეხმარნენ როცა სჭირდებოდა.

ვთვლი იმასაც რომ, ნებისმიერი ურთიერთობა იქ მთავრდება სადაც ვალდებულებები იწყება.
უმთავრესი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა!

მგონია რომ ახალი ნაცნობობისას არ არის აუცილებელი პოზიორობა და თამაში, თუმცა ყოველთვის ასე ვიქცევი. პირველ შეხვედრაზე საშინლად ვღელავ და ვცდილობ განსაკუთრებულად პოზიტიური ვიყო. ალბათ მემჩნევა ოდნავი სიყალბე, თუმცა მადლობა ყველას ვინც ეს ხმამაღლა არ თქვა. (აქვე აღვნიშნავ რომ საოცრად დადებითი და ქარიზმატული ტიპი ვარ).
ოდნავ გაუგებარია, რატომ უნდა იყო განსაკუთრებული პერიოდულად და არა ყოველთვის.

როცა გაგონილ ამბავს სხვას უყვებ, მძიმედ ასატანია, მაგრამ როცა თვითონ იგონებ ამბავს და ნებსით სხვის ინტიმურ ცხოვრებაში მარცხენა ხელის ფრჩხილ-დაუჭრელ მტევანს აფათურებ, მარტივად რომ ვთქვა უხერხულია.
არადა, ჭორიკანა ადამიანს არაფერი დალევს!

ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა რომ იყოსო.
რა დასამალია და ვერაფერი გავიგე ან საკმარისად არ მინდა.

ერთხელაც, ჯამო კენიატას საერთაშორისო აეროპორტში ტრაპზევე ვიგრძნობ სერენგეთის მინდვრებიდან მოტანილ სპილოს ექსკრემენტების სასიამოვნო სურნელს და უსაშველოდ შავგვრემანი მასპინძელი, რომელსაც სავარაუდოდ აბირია ერქმევა “ჯამბო ბვანას” ამომძახებს. მე გამიხარდება, რომ სუახილზე ნათქვამი სალამი სწორად გავიგე.

პირველ ღამეს მასაი მარას ნაციონალურ პარკში, კარავში გავათევ.
ღამის სამისკენ ლომების ღრიალი გამაღვიძებს და ცეცხლით ხელში დაზაფრული გავვარდები გარეთ, იმ იმედით რომ კატისებრთა ოჯახის ამ მშვენიერ არსებებს შევაშინებ.

მანამდე, ყვითელ ბარხანებზე ფრენისას ამაყი ვიქნები, რომ ათეისტი ვარ და ისტორიულ სამშობლოს ვუბრუნდები.
უფრო მანმადე, თურქეთის ტურბულენტურ ზონაში უსირცხვილოდ ჩავიკითხავ მამაო ჩვენოს ბოლომდე და ბორტგამცილებლის სასიამოვნო ხმაზე ჩამეძინება.

უფრო მანამდე ათა თურქის აეროპორტში ორმაგ ესპრესოს მოვსვამ და ტულეტის ძებნას საათზე მეტს მოვანდომებ. მერე ხელებს საგულდაგულოდ დავიბან და უსაზღვრო რაოდენობით ლახათლუხუმს ვიყიდი, გზად თურქიშის უგემური სენდვიჩები რომ არ მივირთვა.

უფრო, უფრო მანამდე საცობად ქცეულ გაგარინს გავყურებ, სისულელეებზე ვფიქრობ და საშინლად მეძინება.