Friday, June 26, 2009

Cherry

რომ მკითხონ ლაგოდეხი რასთან ასოცირდებაო, პირველი რაც თავში მომივა მწიფე ალუბალია.



ფანჯრიდან ჩიტების ქაოტური სიმფონია და მიწის მწვანე სურნელი შემოდის... საძინებლის კართან ატუზული ირმა ჩურჩულით მეძახის... გამეღვიძა.
ოჯახის დიასახლისი სამზარეულოში ფუსფუსებს, გემრიელად რომ გვასაუზმოს.
დანარჩენები ეზოში, მწვანე ფანჩატურში სხედან და საუბრობენ.



ყველაფერი ისეთი მშობლიურია, მგონია მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული.

გეგმა მარტივია. ჯერ სოფელ თელაში თიკოს მამის აშენებულ ეკლესიას ვნახავთ, მერე ლაგოდეხის ჩანჩქერს.









წინა საღამოს ისე დავიხუნძლეთ ემოციებით. ჯერ იყო და ალაზნის ველმა და სიღნაღმა შეგვიკრა სუნთქვა, მერე ჭიაურის ტყის პრეისტორიულმა ანტურაჟმა, მოგვიანებით მთების გარდამავალმა ფერებმა... დასანანია ფოტო კამერა ისე რომ ვერ აღიქვამს ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია.
ჰოდა, იმ საღამოს გულწრფელად ვთქვი კახეთი მიყვარსთქო.









წმიდა გიორგის ეკლესიისკენ 11 საათისთვის დავიძარით. გავიარეთ შრომა, განათლება, კავშირი, გელათი, ცოდნისკარი, ჩადუნიანი, წიფლისწყარო. ტყეში წითელგუმბათიანი, თეთრი ეკლესია დგას. შტამბეჭდავი სანახაობაა.


ნაკრძალი

ტყეს კარი აქვს. ხის, სტუმართმოყვარე კარი.
ვიზიტორთა ცენტრში 15 წუთიანი ვიდეო ფილმი გვანახეს ნაკრძალზე და მერე ფეხით ავუყევით მთას.









გზად გაირკვა რომ თიკო სანდლებით იყო წამოსული, ასე რომ ჩანჩქერზე ასვლა გადავიფიქრეთ.
უახლოესი 2 კილომეტრის რადიუსში ვიმოძრავეთ და მდინარეზე გადებულ ხეზე ჩამოვსხედით მზეზე გასარუჯად. ნათია სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს და გაუნძრევლად იჯდა მდინარესთან. ირმა მინდვრის ყვავილებით მოიხიბლა და გვირილების ჩრდილში მოკალათდა უმალ. თიკო ხის მორზე იყო ჩამოყრდნობილი, მწყაზარი სახით გაჰყურებდა მდინარეს და პერიოდულად განცხადებებს აკეთებდა.











მალევე მოგვშივდა და რადგან საგზალი არ გვქონდა წაღებული სახლში დავბრუნდით. გზად გველი შეგვხვდა, თიკოს ბიძაშვილმა დაიჩემა მილის ქვეშ შეძვრაო. ბევრი ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ.
სახლამდე მწიფე ალუბლები, შავი თუთა და ტყემალი მივირთვით, ასე რომ სადილზე თითქმის დანაყრებულები მივედით.



საღამო ფანჩატურში გავატარეთ. ვიმღერეთ და მხოლოდ ჩანაწერების ნახვისას მივხვდით რომ ვყვიროდით თურმე.


დღე მესამე, მდინარეზე ბანაობის ამბავი და გზა თბილისისკენ

ჯელომ მიშველა, თორემ თიკოს სახლიდან ვერ ვძრავდით. ნახევარი საათი ვიხვეწეთ იქნებ მდინარეზე გვებანავაო. როგორც იქნა დავითანხმეთ ყველა. დიდის ამბით წავიღე პირსახოცი და საშინლად ცივ მდინარეში შევედი. ჩემს მეტს არავის უბანავია.

საღამოხანს მანქანამ მოგვაკითხა და თბილისისკენ დავიძარით.

გამომშვიდობება არ მიყვარს. გული დამწყდა. არ მინდოდა წამოსვლა. ყველაზე თბილ, ლამაზ და სტუმართმოყვარე გარემოში ვიყავი.



წამოვედით იმ იმედით რომ რამდენიმე დღეში დავბრუნდებით და შავი კლდეების ტბაზე ცხენებით ავალთ.

2 comments:

ჩორვენი¹³ said...

wow ra magari bodialli gqoniaat!!

cantchooseausername said...

გამახსენდაააა, იმ დღეების სურნელიც კი გამახსენდა, რა მაგარი იყო... :)))) ისევ აქ ვარ მე, მწიფე ალუბლებში და ჩამოდით რა :)))))))))) აღარ ჩავიცვამ სანდლებს და ჩანჩქერზეც გამოგყვებით, მწყაზარ მიმიკასაც მოვუხერხებ რამეს... :))))))