Friday, July 10, 2009

Jag är Karlsson

ყველაფერზე ვილაპარაკებ. შიშებზე, კომპლექსებზე, მაგრამ არა ტაქსისტებზე!

თანმიმდევრობას დავიცავ და შიშით დავიწყებ. ფსიქოლოგებისთვის კარგი საკბილო ვარ ვფიქრობ.
არ მეშინია ქვეწარმავლების, მწერების, უფეხოების, თავფეხიანების, ჩლიქოსნების და საერთოდ ფაუნის არცერთი წარმომადგენლის, სამაგიეროდ მეშინია ჭექა-ქუხილის. ამ დროს აგორაფობიის შეტევა მაქვს და მგონია წუთიწუთზე დამეცემა მეხი. შიში იმდენად ძლიერია, თმები ყალყზე მიდგება.

კიდევ წყლის სიღრმის შიში მაქვს. თუ ღრმად გავცურე, საკუთარ თავს ვარწმუნებ რომ ჩემს ქვემოთ რომელიღაც მითიური არსება დაცურავს, რაღაც ჰიდრას მსგავსი, ბევრი თავით და საცეცით.
ან პოსეიდონია ჩასაფრებული და დროზე თუ არ გამოვალ სამკაპს მიჩხვლეტს ფეხის გულზე. მე ტკივილისგან სპაზმი დამემართება და დავიხრჩობი.
ან დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც საერთოდ არ უჩივის მადას.

მორიგი დაუძლეველი შიში ინგლისურ ბულდოგს უკავშირდება. ძაღლის ეს ჯიში ძალიანაც მომწონს, მაგრამ თუ მას ნიღაბი უკეთია ჩათვალეთ რომ იქ დამენძრა. მადლობა ამისთვის გრიშას, დავითს, ლიკას, დიბუკსა და "unborn"-ის შემქმნელებს.
მოკლეთ საშინელებათა ფილმები ჩემი აქილევსის ქუსლია.
საღამოხანს თუ სადმე ტყიან ადგილას მოვხვდი, ჩემს ფანტაზიას გასაქანი ეძლევა.
...საკმაო მანძილი გამოვიარე. შემოდგომაა, ქვაფენილზე ყვითელი ფოთლებია მოფენილი. მზე თითქმი ჩავიდა, გარემო ბურუსშია გახვეული. საეჭვო არაფერი ხდება ირგვლივ, მაგრამ ვიღაცის მზერას ვგრძნობ. უკან ვბრუნდები და თერთმეტიოდე წლის ბიჭი დგას, ლურჯი ხელთათმანით და ეს ნაბიჭვარი ინგლისური ბულდოგი ნიღბით.
არაფერს მიშავებენ რეალურად, მაგრამ საშინელი აურა აქვთ. მე მეშინია.



კომპლექსებს რაც ეხება, მივედი იმ დასკვნამდე რომ რელიგიისადმი ჩემი დამოკიდებულება კომპლექსებს უკავშირდება. მე მელოტი ვარ და საშინელი კომპლექსი მქონდა ერთ დროს. რაც თმის ცვენა დამეწყო იმის მერე ყოველთვის რაღაც მეხურა თავზე. არ აქვს მნიშვნელობა რა, ქუდი, ფეხსაცმლის ყუთი, ცელოფნის პარკი, ქაღალდის პაკეტი, ბენდენა. ყოველთვის რაღაც მეხურა.
კარგია რომ ჩემს გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ ამის დაძლევაში. სამწუხაროდ ტუტორიალს ვერ დავწერ, როგორ დავძლიოთ სიმელოტის კომპლექსი, რადგან არ მახსოვს კონკრეტულად როგორ მოხდა ეს, მაგრამ ფაქტია ყველანაირი თავსაბურავი გავაჩუქე ან გადავაგდე.

რა შუაშია ათეიზმი სიმელოტის კომპლექსთან?! პასუხი ძალიან მარტივია. მართლმადიდებელი ეკლესია კრძალავს სალოცავში მამაკაცის ქუდით შესვლას. მეც იძულებული ვიყავი მომეხადა კეპი. დაკომპლექსებული ვიდექი ხოლმე ტაძრის კუთხეში და ჩუმად ვბუტბუტებდი მამაო ჩვენოს.

ახლა ვიტყვი სიმართლეს, რომელიც ყველაზე გამცვდარია.
მთავარია შენ გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ!

ზომიერად ფერხორციანი, სიმპათიური და ქარიზმატული მოწიფული მამაკაცი ვარ.



P.S. კარლსონები ჯერ კიდევ არსებობენ ;)

Sunday, July 5, 2009

Bodorna Trip

კოორდინატები: 42°5′19.67″N 44°42′14.6″E

რუკა: ბოდორნა

პირველ რიგში მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი.
ბოდორნა პატარა სოფელია საქართველოს სამხედრო გზაზე, დუშეთიდან 8 კილომეტრში. ყველას გაგივლიათ იქ ოდესმე თუ ყოფილხართ ანანურში, ჟინვალში, გუდაურში ან ფასანაურში.
ბოდორნის ღვთის მშობლის ეკლესია კი სოფლის ზემოთ, მთაშია. სამხედრო გზიდან ხეებში ჩაფლული ეკლესიის გუმბათი ჩანს მხოლოდ.



სალოცავამდე ორი გზა ადის. ერთი სოფელ ბოდორნადან, მეორე კი - ბაზალეთის ტბის ასახვევიდან. ვფიქრობ ბოდორნის გზა ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია ოფროუდისთვის, განსაკუთრებით წვიმაში. გზად ნაშალი ქანები, დაბურული ტყე და ქვის დიდი გოროხებია.

ჩვენ სოფლიდან ავედით. გზა რამდენჯერმე ვიკიტხეთ და დაახლოებით 15 წუთში გამოჩნდა მწვანეში ჩაფლული ექვს საუკუნოვანი ეკლესიაც. სხვათაშორის ბოდორნის ღვთისმშობლის ტაძარი XV საუკუნეში აიგო.

სოფლის სამხრეთით 15 მეტრის სიმაღლის სვეტია, რომლის წარმოშობაც ამ დრომდე უცნობია. ვარაუდობენ რომ ეს ბერის გამოსახულებაა და ადამიანების მიერაა შექმნილი. იქვე ახლოს მღვიმეა, რომელსაც მტრის შემოსევის დროს თავშესაფრად იყენებდნენ.
1390-იან წლებში თემურ ლენგის შემოსევისას არაგვის ხეობის მოსახლეობა ამ გამოქვაბულმა იხსნა.

ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა. ეზოში საშენი მასალა და ხარაჩოებია, როგორც ჩანს ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს.

საოცარი სიმშვიდეა ირგვლივ.

უახლოეს მომავალში აუცილებლად წავალ სალაშქროდ ბოდორნაში და გამოქვაბულს საგულდაგულოდ დავთვალიერებ.

ესეც ტელეფონით გადაღებული ფოტოები: