Sunday, September 27, 2009

Crap

ფიქრები 2012-ზე (ფუტურისტული სისულელე)

ასე დავკარგეთ ზაფხული. შემოდგომამ ჩაანაცვლა, რომელიც ძალიან ჰგავს ზამთარს.
არ ვიცი იქნება თუ არა გაზაფხული.
მაგრამ დარწმუნებით ვიცი, ირემი მოიტაცებს მზეს და წყვდიადი ჩამოწვება მიწაზე.
თვალებამოღამებულები ვივლით ფარნებით ხელში, დროს ერთმანეთის ძებნაში მოვკლავთ უშედეგოდ.
მერე გამოჩნდება ახალი მზე – ნიბირუ – დასასრული.

რა ეშველება ნეტავ ლონდონის ოლიმპიადას?!


პარიზი



არ მიყვარს! ბანალურად საყვარელია თითქმის ყველასთვის და მაგიტომ. “სიყვარულის ქალაქი” – იმდენჯერ ითქვა სხვადასხვა კონტექსტში რომ გახუნდა ერთიანად. თუ ვინმე პარიზიდან ჩამოდის, უსათუოდ უნდა გისახსოვროს ეიფელის კოშკი. ისევე როგორც ლონდონიდან – ბიგ ბენი, ბერლინიდან – ბრანდერბურგის ჭიშკარი, ამსტერდამიდან – უსაშველოდ ვიწრო და მაღალი სახლი...
საყვარელია ბანალურობამდე!

არადა ერთ დროს... ველოსიპედით შემოვლილი ქუჩები, თბილი კრუასანები სენას სანაპიროზე და მონპარნასის კუთხეში კაფე როტონდა მიყვარდა. მერე ვიღაცამ ეიფელის კოშკი მაჩუქა და პარიზი ასე უხილავად გაცვდა.

ბოლო რამდენიმე წელია ციურიხზე ვარ ჩაფიქრებული, ალბათ იმიტომ რომ სიმბოლო არ აქვს. არ თქვათ ახლა ტრამვაი ან ტბაო.

სიმბოლოები ჩარჩოში სვამენ ქალაქს და ერთ დიდ სტერეოტიპად აქცევენ.


სიზმარი

მიტოვებულ სანატორიუმთან ბავშვი ვნახეთ. მშობლების ძებნა დავიწყეთ მაშინვე, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ ირგვლივ. სანატორიუმი წარმოსახვით ზღვასთან იდგა და მეც მეტაფიზიკურ მეგობრებთან ერთად ვიყავი.
პატარა გოგონა გვეხვეწებოდა ტან წამიყვანეთო. უგლოები აღმოვჩნდით ყველა და დავტოვეთ.
საღამოს ერთი მიზეზით ვურეკავდით ერთმანეთს არარსებული მეგობრები, უკლებლივ ყველას გულის რევის შეგრძნება გვქონდა და საშინელი კივილი გვესმოდა დრო და დრო.

შუაღამისას ნჯღრევით გამეღვიძა.

Saturday, September 12, 2009

ბავშვობაში მეგონა რომ...



ჩორვენს დავუთაგივარ და ახლაღა ვნახე.

რთული იყო. დიდი ბატალიები და პერიპეტიები.
ჟღალთმიან გოგოს ვერ ვიშორებ, ბავშვობის ყველაზე ნათელი სახეა. სკოლის საპირფარეშოსთან მინახავს ძირითადად. ის აფხაზი იყო. ჩვენი სკოლები ერთ ეზოში იდგა და რანდევუ მხოლოდ საზიარო საპირფარეშოსთან ხერხდებოდა. პაემანი გადაჭარბებული სიტყვაა, არაფერი სერიოზული. ტუალეტში შესვლამდე ვუყურებდი ხოლმე.
ხანდახან მეფიქრება, ნეტავ როგორ არის ახლა? დიდი იქნება. ისეთივე ლამაზია როგორც მაშინ? თვითონ თუ ვახსოვარ?! სავარაუდოდ არა!

პირველი სიყვარული?! პუტკუნა გოგო, ცოტა სასაცილო. ფიზკულტურის გაკვეთილამე შიშველი ვნახე და მიხაროდა, მეგონა გავიზარდე.

მერე ომი.

მერე თბილისი. 90-იანი წლები და ფეხბურთი 35-ე სკოლაში. თამაშისას მოტეხილი ფეხის გამო გამოტოვებული ზაფხული და ასე იქცა სპორტის ეს სახეობა საძულველად.
მერე ჩოგბურთი, მოგვიანებით ბეიზბოლი და ამერიკელი ინსტრუქტორები.

პირველი სიგარეტი, სკოლის ზემოთ გორაზე. ვიკეროი ბუ და მონოქსიდი, ყველა ასე ეძახდა, რას ნიშნავს დღემდე არ ვიცი. 50 თეთრი ღირდა მგონი. როტმანსი და მორე – ყველაზე სვეცკი სიგარეტები.

პირველი ჩხუბი სკოლის დერეფანში აყრილი პარკეტებით და ჟანა მასწავლებელი, ბაკებს რომ გვაპუტავდა.
ფრანგულის ლონდა?! მოხუცი იყო და გულს ვუხეთქავდით დღეს შატალოზე ვაპირებთ წასვლასო. ვიცოდით ვერ დაგვეწეოდა მაინც, ყვირილსა და აყალმაყალსაც არ დაიწყებდა, რაფინირებული ქალი იყო.

პირველი სექსი.

ამასობაში გავიზარდე.

ამ გადასახედიდან მოსაწყენს ვერ ვუწოდებ ჩემს ბავშვობას. მშვენიერი თავგადასავალი გამომივიდა.

P.S. პოსტი დავწერე ბავშვობაზე და მერე წავიკითხე, თურმე იმაზე უნდა დამეწერა რაც ბავშვობაში მეგონა :(

P.P.S. ბავშვობაში ყველაფერი პირველად ხდება. (ფილოსოფიური ჰაზრების ფრქვევას ვერ გადავეჩვევი :P)