Saturday, October 24, 2009

დეკალოგი 6: არ ჰკლა



გინახავთ, როგორ კლავენ ღორს?

კიდურებს თოკებით უმაგრებენ, შემთხვევით ვინმე რომ არ დააზიანოს, კისერს გადაუწევენ და სასუნთქ გზას უჭრიან.
მუქი წითელი სისხლი ასხამს ირგვლივ. ღორი ფართხალებს და საშინელ ხმებს გამოსცემს. რაღაცნაირი სუნი აქვს სისხლს, უსიამოვნო, დიდხანს რჩება ყნოსვით მეხსიერებაში.
დაკლულ ღორს ხის მაგიდაზე ათავსებენ. ტვინი მუშაობას განაგრძობს, სხეულს შეგრძნებები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ მდუღარე წყალს ასხამენ და გაპუტვას იწყებენ.

დაკვლის კიდევ ერთი მეთოდია, თუმცა ამას დაკვლა არც ჰქვია. რამდენიმე ადამიანი იჭერს ცხოველს. კიდევ ერთი მძიმე საგანს, მაგალითად უროს არტყამს თავში და მერე ღორს უშვებენ.
ცხოველი ტვინის შერყევით კვდება. სხეულის სიკვდილის წინა კონვულსიები, არეული ნაბიჯები, საშინელი ხმა ისევ, მაგრამ მკვლელობა უსისხლოდ.


საქონელს?!

აბსოლუტურად იგივენაირად.

დიდ ფერმებში სპეციალური კონტეინერებია, რომელსაც ერთი მხარე მჭრელი აქვს. ძროხას შეუშვებენ შიგნით, კონტეინერიდან მხოლოდ თავი ჩანს. მერე ეს კონტრუქცია სწრაფად დატრიალდება და საქონლის თავი კონტეინერს გარეთ ვარდება.

საგულდაგულოდ აგროვებენ სისხლსაც. ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს.


ძალიან საინტერესოა კურდღლის მოკვლის ერთ-ერთი ხერხი.
ფუმფულა ბოცვერს უკანა კიდურებით იჭერ ჰაერში და მუშტს ურტყამ თავში. ორი წუთის საქმეა. მერე კიდებ და ატყავებ.
თუ ფიტულის გაკეთებას გეგმავ, ფრთხილად უნდა ჩამოატყავო. ისე, კუდიც მშვენიერი სამშვენისია.


აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ძაღლის ხორცი დელიკატესია. არასდროს მინახავს როგორ კლავენ საჭმელად ძაღლს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ჩემი პინო ვიღაცისთვის პოტენციური სადილია.

კიდევ ერთი დელიკატესი მაიმუნის ტვინია. ამბობენ რომ ცოცხალს განსაკუთრებული გემო აქვს. ამ მიზნით სპეციალური მაგიდებიც არსებობს, რომელსაც შუაში ნახვრეტი აქვს. სადილობისას, მხოლოდ მაიმუნის ქალა ჩანს. დამშეულ ადამიანებს პატარა ჩაქუჩები უჭირავთ, რომელიც მარტივად ტეხს თავის ქალას.


მე ვეგეტარიანელი ვარ და უკვე აღარ მიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ადამიანთა ნაწილს ცხოველური საკვები.

Saturday, October 17, 2009

Red White & You



თეატრში ვმუშაობ, ჩემი მაყურებელი ათასი ყურია.
ვლაპარაკობ ბევრს და ყურებად ქცეული აუდიტორიის რეაქციას ველოდები მშვიდად.
სუფლიორი - ხოჭო, ლოყაზე მაზის.

სცენაზე რომ გითხარი მიყვარხართქო, ვიცრუე. გარკვევით ეწერა სცენარში: „როცა ვუყურებ შენს თვალებ, გული დედამიწად იქცევა უმალ და გამალებით ბრუნავს. მიყვარხარ ვიდრე...“
აქ ყოველთვის ვჩერდები, სიტყვები მავიწყდება. მაგრამ მახსოვს მუხლმოყრილი უნდა ვიდგე, მოსასხამი მარჯვნივ მქონდეს გადაგდებული და მარჯვენა ხელი გულზე მედოს.
რა ბანალური სცენაა, მე ასეთ სპექტაკლს არ ვნახავდი. თან უანტარქტოდ, თან სამი საათის განმავლობაში.

სუფლიორი მუნჯია, თვალებით ცდილობს თქმას.
მე ბრმა, ჩემი სამყარო უფეროა, შავი. მხოლოდ სასიამოვნო ხმები იკვეთებიან კონტურებად.

უანტარქტო სპექტაკლის მერე ყავარჯენს ვიშველიებ სახლამდე მისასვლელად. 58 საფეხური, ლიფტი არასდროს მუშაობს, არადა ზუსტად მახსოვს ზემოდან მეოთხე ღილაკი ჩემი სართულია.
ლიფტის გარეთ სველი ტილო დევს, ზედმიწევნით სუფთა, მისის ტეილორის დაფენილი, ლავანდისა და სანდალოზის სურნელით.

სახლის კარი ლურჯია, მამამ და მე შევღებეთ ერთ დროს. მარჯვნივ ზარის ქათქათა ღილაკი. მარტო ვცხოვრობ და მაინც ვრეკავ, ყოველთვის. იმ იმედით, რომ ერთ დღეს გამიღებს ვინმე.
კარი მართლა იღება, ოღონდ არა ჩემი. მისის ტეილორის სასიამოვნო ხმა აკუსტიკურ სადარბაზოში ერთი ორად ხმოვანია . „ევანს, კიდევ კარგი მოხვედით, თორემ ჩამთვლიმა და ლამის სერიალი გამოვტოვე.“
მე მშვიდი ვარ, როგორც ყოველთვის. „საღამო მშვიდობის მისის ტეილორ. ბედნიერი ვარ, რომ უნებლიეთ დაგეხმარეთ.“

საკეტში გასაღების მორგება ყოველთვის მიჭირდა. კარის მარჯვნივ საკიდია, ლაბადას, რომელიც სავარაუდოდ რუხია, ვკიდებ. ქუდსაც.

ვცდილობ აღვიდგინო ჩემი ოთახი. რადგან დილით არ დამილაგებია, საწოლი არეული იქნება. ალილურია, ამის მიხვედრას რაღა უნდა. ღამის განმავლობაში ისე გამოვტყვერი, სადღაც რომის ბოთლიც ეგდება, არ წამაქცევს იმედია.
ტელევიზორი არ მაქვს, მხოლოდ რადიო. ყურებად ქცეული მაყურებელი ვარ, ვისმენ ბევრს და წამყვანის რეაქციას ველოდები. მე არ მყავს სუფლიორი, მომდევნო ქცევას კონკრეტული განცდა განაპირობებს. ბუნებრივია, თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მაწუხებს, ტუალეტში გავრბივარ დაუფიქრებლად. ჩაიდანი თუ გულის გამაწვრილებლად სტვენს, გაზქურას ვრთავ და ტელეფონს რეკვისას ვპასუხობ.

კიდევ რას?! უამრავ რამეს. ფანჯრებს ვწმენდ, მუდმივად დარწმუნებული რომ იდალურად ბზინავს. ჭურჭელსაც ვრეცხავ, ასევე დარწმუნებული, რომ სუფთაა, სანამ ფონდიუს ჭამისას წინა დღის ჟულიენის გემოს არ ვიგრძნობ...

უსინათლობა გამოსავალია. რომ არ დავინახო ნაგავი, სიძულვილად ქცეული ქალაქის ქუჩები, პოლიეთილენის ხეები, სიგარეტის ნამწვავების კიბე, ფეკალიებით გადავსებული მდინარე და თევზები, წყალშიც რომ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, ტროტუარზე მიგდებული ბოთლები - კოკა კოლის ალბათ და ჩემი დროის სლოგანი „წითელი, თეთრი და შენ.“

არადა ეს წითელი სადღაც გაქრა, თვალის ჩინივით.

დასანანია, რომ სმენა და ყნოსვა ჯერ კიდევ მაქვს.


Radio is "the theater of the mind." /Steve Allen/

Sunday, October 11, 2009

Give Five



რადგან ძვირფასმა სპილუკამ დამთაგა შევუდგები წერას, თორემ ისე შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ან იმპოტენცია. როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, კარგია რომ იმპოტენცია მხოლოდ შემოქმედებითია!

ოცნება 5

ეს ოცნება აუხდენელთა კატეგორიაშია.
1965 წელი, ლონდონი, ელას კონცერტი და ”Every Time We Say Goodbye”.
რა მოხდებოდა დავბადებულიყავი იმ დროს და მეცხოვრა ლონდონში, რიოში ან ოსლოში, ან სადმე სადაც ელას უმღერია.

ოცნება 4

აუხდენელი 2. ისევ 60-იანები. ჰიპების მოძრაობა, სექსუალური რევოლუცია, ფემინისტები, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა...
Make Love, Not War და Flower Power...
ტელე დებატებში მივიღებდი მონაწილეობას, ბერტრან რასელის და ვილჰელმ რაიხის სიტყვებს მოვიშველიებდი...
ჩვენ გვინდა თავისუფლება.

ოცნება 3

კენიაში მინდა - სახლში! თუნდაც ერთხელ, ცოტა ხნით. დარჩენილი ცხოვრება, ერთხელ განცდილით დავპურდები.

ოცნება 2

ამერიკის ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიაში, ლანდშაფტის დიზაინის ფაკულტეტზე მინდა სწავლა. ამ საკითხს რეალურად განვიხილავ, თუმცა ჯერ ოცნებად რჩება.

ოცნება 1

მე მინდა...