Thursday, August 12, 2010

ოტომანების ამბავი

ოტომანები დამარცხდნენ.

ნომერი გადავცვალე და არაკომფორტულიდან ბევრად კომფორტულ, ნათელ და დიდ ნომერში გადმოვედი.

მოკლედ ვიტყვი რა და როგორ. ტურის შეკვეთის მერე, დარწმუნებული ჩამოდიხარ თურქეთში, რომ საუკეთესო ზაფხული გელოდება. სასტუმროს ადმინისტრაცია ყველაზე იაფფასიან და არაკომფორტულ ნომერში გაბინავებს. უკმაყოფილო ამბობ, რომ ოთახი არ მოგწონს და სხვა გინდა, თუმცა გარწმუნებენ, რომ სეზონის პიკია და სასტუმრო გადატვირთული.
ასეთ შემთხვევაში, იგებ არის თუ არა თავისუფალი ოთახი სასტუმროში (რესეფშენში რამდენიმე ადამიანი ენაცვლება ერთმანეთს, ეკითხები იმას, ვინც შენი ამბავი არ იცის და ეუბნები, რომ სასტუმროში მეგობარს უნდა გაჩერება), გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ისვენებ ბევრად კარგ გარემოში.

დისკოთეკაზე ფუჟენს დიფ ჰაუსი ენაცვლება, ვწრუპავ JB-ს და ჩრდილოეთის ცაზე ზაფხულის სამკუთხედს ვუყურებ. დენებმა ეს ნათება დაახლოებით 3000 წლის წინ დატოვა, ფაქტია ვუყურებ ისტორიას და ასეთ დროს ყოველთვის შიში მეუფლება. ვარსკვლავებიან ცას რომ ვუყურებ ყოველთვის შიში მიპყრობს, ვხდები რამდენად პატარა ვარ.

არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი შევხვდები დასასრულს, იმიტომ რომ იღბლიანი ვარ და ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც შემხვედრია, რომელმაც წაუშლელი კვალი დატოვა, უზარმაზარი გავლენა მოახდინა, ერთიანად გამზარდა, ბევრი რამე მასწავლა და იყო ჩემთან.

ადამიანები პლასტმასის უსულო არსებებად ვიქეცით, არ ვიცი ეს უდროობისა და პოსტმოდერნის ბრალია თუ კიდევ არის სხვა მიზეზი.
რა მიხარია?! გულწრფელი და ძალდაუტანებელი საუბრები აბსოლუტურად უცნობ ადამიანებთან, კიდევ უფრო გულწრფელი ურთიერთობები ახლობლებთან. მინდა ერთ დღეს კომპლიმენტი მოვისმინო ვინმესგან, რომ მარცხენა ყურს ქვემოთ მიხატული აცტეკური მზე მშვენიერია, მეც ვეტყვი რომ შეუდარებელი ღიმილი აქვს და უძილობის მიუხედავად, ამ ღიმილმა მშვენიერ ხასიათზე დამაყენა.

თუ ძალიან ჰიპური და ძველებური (60-იანებს ვგულისხმობ რეალურად) არ იქნება, მინდა სიყვარული და მშვიდობა. მინდა ნამდვილად და არა ისე, როგორც სილამაზის კონკურსებზე, "მსოფლიო მშვიდობა" კლიშედ რომ იქცა და გაცვდა.



ხვალის ხვალ ტაჰტალიდან გადმოვხედავ მედიტერანიას და დარწმუნებული ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები მიწაზე, იმიტომ რომ იქნება მშვიდობა და სიყვარული.

ხო, კიდევ მუსიკისა და მშვიდობის სამი დღე მინდა სადმე ახლოს, რომელიც არაფრით არ იქნება გლამურული და ადამიანები ერთმანეთის საქილიკოდ კი არა, სიყვარულში გამოსატყდომად მივლენ.

დღეს, 2010 წლის 12 აგვისტოს, საბოლოოდ ვიცი ის, რაც აქამდეც მშვენივრად ვიცოდი, სიყვარული უმნიშვნელოვანესია.

Wednesday, August 11, 2010

ქემერი

მშვენივრად ვიმგზავრე, თუ გვერდით მჯდომი ქალბატონის გულყრას არ ჩავთვლი. კატაბალახას ნელსურნელებით და აპლოდისმენტების გარეშე დავეშვით ანტალიის საერთაშორისო აეროპორტში.

საპასპორტო კონტროლი გავიარე, ბარგი ავიღე და კომფორტული სამარშრუტო ტაქსით ქემერისკენ დავიძარით.

"უკვე ქემერში ვართ, ეს დასახლება ხმელთაშუა ზღვასა და ტაურუსის მთებს შორის მდებარეობს, ამიტომ ტურისტებისთვის ორმაგად მიმზიდველია,"- მშვიდი ხმა აქვს გამცილებელს და მწვანე თვალები.

კუს კუნძული გავიარეთ, ამ რეპტილიის ფორმა აქვს და მარტივად შეურჩევიათ სახელი. კუნძულზე წითელ წიგნში შეყვანილი ცისფერი თოლიები ბინადრობენ და ხელისუფლებამ ეს ზონა ვიზიტორებისთვის დაკეტა, ამიტომ ტურისტები კუნძულს იახტებით უახლოვდებიან და მისი სილამაზით შორიდან ტკბებიან.

კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ტაურუსის მთების ერთ-ერთ მწვერვალზე მდებარე რესტორანია. ზღვის დონიდან 700 მეტრამდე ავტომობილი ადის, უფრო ზემოთ კი საბაგირო გზა. რესტორანი ყოველ საათში საკუთარი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს აკეთებს, ასე რომ, ფინჯან ჩაისთან ერთად ანტალია-ქემერის ფერწერული ხედებითაც შეიძლება სიამოვნების მიღება.



სასტუმროში 11:45 საათზე ვიყავი, როგორც მითხრეს ჩექინგი განსაზღვრულ დროს 14 საათზე ხდება. დროის მოსაკლავად ჰოლში დავჯექი და მშვიდად დავიწყე ლოდინი. ზუსტად ორზე რესეპშენში მივედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნომერს ამზადებდნენ და კიდევ მომიწევდა მოცდა. საბოლოოდ 14:40 საათზე გამიყვანეს სასტუმროს გარეთ და თაბაშირ-მუყაოს ნომერში შემიყვანეს.

მოკლედ, აბაზანის კარი და საძინებლის იატაკი ერთნაირად ჭრიალებს. საწოლის გადასაფარებელს ლაქები აქვს. ოთახი დაბლია და არა სინგლი. რათქმაუნდა არ აქვს აივანი, იმიტომ, რომ პირველ სართულზე, მიწაზე დგას. თუ მეზობელ სახლში კარს კეტავენ ან ხმამაღლა საუბრობენ ყველაფერი გარკვევით ისმის.
კარგია რომ ღრმა ძილი მაქვს და ასეთი წვრილმანები არ მოქმედებს.

ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ნეგატიურზე ვკონცენტრირდები. აქ არის ზღვა, მზე, გემრიელი საჭმელები, ზღვა და მზე და კიდევ ზღვა. აქვე შემიძლია დავიფიცო, რომ ამ სასტუმროში ჩემი ფეხი აღარ იქნება.

ვფიქრობ, არ უნდა წამოვსულიყავი მარტო. ამას ვახშმისას მივხვდი. მარტო ჭამა საშინელებაა.



გუშინ ავის-ტურის გიდს, ქრისტინას შევხვდი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და დაზღვევა უნდა მქონოდა თან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაზღვევის გაკეთება დაავიწყდათ ტურისტულ სააგენტოში, ბილეთზე კი უკან დასაბრუნებელი თარიღი 16 აგვისტოს ნაცვლად 19 ეწერა.
არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ ჩემზე წვრილმანი პრობლემებიც ძალიან მოქმედებს, განსაკუთრებით დასვენების პერიოდში, როცა განტვირთვა მინდა და არა რუტინულ ყლეობებზე კონცენტრირება.



გუშინ საღამოს დროებითი სვირინგი გავიკეთე. ტარკანი კარგად მეტყველებს რუსულად, კატალოგი დავათვალიერე, აცტეკური მზე შევარჩიე. ხნა ერთ საათში ჩამოვიბანე და ყურს უკან ბორჯღალი მახატია :))



ჯერ-ჯერობით ეს არის, უახლეს ამბებს უახლოეს დღეებში მოგწერთ

კეთილი სურვილებით JoKey




P.S. ხო, სასტურმოს Arma's Beach ჰქვია, 4 ვარსკვლავიანია. შეიძლება მთავარ შენობაში კომფორტული ნომრებია, ვერაფერს დავიჩემებ