Wednesday, September 29, 2010

GQ 79, 80



ბლომად საჭმელი მომრჩა, მიმტანს შევაფუთინე და გვიან ღამით, სახლში დაბრუნებისას მაწანწალას მივეცი, 62-ე ქუჩის ბოლოში რომ დგას. გრილ ამინდში ყავისფერი ლაბადა აცვია, მარცხენა ჯიბის ზემოთ გაცრეცილი წარწერით. დათბება თუ არა - მეწამული მაისური, მუქი ლაქებით. საჭმლით სავსე ყუთს ვაწვდი და კარგ მადას ვუსურვებ. არაფერს ამბობს, არც მადლობას. ხანდახან აივნიდან ვუთვალთვალებ საქმე რომ გამომელევა ან ძველი გასართობი მომბეზრდება და ჟურნალებს სავარძლის უკან ვყრი. ბევრს არაფერს აკეთებს, სახლის კუთხეში თუ მიაფსამს და გამვლელ გოგონებს უკანალზე მოსცხებს.

ბავშვობის მერე ვერ მოვიშალე, კატალოგებისა თუ ჟურნალების თვალიერებისას იმ ნივთებს ვითვლი, რომელიც მინდა, რომ მქონდეს, საბოლოოდ სამნიშნა ციფრი გამომდის, ას რაღაცა.

მუჰამედს შავი თვალები აქვს, წარბებიც და თმაც. სულ იცინის, მე კიდევ სქელყდიან ჟურნალებს ვპარავ. ოდნავ სევდიანი რომ იყოს არაფრის დიდებით არ ვიზამდი ამას. ჩემთან ერთად გადმოვიდა აფთაუნში, მეშვიდე წელია უკვე. აბა, ქაშმირში ქვა ქვაზე აღარ დარჩაო. ამას რომ ამბობს წამით უკრთის ხოლმე თვალებში შიში და მიხარია, სიცილის გარდა სხვა რამეც შესძლებიათქო.

მოლედ, უთენია, ჩაის დავლევ თუ არა, სახლის ქვემოთ მუაჰამედის ჯიხურთან ვარ, ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი და სანამ გაზეთების გარეთ გამოლაგებითაა დაკავებული GQ-ს ან Men's Health-ს ვიპარავ. ასე ზამთარში ხდება, სამწუხაროდ ზაფხულში დასამალი ადგილი არ მაქვს. ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა ზაფხული რომ არ მიყვარს.
ყინავს, ორთქლად ვიცლები, ვიღებ ჟურნალს, პიჯაკის ქვეშ ვიდებ, ჩავახველებ, ათას რამეს მოვიმიზეზებ და რამდენიმე წუთში ჩემს წითელ სავარძელში მოკალათებული ნივთებს ვითვლი.

HP-ს ახალი, პორტატული კომპიუტერი, სენსორული ეკრანით, ჰმ, კალამიც მოყვება, ისე, ყოველი შემთხვევისთვის. ესეც 78.

მერე კაფეში ვარ, მუქი ფანჯრები რომ აქვს, არ ვიცი სახელი, ღამეა და ნეონის ნათურები მუდმივად ჩამქრალი. მოხატულ მაგიდასთან ვზივარ, თავს ზემოთ დაკიდებული მრგვალი ჭაღი მწვანედ მანათებს, ასპარაგუსის სალათს მივირთმევ და HP-ს ახალ, სენსორულ ეკრანიან, პორტატულ კომპიუტერს ჩავკირკიტებ მონდომებით. კალამი ხელში მიჭირავს, ისე ყოველი შემთხვევისთვის.

ISAIA-ს ლურჯი პიჯაკი და კვირის ბოლოსკენ დაგეგმილი სპექტაკლის პრემიერა?! 79 და 80.

GQ-ს მომდევნო ნომერში ჩემი ფოტოა, ISAIA-ს პიჯაკით მსახიობების გვერდით ვდგავარ და ვიღიმი, ვანათებ. ფოტოს ქვემოთ სახელია მითითებული და ტანსაცმლის ბრენდები ჩამოთვლილი...

რამდენი ხანია კლინიკაში აღარ დამირეკავს, ნეტავ როგორ არის დედა. სტენლი ისეთი ყურადღებიანია, ქიმიოტერაპიის კურსი ალბათ ჩვეულებისამებრ მიდის. მერე ისევ თავშესაფარში გადაიყვანენ და იქ ვნახავ. სუმბულებს ვუყიდი, ყოველთვის უყვარდა, ლარნაკსაც და საწოლის გვერდით დავდგამ. რა მათრობელა არომატი იქნება ოთახში?! დედა გაიღიმებს და სიგარეტით დაბოხებული ხმით მეტყვის, როგორ დამეკარგე ჯოზეფ. ხმას არ ამოვიღებ. რა ვუთხრა?! მიზეზები საერთოდ არ მაქვს.

ბავშვობაში უამრავი გეგმა მქონდა, ნივთებს ვითვლიდი იმიტომ, რომ მერე, დიდობაში მქონოდა. არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მექნებოდა. ახლა დიდი ვარ და ისევ ვითვლი, გეგმები აღარ მაქვს, არც რამეში ვარ დარწმუნებული.

კარს ქვემოთ, ზღურბლთან კონვერტი დამხვდა, „მისტერ ევანსს.“

ჯოზეფ,

მიზეზთა გამო ხვალ აქედან გადავდივარ. თქვენზე 672 დოლარია. 36 GQ და 48 Men's Health.

მუჰამედი


გაოგნებული ვდგავა ჰოლში. სად ჯანდაბიდან მოვიტანო 672 დოლარი.

7 comments:

Sophie Golden said...

Love it.
სურათი კი ცოტა სასაცილოა :D

tamuna said...

სასიამოვნოდ ჩავიკითხე, წერე ხოლმე რა მოთხრობები, კარგად გამოგდის :)

ისე ბევრი ნაცნობი განცდა იყო, პრობლემურ თემებზეც რაც რა ვიცი მეც განმიცდია ადრე, თუმცა რაღაცნაირად თბილია მაინც :) უფ ზამთარი მომენატრა ასწორებს და ზამთრის ოცნებები ხომ საერთოდ :)

მადლობა შენ :)

თალულა

undone said...

მაგარი სურათია ძნ ;)))

babisa said...

რაკარად იკითხებოდა :)

Anonymous said...

როცა შენს ჩანახატებს თუ ესკიზებს ვკითხულობ,კარგ ხასიათზე ვდგები,თუნდაც შინაარსი სევდიანი იყოს.თან ყოველთვის მგონია, რომ სადღაც, რომელიღაც მყუდრო, ევროპულ ქალაქში ცხოვრობ,და ირგვლივ თავისუფლებაა..მეტი მინდა დავწერო, მაგრამ მშიააააააა

Anonymous said...

უცნაურია მაგრამ დღეს გამიელვა შენი მოთხრობის კითვისას აზრმა რომ ყოველ შენს ახალ მოთხრობას თუ ჩანახატს სწორედ იმ დროს ვკითხულობ, როცა თითქმის იდენდურია ჩემი ფიქრებიც:) ალბათ ამიტომ ხარ ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მეგობარი...რაც შეეხება ამ მოთხრობას, რომელიღაც კომენტარში ვნახე, გთხოვენ, მოთხრობები წერეო და ვეთანხმები, ძალიან ლამაზი მოთხრობაა, ოდნავ სევდიანია თითქოს,მაგრამ ეს სევდა მხოლოდ ზამთრის განწყობაა პირადად ჩემთვის, გამოდის რომ სევდიანი კიარა, უბრალოდ გარეთ ცივა, მე კი თბილად მოკალათებულს მინდა ბევრი ასეთი მოთხრობა მქონდეს წასაკითხი თბილ ვისკისთან ერთად. გეგმები არ მაქვსო მოთხრობის ავტორმა - არადა მთელი 672 დოლარი გაქვს საშოვარი:) ასეა, დახვწილი გემოვნება, წიგნიერება და ჰაერივით საჭირო იუმორი არ არის იაფი...წერე რა, სულ წერე!!!

Kate said...

როგორ მიყვარს ასეთი ჩანაწერები.
არაჩვეულებრივად გამოგდის. სურათი მაგარია, ოღონდ უფრო წარწერები უნდა დაგემატებინა. რავი, ის ეგეთია ხოლმე :D