Monday, July 25, 2011

al-Qāhira



ღამის სამია, სასტუმროს მისაღებიდან ლანჩ-ბოქსები ავიღეთ.
ტოიოტას მარკის შავ ავტომობილში მძღოლის გარდა არავინ ზის. მისალმების მერე მეუბნება, რომ ქაირომდე, 500 კილომეტრიან დისტანციაზე 4 საათი და 10 წუთია საჭირო, გიდი კი იქ დაგვხვდება.

ბნელა. გზად სანახავი არაფერია. მხოლოდ უდაბნოს შორეული ჰორიზონტები და განათებული ბენზინგასამართი სადგურები. საწვავის ფასი არსად წერია.
მანქანა არამწეველებისთვისაა, ამიტომ სიგარეტის მოსაწევად ელ ზაფრანასთან გავჩერდით. საწვავის ფასიც აქ ვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ 2 ფუნტი, დაახლოებით 50 თეთრი ღირს.
ისიც გავიგე, რომ ჩვენი მძღოლის ყოველთვიური ანაზღაურება 500 ფუნტია. ვიცი, გიკვირთ, თქვენ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობთო. რადგან სტეფანი ამერიკელია, მეც შტატების ჯორჯიიდან ვგონივარ. ახსნა არ მიცდია, ადრიანი დილა იყო და მოწევაც სიჩუმეში ვარჩიე.

გამთენიისას გავიღვიძე, კისერი საშინლად მაქვს დაძაბული, თან მარცხენა საფეთქელი დაჟეჟილობისგან მტკივა. ზღვის სანაპიროს მივუყვებით. საგზაო ნიშნები ამბობენ, რომ ქაირომდე არც ისე ბევრია.

საპროტესტო აქციებისა და გახშირებული ტერაქტების გამო ჰურგადადან დედაქალაქამდე რამდენჯერმე გავიარეთ საპასპორტო კონტროლი.

7:10 საათზე უკვე ქაიროს შესასვლელთან ვართ. პირველი შთაბეჭდილება ალ ჰარამისა და გიზას დაუსრულებელი, წითელი აგურის შენობებია. უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთნაირად უსახური, დამთრგუნველი. ურბანული უდაბნო, ცარიელი, ერთფეროვანი, უინტერესო...

და შენობებს მიღმა ძალიან ნაცნობი ხედი. ჟურნალ-გაზეთებში, ინტერნეტში, ღია ბარათებზე თუ სიზმარში ათასჯერ ნანახი. გიჟივით ვაჩხაკუნებ ფოტო კამერას. უთქმელი განცდა მაქვს, რაღაც მშობლიურს, ძალიან ნაცნობს და მონატრებულს რომ უნდა შეეხო. ეიფორიის, შიშის, რიდისა და სიხარულის სინთეზია.

ელ-რემაიაზე, სასტუმრო ლე მერიდიენთან შევჩერდით, გიდს ველოდებით. მძღოლი ამბობს, რომ We have to wait, she will come soon (ცოტა ხანს მოცდა მოგვიწევს, მალე მოვა). სტერეოტიპებით სავსე წავედი აქედან და ვერაფრით წარმომიდგენია ისლამური კულტურის ქალი, რომელიც შეიძლება გიდი იყოს. ამიტომ ამ "გაუგებრობას" მძღოლის გაუმართავ ინგლისურს ვაბრალებ.
იმედგაცრუებული ვრჩები - ისეთი მწვანე თვალები აქვს, უნახავივით ვუყურებ, თან ვიცი მუსლიმ ქალებთან მხედველობითი კონტაქტი არ შეიძლება, არც ხელის ჩამორთმევა. რეალურად, ყველაფერი პირიქითაა. ხელს მართმევს, თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს და ვგრძნობ როგორ მიყვარდება, ერთი ნახვით.

პირამიდებამდე მანქანით მივედით.
არ ვიცი ზუსტად როგორ მოხდა, აქლემზე ამხედრებულს ჩალმიანი ადგილობრივი პირამიდებისკენ რომ მიმაქროლებდა. გულწრფელად მეგონა სტუმართმოყვარე ეგვიპტელის აქლემზე ვიჯექი და ასეთი დახვედრა ნორმა იყო. მოკლედ ერთი ფოტო 80 ფუნტი დამიჯდა.

***

დამუნჯებული ვუყურებ უზარმაზარ პირამიდებს. ანტიკურ ლოდებს შორის დავდივარ და მგონია ნებისმიერი ქვა ხუფუს, ხეფრენის ხმას ინახავს. ქვას თუ შევეხები, მუშების ოხვრას გავიგებ, 900 კილომეტრის იქით, ასუანიდან, მზის ნავებით მოზიდულ ლოდებს რომ ამუშავებენ. ისტორიას მოვისმენ, ისე, როგორც იყო სინამდვილეში. ექსტრატერესტრიალური არსებებისა და ზებუნებრივი ძალების გარეშე. ისეთი აურაა - ეგვიპტელების ძველ ამბებს კანით, ზურგის ტვინით, ტელეპატიურად აღვიქვავ.

სფინქსის წინ, ხეფრენის სურვილების ჭაში ერთ ფუნტიანი ჩავაგდე.

არ მემეტება ეს ადგილი დასატოვებლად, მაგრამ გაუსაძლისად ცხელა.

ტაჰრირზე მდებარე ეგვიპტურ მუზეუმამდე პაპირუსების ქარხანა, ალ ფაიედების სუნამოების საწარმო ვნახეთ და ლანჩისთვის პირამიდების ქუჩაზე მდებარე კაფეში დავსხედით.
მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი წარმოდგენები მუსლიმ ქალებზე მცდარია, ჩვეულებრივი სტერეოტიპი. სტერეოტიპები კი არასდროს არის კარგი.
სახელი ვკითხე, ღიმილით მპასუხობს, რომ ნირვანა ჰქვია, ოღონდ მუსიკის გარეშე. გარდა იმისა, რომ უსაშველოდ ლამაზია, იუმორის კარგი გრძნობაც აქვს.

ტაჰრირის საპროტესტო აქციებზე ვილაპარაკეთ. ამბობს, რომ საშინელ სიღარიბეში უწევთ ცხოვრება ქაიროს მოქალაქეებს. პირამიდებთან მომხდარი ინციდენტი, ერთი ფოტოსთვის ფული რომ გამოგძალეს აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა გასაგებიც, რადგან ამ ხალხს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, აგრესიულად თუ არ იშოვეს შემოსავალიო. ვეთანხმები, მიუხედავად იმისა ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ბოლოსდაბოლოს არ მოუპარავთ ის 80 ფუნტი, არც არავის გავუძარცვივარ, ფულის სანაცვლოდ ცოტა არ იყოს ბანალური, თუმცა მშვენიერი ფოტო მივიღე. აქლემზე ამხედრებული მე, ფონად პირამიდები.

ნირვანა ამბობს რომ "ტაჰრირ" გათავისუფლებას ნიშნავს. ქართულად დამაწერინა წიგნაკში "გათავისუფლების მოედან." ვუთხარი, რომ ჩვენც გვაქვს თბილისში ტაჰრირის მოედანი.


ქაირო კონტრასტების ქალაქია. ერთმანეთის გვერდითაა ალ ჰარამის უსახური, აგურის სახლები, სასტუმრო ფორ სიზონს, აქციებისას გადამწვარი სახელისუფლებო პარტიის შენობა, რიც კარლტონი, პირამიდები, ნაგვით სავსე ქუჩები, ფეშენებელური ავტომობილები და ხმაურიანი რიკშები, აქლემზე ამხედრებული, ჩალმიანი მამაკაცები და წითელ საცხიანი, დიდ ძუძუებიანი ევროპელი ქერა ქალები.

ტაჰრირზე სიმშვიდეა. მხოლოდ პარასკევობით იკრიბებიან და ახალი მთავრობის ახალ პოლიტიკურ კურსს აპროტესტებენ. სასიკეთო ცვლილებები არ მოხდა მალევე და იმედგაცრუებულები არიან.

ეგვიპტური მუზეუმის წითელი შენობის ეზოში ფოტოებს ვიღებ. შიგნით ანტიკური ეგვიპტის 120 ათასზე მეტი არტიფაქტია, ორიგინალები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილი ამბების გადარჩენილი მატიანეები, მთავარი გმირები, ზუსტად ისეთები, როგორც შექმნისას, თითქმის ისეთები.

და აქ, წითელი შენობის მეორე სართულზე, შევხვდი ყველაზე ძველს და ნაცნობს. არ გვენახა ერთმანეთი აგერ უკვე 3334 წელია.
ვიდექი უტყვად კარგა ხნის განმავლობაში და თვალებში ვუყურებდი ტუტანჰამონს.


ფოტო ალბომი

5 comments:

babisa said...

მუმიების მუზეუმშიც შეხვედი? დამატებით თანხა რომ ღირს? მე არ შევედი, აქაც მუმიებია და ესენიც მეყოფამეთქი, თან არავინ შევიდა ჩვენი ჯგუფიდან და მეც აღარ გამიგიჟებია ტავი.. და ეხლა ვნანობ :)

ტუტანჰამონით და ანქსუნამუნით კაი ხანს ვიყავი გატაცებული, რამდენი საინტერესო ისტორიაა, რამდენი მასალა, ეგვიპტოლოგიას რომ ჩაუღრმავდე, სიე გაგიტაცებს, ვეღარც მოსწყდები :))
btw კარგი ვიდეოებია youtube-ზე :)

გიდმა ცალი სანდალის ისტორიაზე გითხრათ რამე?

JoKey said...

სანდალზე არაფერი უთქვამს, ან მე ვერ მოვუსმინე. ტრანსში ვიყავი ამ ყველაფერს რო ვუყურებდი.
შესვლა 60 ფუნტი ღირს (ბილეთზე წერია), თუმცა ჩვენ არ გადაგვიხდია, ტურის ღირებულებაში შედიოდა.
მუმიების მუზეუმში არ შევსულვარ :)

babisa said...

აი ამასთან დაკავშირებით, იქ ყვებოდა გიდი, რომ ეს ცალ-ცალი სანდალი მათ ურთიერთსიყვარულზე მიუთითებს და სიმბოლოა ერთმანეთზე ზრუნვისო და თანასწორობის :) http://i3.squidoocdn.com/resize/squidoo_images/-1/draft_lens2808682module19053082photo_1236215945Tutankhamun-Ankhesenamun.jpg
ამ პოზაში როა , ნიშნავს , რომ ნელსაცხებელს სცხებს და პატივს სცემს და უვლისო და ა.შ. კიდევ იყო რაღაც სიმბოლოები და არ მახსოვს სრულად :))

ჰო , ეგ ბილეთი ტურში შედიოდა, ჯასთ ცალკე ოთახზე ვამბობდი, ვნანობმეთქი და ცუდია, რომ არც შენ შესულხარ..

კიდე მუზეუმის შესასვლელის პირდაპირ რომ დიდი ქანდაკებაა, ცოლ-ქმრის და შუაში პატარა ბავში რომ ჰყავთ, მაგაზე ისაუბრა ბევრი და საინტერესოდ ძალიან. აი ამაზე http://images.theage.com.au/2011/02/04/2166431/Museum-420x0.jpg შუაშჳ რომ ჩანს, დიდი ..
აჰ გამეხსნა ეხლა და შემიძია უსასრულოდ ვილაპარაკო :დ

Kate said...

აუ როგორ მაინტერესებს ეგვიპტე. მთელი ეს მუმიები, პირამიდები, აქლემები და ამბები.

Natalia said...

მე ყველაზე მეტად იმ ქალმა დამაინტერესა, ისე მინდა ვნახო, როგორია :)