Monday, July 18, 2011

Miṣr

მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციას დასაბამი რომ მდინარე ნილოსმა მისცა და ეგვიპტის ერთიანი სამეფო ქრისტემდე დაახლოებით 3200 წელს წარმოიშვა - ცნობილია ყველასთვის.
სხვადასხვა დინასტიები რომ ქვეყანას სამი ათასწლეულის განმავლობაში მართავდნენ და არაბები ჩვენი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში გამოჩდნენ, ესეც.



მე ჩემს ამბავს მოვყვები ეგვიპტეზე.

ვიზიტი სპონტანურად გადავწყვიტე და ერთადერთი ადამიანი, ვინც ერთობლივ თავგადასავალზე დავითანხმე, ჩემი მეგობარი, სტეფანი აღმოჩნდა. სხვებისგან უდროობისა თუ სხვა პრობლემის გამო, უარი მივიღე.

დღე 1 - გაცნობა

ჰურგადას აეროპორტში საღამოს თერთმეტზე დავეშვით. მფრინავი ამბობს, რომ ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსია. სიცხე ძალიან არ მიყვარს, მაგრამ წითელი ზღვის ჰავა სიურპეიზი აღმოჩნდა. რამდენადაც სანაპიროზე მუდმივად ბრიზი ქრის, ჰაერის ტემპერატურა მარტივად ასატანია.

სასტუმროში მისვლამდე ნაციონალური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი რჩევებს გვაძლევს: არ განახორციელოთ საერთაშორისო ზარები ნომრიდან, დარეკეთ სასტუმროს მისაღებიდან, სანაპიროზე გასვლისას უსათუოდ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, არ დალიოთ ონკანის წყალი, შეიძლება მომწავლელი აღმოჩნდეს..

ნომრის აივნიდან წითელი ზღვის სუნთქვის შემკვრელი ხედი ჩანს. ვახშმის მერე მალევე ვიძინებთ, უმარავი რამე გვაქვს ხვალიდან აღმოსაჩენი.

***

პლაჟზე ადრიანად გავედით. ჰილტონ პლაზას საკუთარი სანაპირო და პორტი აქვს. წყალქვეშ ცურვისთვის საჭირო მოწყობილობები თბილისიდან წავიღეთ.

ქვემოთ, სიღრმეში, ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში სხვა სამყაროა, ცოცხალი, მრავალფეროვანი. ზღვის ზღარბები ასე ახლოდან ცხოვრებაში პირველად ვნახე.

საღამოს ეგვიპტური ჰიბისკუსის ჩაი - კერკედია დავაგემოვნეთ და მომდევნო დღისთვის დაივინგ ტური დავგეგმეთ.

დღე 2 - სამოთხის კუნძული

8:20 საათი.

ეგვიპტური დროის შესახებ არასდროს არაფერი გვსმენია, ამიტომ დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას გიდს ველოდებით. როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტელები ნახევარი საათით აგვიანებენ, ცუდია, რომ ამის შესახებ წინა დღეს არაფერი უთქვამთ, მზის გულზე ლოდინი არ მოგვიწევდა.

წითელ ზღვაში მარჯნების ხუთასამდე სახეობაა, ეგვიპტის სანაპირო კი მყვინთავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული.

ხურგადას ჩრდილოეთით ელ გუნა მდებარეობს, მიმზიდველი ტურიტული ლოკაცია. იქვეა მაკადისა და სომას ყურეები - მყვინთავების მექა.

სამხრეთით ქალაქი საფაგა, ნაციონალური პარკი მაჰმია და სამოთხის კუნძული.

მოკლედ დანიშნულების ადგილი სამოთხის კუნძულია. გემ „კარტაზე“ ჩვენს გარდა გერმანელი, ამერიკელი და პოლონელი ტურისტები არიან. კაპიტანი ყვინთვის ინსტრუქტაჟს გვიტარებს.

ზვიგენებზე ვეკითხები, საშიშროება თუ არსებობს. ამბობს, რომ კუნძლებს შორის ლაგუნაში მუდმივად ბევრი ხალხია, ამიტომ ზვიგენები აქ მოსვლას ერიდებიან. დავმშვიდდი, თორემ წყალქვეშ ჩემს ფანტაზიას თუ გასაქანი მიეცა, დარწმუნებული ვარ კარგად არ დასრულდება ეს დღე.

დაახლოებით ერთ საათში ადგილზე ვართ. განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რაც სასტუმროს სანაპიროზე ვნახე წყალქვეშ, იმაზე მეტს არაფერს ველი. კარგი, ვფიქრობ, რომ ფერადი მარჯნები და რამდენიმე სახეობის თევზი დამხვდება.
ხოდა, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.

ყვინთვა ძალიან გავს ფრენას. პარაპლანით ან პარაშუტით ვისაც უფრენია, დაახლოებით მიხვდება რა განცდაზეც ვსაუბრობ. (ხო, ასოციციები გენტიკურადაა დეტერმინირებული და ამ შემტხვევაში ყველაზე მარტივი ფორმა, ნანახის გადმოსაცემად) თუმცა, ერთი დიდი განსხვავებაა - აქ ცა თხევადი და გრილია, ქვემოთ კი წარმოუდგენლად ლამაზი, მრავალფეროვანი, ენით აუწერელი სამყარო. მთები, მარჯნის ტყეები, რომელიც ცოცხლობს და სუნთქვას, ირგვლივ მილიონობით ფერადი თევზი დაცურავს და ამ გიჟურ რიტმს აყოლილი გული და გონება ემოციებს ვერ იტევს.

ყვინთვის მერე სამოთხის კუნძულზე დავბანაკდით, რომელზეც ერთადერთი ხე დგას და ისიც ხელოვნურია. გიდი ამბობს, რომ ეგვიპური საათნახევარი გვაქვს.

მთელი სანაპირო მარჯნის რიფებია, ისეთივე წარმოუდგენლად ლამაზი სამყარო, როგორიც ღია ზღვაში. შთაბეჭდილებებით სავსე და დაღლილები დავბრუნდით სასტუმროში.

საღამოს ტურ-აგენტები, ცოლ-ქმარი, ეგვიპტელი აჰმედი და რუსი ანა გავიცანით, რომლებმაც საჰარაში ჯიპ ტური შემოგვთავაზეს.


დღე 3 - საჰარა

დაახლოებით 3 საათი იქნებოდა ბედუინების სოფელში, ელ ვაჰაში რომ მივედით. ეს ადგილი სპეციალურად ტურისტებისთვის შეიქმნა, მაგრამ საერთოდ არ გავს ხელოვნურს. ყველაზე დიდ კარავში ჩაი დავლიეთ, რის შემდეგაც სოფლის და ადგილობრივების ცხოვრების წესის ნახვა შეგვეძლო. გავარკვიე, რომ ბედუინი ბავშვები არ დადიან სკოლაში, ყურანს კი მწვანე მეჩეთში სწავლობენ.

მთავარი მოედნის ერთ ბოლოში ბედუინი ქალი ტრადიციულ პურს აცხობს, მეორე ბოლოში ტურისტები აქლემებით სეირნობენ, ერთგან ხელნაკეთი სუვენირებს მაღაზიაა, ოდნავ მოშორებით ტერარიუმი, ეგვიპტური საჰარის რეპტილიებით. დიდი ხნის ნატვრა ავისრულე და თითქმის ყველა ქვეწარმავალს შევეხე.

ახლა იდეა მაქვს, ე.წ. ქვიშის თევზი (ხვლიკი, რომელიც თევზივით დაცურავს ქვიშაში) ან ქამელეონი ვიყიდო, მაგრამ ზოო მაღაზიას ჰურგადაში ჯერ-ჯერობით ვერ მივაკვლიე.

საღამოს 6 საათისთვის კვადროციკლებით გადავწყვიტეთ დაბრუნება. აღმოვაჩინე, რომ მზის ჩასვლისას უდაბნო ძალიან ჰგავს მარსის ლანდშაფტს. რეი ბრედბერის მკითხველებისთვის საღამოს საჰარა ერთი სიამოვნებაა. თვალუწვდენელი, გაშლილი სივრცე, აქა-იქ ქვიშის ბარხანები, ოდნავ შორს მთები, ქარი, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს და ჩამავალი, წითელი მზე.

საბაზისო ბანაკში დაბრუნებისას ბედუინების ცეკვა, ტანორა ვნახეთ, ძალიან ჰგავს დერვიშების თავბრუდამხვევ ტრიალს და კიდევ ერთი მშვენიერი დღეც გასრულდა.


დღე 4 – ქალაქის ცენტრი

არაფერი განსაკუთრებული. ტაქსის მძღოლი ჰურგადას ბაზარში გვეპატიჟებოდა, რაც ერთი ჩვეულებრივი მაღაზია აღმოჩნდა.

უცნაური ტრადიცია აქვთ მაღაზიის მფლობელებს. დაგპატიჟებენ ეგვიპტურ, ჰიბისკუსის ჩაიზე, ბევრს გელაპარაკებიან ყველაფერზე ერთად და ამასობაში აღმოაჩენ, რომ ათასი სისულელე იყიდე. ვაჭრობისა და ფასზე შეთანხმების პროცესი საშინლად დამღლელია, ამიტომ შოფინგისთვის თანამედროვე სუპერმარკეტში ან სავაჭრო მოლში ვიზიტი სჯობს.

ეგვიპტური სიგარეტი ყარს. მოწევა ყველგან ნებადართულია და საბოლოოდ, იმაზე მეტი მოვწიე, ვიდე ვვარაუდობდი.

სასტუმროში დაბრუნებისას აჰმედს და ანას შევხვდით, მომდევნო დღისთვის კიდევ ერთი თავგადასავალი გვინდა. ვფიქრობთ, რომ წითელ ზღვაზე თევზაობა ურიგო არ იქნება. ანა კუნძულ უტოპიაზე გამგზავრებას გვიჩევს.


დღე 5 - კუნძული უტოპია


ეს ადგილი ზუსტად ზღვის დონეზე მდებარეობს. ღამით წყლით იფარება და მხოლოდ გათენებისას ბრუნდება უკან. ამიტომ უტოპია ჰქვია. ქვიშიან სანაპიროს მარჯნის რიფები ენაცვლება. იმდენი ცოცხალი არსებაა თავმოყრილი, ყველაფერი მოძრაობს. ათასი თვალია საჭირო ზღვის ზღარბს, ვარსკვლავს ან რომელიმე მოლუსკს არ დააბიჯო ფეხი.

კუნძულისკენ ქალაქ საფაგაში მდებარე სასტუმრო ინტერკონტინენტალის პორტიდან, დაახლოებით ათ საათზე გავედით და 45 წუთში ადგილზე ვიყავით. ტურის პირველი ნაწილი ყვინთვას ითვალისწინებდა. ამჯერად ნამდვილად აღარ მქონდა რამე განსაკუთრებულის მოლოდინი და კიდევ ერთხელ მომიწია სიტყვების უკან წაღება. კუნძულიდან ასიოდე მეტრში, წყალქვეშ 15-20 მეტრის სიმაღლის მარჯნის სვეტებია, ათასფერი, სასწაული.

ირგვლივ უამრავი თევზი, უფრო ირგვლივ ღრმა, ლურჯი ზღვა. ეს ფობია ვერ მოვიშორე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მხრიდან ზვიგენის გამოჩენას ველოდები.

მშვიდობიანად დასრულდა ეს დღეც.

საღამოს პოზიტიური კონოტაციის ინგლისურ სიტყვებს ვეძებდი აჰმედისა და ანასთვის შტაბეჭდილებები რომ გამეზიარებინა.

მანამდე თევზაობაც ვცადე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა, ვერაფერი დავიჭირე.


დღე 6 - ისევ ჰურგადა

დღეს განტვირთვის დღეა. ანასთან და აჰმედთან ერთად ქალაქის ცენტრში გავედით და უილიამს შევხვდით. გვიან ღამით, დაახლოებით სამი საათისთვის გიზაში რომ წავიდეთ.

ქაიროსა და გიზას ამბავი ვრცელი და საინტერესოა, ამიტომ, გაგრძელება იქნება...

***

ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება „თრეველთაიმს“ და ნატას მადლობა არ გადავუხადო. რამდენადაც მათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, სხვა ტუროპერატორთან მისვლაზე არ მიფიქრია.

მნიშვნელოვანია, როცა მოთხოვნებს და სურვილებს გაგებით ეკიდებიან და საუკეთესოს გთავაზობენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვაზე სიამოვნებით და ამომწურავად გპასუხობენ.

P.S. ეს არ არის სარეკლამო პოსტი.
უბრალოდ, ძალიან კარგია, რომ არსებობს კომპანია, რომელსაც გულწრფელად ვენდობი.

P.P.S. ალბომების სანახავად, ქვეთავების სათაურებს ჰკლიკეთ.

3 comments:

babisa said...

ეე მიხარია, რომ ინახულე ეგვიპტე <3 ჩემი ოპერატორიც ნატა იყო, ოღონდ ენტურის ნატა
ეხლა დავფიქრდი სამსახური ხომ არ შეიცვალამეთქი და იგივე ნატა ხომ არ არის.. :))

JoKey said...

რამდენადაც ვიცი, ნატას არ უმუშავია ნ-ტურში, მაგრამ გამორიცხული არაფერია, მოგეხსენება :))
ეგვიპტე კი დაუვიწყარი იყო.

kvercxi77@gmail.com said...

გაგრძელება !!!