Wednesday, November 23, 2011

Seni seviyorum İstanbul

“აგვისტოს ბოლოს, როცა ყარყატების გუნდი გადაუფრენს სრუტეს… ვიდექი აივანზე და ვუყურებდი იისფერი მოსახვევის ჰაეროვან დაშვებას, რომელიც დილის სიოს წამობერვისას გვერდებს ხან შლიდა და ხანაც კეცავდა…”



აქ გამოვფენ ფოტოს, რომელიც გალათას კოშკიდანაა გადაღებული.
ხელის გულზე გადაშლილი სტამბული განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ტოპკაპის სასახლე, აია სოფია, ლურჯი მეჩეთი და გალათას ხიდი, ბეიოღლუს რაიონს სულთან აჰმედთან რომ აკავშირებს.
ხიდზე ალბათ ზღვისა და შემწვარი თევზის სუნია. ძუაზე მიმაგრებულ კაუჭებზე კი ქაფშიები ფართხალებენ.



მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დასაწყისში საკმაოდ ცივა, მზე მაინც ოქროსფრად ბრდღვიალებს. სხივები ციმციმებენ ოქროს რქის ყურეში. ქალაქის კონტურები მკვეთრია.
ემინონუში, დიდი ბაზრის წინ მდებარე ახალი მეჩეთი სადღესასწაულოდ მოკაზმულა თითქოს.
შორს, ჰორიზონტზე კი მინარეთები აწოწილან.



ნაპოლეონი მართალი იყო, მთელი დედამიწა რომ ერთი ქვეყანა ყოფილიყო, უსათუოდ სტამბული იქნებოდა დედაქალაქი.



ტაქსიმიდან გალათასკენ ფეხით წამოვედი.
ბეიოღლუს ქუჩები წაბლის შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი.
სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სიძველეების ქუჩაზე. ანტიკური ნივთების უზარმაზარი საცავი - რომაული ქანდაკაბები, ქვისა და ხის ნაკეთობები, ნიკელის გალიები და ტყავის ძველ სავარძელზე შემოსკუპებული შავი კატა. ეზოები და სახლები სულით, ხასიათით და განწყობით. აღმოსავლური და ანტიკურ-ევროპული ხელოვნების სინთეზი, თვალს და გონებას რომ იტაცებს.



საოცრად მშობლიური განცდა მაქვს. სავარაუდოდ ძველი ოტომანი ვარ, წინა ცხოვრებაში, 1453-ის 29 მაისს კონსტანტინოპოლის გამო ამ უბანში მიბრძოლია და გმირულად შევეწირე ალბათ ქუსტანტანიას აღებას.



ლურჯ აბრაზე წერია ჩუკურჯუმა.
ქემალ ბეი და ფუსუნი ამ ქუჩაზე დადიოდნენ ერთ დროს.
უბის წიგნაკში ჩანიშნული უმანკოების მუზეუმი აქვე დგას სადღაც. ხასხასა წითელი, ცარიელი შენობა, საოცრად მიმზიდველი აურით.
პამუკი ვისაც წაუკითხავს, ჩემსავით ფიქრობს ალბათ - ეს ქალაქი ყველაზე უკეთ ვიცი.



***

სტამბულის არქეოლოგიის მუზუმი, ანტიკური აღმოსავლეთისა და ისლამური ხელოვნების მუზეუმები.



ბაბილონის იშთარის ჭიშკრის ბარელიეფი, რომელიც ნაბუქადნეზარ მეორემ სიყვარულის, სექსისა და ომის ქალღმერთის პატივსაცემად ააშენა.
როგორც აღმოჩნდა, რეკონსტრუირებული ჭიშკარი ბერლინის პერგამონის მუზეუმშია, სტამბულის არქეოლოგიის მუზეუმში მხოლოდ ბარელიეფები ინახება.



ეგვიპტისა და ხეთების იმპერიებს მიერ გაფორმებული კადეშის სამშვიდობო შეთანხმება. ყველაზე ძველ წერილობით შეთანხმებად ითვლება.



და კონტინენტების შეხვედრის ადგილი - ბოსფორი.



P.S. სტამბულის ფოტო ალბომი