Tuesday, October 16, 2012

აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში..


საფეთქელზე ტუჩებით შემეხო და სიცხე გაქვსო გამოაცხადა. ახლა იმდენად დიდი ვარ, ძველ ხრიკებს ვერ ვიყენებ, სასაცილო ვარ, თორემ გადმოვყრიდი ცრემლებს. ბავშვობაში მუცლის ტკივილს ვიმიზეზებდი, ტირილი რომ გამემართლებინა, ახლა აღარ. არადა, ხანდახან ტირილი ისე მინდა.. იმიტომ კი არა, რომ ცუდად ვარ, პირიქით, უმიზეზოდ, უფრო სწორად, საერთოდ რომ არ დამავიწყდეს ეს ემოცია იმიტომ. 


არაფრით არ გამიშვა სამსახურში, უარესად იგრძნობ თავსო. მე დავიჩემე აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაშითქო. გადაირია, ახლავე მორჩი მაიმუნობას და შალის წინდები ამოიცვიო. თვითონ მომიქსოვა გასულ წელს, მდოგვისფერია.

ძველი ალბომი მოვქექე. არ მიყვარს ჯგუფური ფოტოები, ვამბობ რომ ჩაის ფაბრიკის ეფექტი აქვს. არადა, სულ ასეთი ფოტოებია ყდაგაქექილ მწვანე ალბომში.
აქ ფეხსაცმლის საწმენდი ღრუბლებისა და ფერადი ბრიოლინის დრო, მაშინ თმები მქონდა და ტყავის ფეხსამელსაც ვიცვამდი. უბანში სროლა თუ ატყდებოდა, სახლში შუქს რომ აქრობდნენ, ზედმეტი ყურადღება არ მივიქციოთო და სადილზე რომ არავინ გპატიჟებდა ცოცხალი თავით. მერე ჩვენ წამოვედით. 

ირენი და მე სხვა ქალაქში ძლივს ვაგნებდით საჭირო ადგილებს. ირენი ამბობდა, ჩაფსკვნილ, ლოყებღაჟღაჟა კაცს თუ ჰკითხავ მერია სად არის, უსათუოდ რომელიმე რესტორანს გაიხსენებს და ისე მიგასწავლის - რესტორან "მერიდიანოს" როგორც კი გასცდებით, ორიოდ ნაბიჯში. ბავშვებს კიდევ სათამაშოების მაღაზია და სკვერი ახსენდებათ და საორიენტაციოდაც მშვენივრად იყენებენო. ვუთხარი, რომ სტერეოტიპებით აზროვნებს.

იმ დღეს წვიმდა და ცაცხვების ხეივანში სეირნობა არ გამოგვივიდა. მეტროში ქვის იატაკზე დავსხედით და თამაში დავიწყეთ. ესკალატორზე მომავალ ადამაინებს ფეხებზე ვუყურებდით და უნდა გამოგვეცნო როგორი სახე ექნებოდა ასეთი ფეხების პატრონს. ირენმა მაჯობა, თეთრ ჩექმებიანი ქალი ზუსტად აღწერა -  ქერა თმები, ხის ჩარჩოიანი გამჭვირვალე სათვალე, წვრილი ტუჩები, თხელი ცხვირი და ვარდისფერი ყვრიმალები. ჩვენი თამაშის გმირი ირენის თანამშრომელი აღმოჩნდა. სახეში შემომცინა, კისერზე მიჩქმიტა და ქერათმიან ქალს მივარდა.

სტელა და მე ერთად ვართ ახლა.
აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში.


Saturday, August 4, 2012

Kathmandu - Bern

ლალიტპურ დისთრიქთში დავსახლდი, ერთ პატარა ოთახში, რომელიც აქაური ტრადიციული რესტორნის თავზეა. ჩემ ოთახში სანელებლების უცნაური სუნი დგას. როცა ქალაქში ფეხით სიარულით დაღლილი ჩემ წითელ ოთახში შემოხვალ, ერთი შეხედვით არაფერი გეცემა თვალში. მთელი გზა ხომ ისედაც შთაბეჭდილებებით სავსემ გამოიარე. მაგრამ ეს სანელებლების სუნი მოსვენებას არ გაძლევს. ხან შენ თავს მახსენებს, ხან საკუთარს, ხან სულ სხვებს ვიხსენებ - აი მათ ქუჩაში რომ შემხვდნენ, გაბადრული პირისახეებით, როგორც უცხოს რომ მიყურებდნენ და თვალს რომ მიკრავდნენ. მინდოდა ნამდვილი წერილი გამომეგზავნა, გაცრეცილი, მოყვითალო, მანდარინნაჭამ კონვერტით... მაგრამ დიდი დრო უნდა, შენ კიდე ჩემზე ინერვიულებ. ამიტომ აქ გწერ. მე კარგად ვარ, კატმანდუ, ნეპალი - დავრჩებოდი აქ, მთელი ცხოვრებით. შენ სტუმრად ჩამოხვიდოდი, მე სუნელებლებით სავსე ოთახში დაგაძინებდი და სამსახურში წასვლის წინ არ გაგაღვიძებდი. ხო, საჩუქარი გიყიდე. ჩამოგიტან, ამ ქალაქმა თუ გამომიშვა.

***

ბერნი ნამდვილი სუვენირია, გულის ჯიბით სატარებელი. სანამ ჩამოუთოვია, წითელ სახურავებს ვითვლი.
ალტენბერგშტრასეზე, პარკთან ახლოს ვცხოვრობ, ძველებური სახლია, პატარა აივნით. სისხამზე ძველი ქალაქის ყურებას არაფერი სჯობს. ამ დროს რეკენ ხოლმე 
საათიანი კოშკის ზარები, კრამგრასეს ბოლოში რომ დგას. გათოშილი ხელებით მიჭირავს ცხელი ფინჯანი და ანაპურნას ფერდობებზე დაკრეფილ ჩაის არომატს ვსუნთქავ. ხოდა, ვიცი, როდესმე თუ ჩამოვაღწიე შენამდე, უსათუოდ წავალთ ტიბეტში, წმინდა ტბაზე..
იცი, ცოტათი მეცოდება ჩემი თავი, ამ სილამაზეს მხოლოდ წერილობით რომ გიზიარებ და აქვე არ ხარ ახლოს. და შენც, მე რომ არ ვარ შენთან.
უთხარი კატმანდუს, რომ გაჩუქოს წითელი სარი და გამოგიშვას.


***

ამ ქალაქშიც თითქოს მხოლოდ იმიტომ ჩამოდიან, რომ გზა კატმანდუდან ტიბეტამდე მიდის. არ მთავრდება მეთქი გზა, სულ ვამბობ, მაგრამ მაინც იქით მიმიწევს გული, სადაც წესით უნდა დამთავრდეს. წავიდეთ, წავიდეთ ტიბეტში, ფეხით ვიაროთ, დავღალოთ ფეხები, მერე
გვერდზე გადავდოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, რამდენი გვივლია ერთმანეთისკენ, ერთმანეთისგან, უფრო შორს და უფრო ახლოს, მგონი დროა აქ დავასვენოთ სხეულები, სულები და წმინდა ტბაში ჩავყოთ ფეხები. ისე, თითქოს, თბილისის დაბორცვილ ქუჩაზე დამდგარ გუბეში ვჭყუმპალაობთ. ბერნში?... შორია ბერნი, ცივია ბერნი... 
პ.ს. ჩაის გამოგიგზავნი, ჩემ სუნელებიან სურნელებს გამოვატან. როცა გათოშილი ხელებით ცხელი ფინჯნიდან მოტანილ სურნელს იგრძნობ, მე გამიხსენებ .... 
კატმანდუ, 2012.



***

ახლა წარმოვიდგინე ამ წერილს როგორ წერ სუნელების არომატით სავსე ერთ პატარა ოთახში. ალბათ ცხელა მანდ, რიკშების ხმაური ისმის ხასხასა მწვანე ხის დარაბებიდან და შენც სმენად ქცეული ცდილობ თავი მოუყარო სიტყვე
ბს, მე რომ ამბავი უნდა მომიტანონ.
აქ ცივა, გლინტვეინის ამინდია, პლედის და საშობაო სიმღერების.






ეს ხომ გახსოვს?! შობას გილოცავ ძვირფასო...
ვარ ასე, ლოდინად ქცეული. არც შენ ხარ, არც თოვლი, არც საშობაო განწყობა და ღვინის გაცხელებაც მეზარება.
ხვალ შთალდერ მოდეში შევირბენ და ყველაზე ჭრელ შარფს გიყიდი დედამიწაზე, კატმანდუს ფერებს მოუხდეს მინდა.

ღამის ოთხი. ბერნი. ზამთარი



***

შენ დაწყობილი და მშვიდი ქალაქები გიყვარს, სადაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ყველაფერი, რაც გინდა. თოვლი, ბუხარი, გლინტვეინი,განათებული ქუჩები, გაღიმებული ადამიანები. მე კიდე ყველაფრის მოპოვება მინდა. სიმშვიდის და სიგიჟის ერთად. არეული სახლი მინდა, დალაგებულიც მინდა, ბევრი მუსიკა მინდა, ბევრი ყვავილი მინდა - მინდორში. შენ კომფორტული,მე არეული. შენ ბერნი,მე კატმანდუ.



***

შენ კატმანდუ, მე ბერნი..
კონტინენტები ბოსფორთან ხვდებიან ერთმანეთს. ხოდა, ჩვენც შევიკრიბოთ ერთ დღეს ჩუქურჯუმას ოცდათერთმეტში, ადრიან გაზაფხულზე, წაბლი რომ აყვავდება. სანამ გათენდება და ემინონუს მინარეთიდან მუეძინის დილის ლოცვას გავიგებთ, ვ

იდგებით გალათას ხიდზე ხელჩაკიდებული. მე შენ გიგრძნობ, შენ - მე. ღრმად ვისუნთქოთ სულთან აჰმეტიდან მონაბერი მარილიანი ჰაერი და ვაღიაროთ, რომ ბედნიერება ეს არის, სუბიექტური ბედნიერება, ჩვენი განცდებით და ემოციებით, ჩარჩოების გარეშე..





 



***



There is no corner too quiet, or too far away, for a girl to make sorrow in it , said someone, i say, for sure, that there is no corner in the space, where you are with me and i am not full of life and happiness, love you.

Monday, July 9, 2012

Carpe Diem




აგურის სახლი, თაღებიანი. ზეთისხილის, კიპარისებისა და ციტრუსის ბაღით. ზღვისა და მოთიბული ბალახის არომატით. ოქროს თითქმის ყველა ელფერით, ლაჭვარდოვანიც. სულ ცოტათი მარილიანი. გლუვი და ყურძნის მტევანივით ხორციანი.

სკამი მარჯვენა ორ ფეხზე დგას და ასე, გადახრილი სამზარეულოსკენ ვიხედები. ჩემი საძინებლის კედელი ლურჯია, მისაღების მწვანე, სამზარეულოსი თეთრი - მთელი პალიტრა მაქვს თვალწინ გადაშლილი.
სიგარეტის კვამლი თვალს მწვავს, მაგრამ არ ვახამხამებ. მგონია წამითაც რომ დავხუჭო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გამოვტოვებ.

სმენად ვარ ქცეული.

აკორდეონზე ტანგოს ბგერები თამაშობენ. ვფიქრობ, როგორ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნოტების ქაოსით - ჰარმონიულისა და მშვიდის, კანონზომიერისა და ემოციურის შექმნა იყო შესაძლებელი.
ვგრძნობ სიგარეტის ნაკვერჩხლის შეხებას მარცხენა ხელის შუა თითზე და მაინც, გარინდული, ფართოდ გახელილი თვალებით ველოდები მომენტს.

ლათინური გამონათქვამია ასეთი: სანამ ვლაპარაკობთ, დრო გადის. დაიჭირე წამი და რაც შეიძლება ნაკლებად ენდე მომავალს (Dum loquimur, fugerit invida aetas: carpe diem, quam minimum credula postero).

ცხოვრება საერთოდ არ არის მარტივი..

ბავშვობის დროინდელ ამბავს ვიხსენებ ხოლმე. თუ ერინი მეტყოდა კარს უკან დავდგები და შეგაშინებო, ეზოდან სამზარეულომდე ყველა კუთხესთან ვჩერდებოდი და ვყვიროდი: „ერინ, ვიცი მანდ დგახარ, დაგინახე, სასწრაფოდ გამოდი..“

დამღლელია შიში.

მაშინ ვფიქრობდი, რომ ერინი ცხოვრებით ტკბობის რამდენიმე წუთს მართმევდა. სამიოდე კარის გავლის შემდეგ, გულამოვარდნილი, როგორღაც მივაღწევდი სამზარეულომდე და აღმოვაჩენდი, რომ ის სადილობს, არც უფიქრია შეშინება.

სანამ პატარები ვიყავით, მამა ომში იყო და დედასთან გვეძინა, ღამით სუნთქვას ვისმენდი. ვერაფრით ვხუჭავდი თვალს, თუ რომელიმე წამით მაინც დააგვიანებდა ამოსუნთქვას. გამალებით მიცემდა გული ცუდის მოლოდინში. უზარმაზარი სიმშვიდე და სიხარული იყო, რომ ერინიც და დედაც სუნთქავდნენ.

მჯეროდა, რომ ძილში უფრო სწრაფად გადის დრო. ქალბატონი ელენი თუ დამპირდებოდა მდინარეზე წაყვანას და დედაც მომცემდა ნებას, სასწრაფოდ ვიძინებდი, რომ მდინარის დრო მალე მოსულიყო.

მარმარილოს იატაკი ცივია. კედლების სინესტეს ზურგის ტვინით ვგრძნობ. ახლა დიდი კი ვარ, მაგრამ ძველი შიშები და რწმენები მაინც დამრჩა. ღამით ლამფა ანთია და მეზობელ ოთახში სუნთქვას ვუსმენ. კარის შეღებამდე მგონია რომ იქვე, სადრაც ერინია ჩასაფრებული და ჩემს შეშინებას აპირებს.

თუ მომდევნო დღეს რაღაც მნიშვნელოვანი მელოდება, ადრიანად ვწვები და ვფიქრობ - თუ ახლა დავიძინებ, მთელი შვიდი საათია წინ. 

აჟიტირებული თვალს ვერ ვხუჭავ, ნერვიულად ვტრიალებს საწოლში და პერიოდულად საათს ვამოწმებ.

თუ ახლა დავიძინებ ექვსი საათია წინ. ფანჯრის რაფაზე რაღაც დაეცა. აბაზანის კარი გაიღო. წყალი ხმაურით ეშვება ნიჟარაში.

თუ ახლა დავიძინებ ხუთი საათია წინ. ნაბიჯების ხმას კოვზის მონოტონური ხმაური ენაცვლება. მისაღებში შუქი აინთო. ვიღაცას არ სძინავს ჩემსავით.

მე ვფიქრობ - თუ ახლა დავიძინებ, ოთხი საათია წინ.

Saturday, March 3, 2012

Friend I Know

There is only one sin, only one. And that is theft. Every other sin is a variation of theft... When you tell a lie, you steal someone's right to the truth.
Khaled Hosseini, The Kite Runner.



ბოლო ჩანაწერი 23 ნოემბერს გამიკეთებია. რასაკვირველია, არა ვარდების რევოლუციის პატივსაცემად. არ ვიცი ასე რატომ მოხდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი ბლოგი "მოგზაურის უბის წიგნაკად" იქცა, ასე, თვალსა და ხელს შუა. გადამავიწყდა, რომ უნდა ვწერო როცა კარგად ვარ და მაშინაც, როცა ძალიან კარგად ვარ. აბა, როცა ცუდი ხდება, ისედაც თავისით წერენ თითები, ტვინისა და ზებუნებრივი ძალების გარეშე.



ბოლო პერიოდის ამოჩემება ეს მუსიკაა. დღეს ვამბობდი, ბარბერს რომ არ დაეწერა, უსათუოდ მე ვიზამდითქო. არის დეპრესიულიც, მაგრამ არ ასახავს ჩემს განწყობას.

საღამოს კარგ მეგობარს შევხვდი, ძალიან კარგს და იაფფასიან ფილოსოფიას, რომ თავი დავანებო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანის ყოლა გვერდით.
წლების მერე რაღაცეები შეიცვლება, უფრო მელოტი ვიქნები, ვიდრე ახლა, ნაოჭებიც თავისას იზამენ, ხასიათიც შეიცვლება, უფრო ბუზღუნა გავხდე იქნებ, ფასეულობებიც, დამოკიდებულებებიც, შეხედულებებიც შეიცვლება, როდესმე შეიძლება მორწმუნეც გავხდე და ასე, დიდი ჯვრებითა და გულის ჯიბეში გადანახული ხატებით ვიარო, მაგრამ ის, კარგი ადამიანი, მეგობარი მაინც იქნება ჩემს გვერდით. უდიდესი ბედნიერებაა, რომ მეგობრები, როგორც ასეთი (as we know it) არსებობენ და უფრო მეტი ბედნიერება, როცა არსებობენ ახლოს, ხელშესახებ მანძილზე, ნებისმიერ დროს მზად არიან მოსმენისთვის, გაზიარებისთვის.

ჰოდა, ამ მეგობართან ვლაპარაკობდი დღეს, რაზეც გასულ წლებში მიოცნებია, როგორიც მინდოდა ჩემი ცხოვრება ყოფილიყო, ისეთია და მაინც ვერ ვარ ბედნიერითქო. იმაზე უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ ბედნიერება სუბიექტური აღქმაა, ყველა თავის ჩარჩოში სვამს და ისევე, როგორც კინო, ყველას თავისი აქვს. ვისთვის მოგზაურობაა ბედნიერება, ვისთვის შემოქმედებითი ხარჯვა და ვისთვისაც ტყავის ჩექმები (fuck me boots), მათრახი და ლითონის, წვეტიანი ბიუსტჰალტერი..

ბოლოს შევთანხმდით, იმდენად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობთ წვრილან სისულელეებს, ცხოვრებისთვის აღარ რჩება დრო, არასდროს დგება სრული კმაყოფილება. არადა, ერთი შეხდვით უმარტივესია იმას დასჯერდე კაცი, რაც მოცემულ მომენტში გაქვს, იმით იყო ბედნიერი. სავარაუდოდ ეს არის ცხოვრების საიდუმლო - არსებულით უნდა იყო კმაყოფილი და მაინც, მიდიოდე წინ და ზემოთ.

ვიცი, ფილოსოფიაა ეს ყველაფერი, ადამიანი ვერაფრით გამოიყენებს. ყველამ იცის ეს ერთგავრი ჭეშმარიტება, მაგრამ თითქმის ვერავინ ახერხებს ამ ფორმით ცხოვრებას.

თუმცა, ზუსტად ვიცი ჩემი მომავალი. კარგად განათებულ, დიდ ოთახში რამდენიმე ადამიანი წრეზე ზის. მხოლოდ მე ვდგავარ და ოდნავ მორცხვად და ოდნავაც სიამაყით ვამბობ:
- მე სოსო ვარ, ერთი კვირაა არ დამილევია.
სხვები ტაშს დაუკრავენ და მადლობას მეტყვიან გაზიარებისთვის.

მეგობრებიც ამისთვის არსებობენ, გაზიარებისთვის.