Saturday, March 3, 2012

Friend I Know

There is only one sin, only one. And that is theft. Every other sin is a variation of theft... When you tell a lie, you steal someone's right to the truth.
Khaled Hosseini, The Kite Runner.



ბოლო ჩანაწერი 23 ნოემბერს გამიკეთებია. რასაკვირველია, არა ვარდების რევოლუციის პატივსაცემად. არ ვიცი ასე რატომ მოხდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი ბლოგი "მოგზაურის უბის წიგნაკად" იქცა, ასე, თვალსა და ხელს შუა. გადამავიწყდა, რომ უნდა ვწერო როცა კარგად ვარ და მაშინაც, როცა ძალიან კარგად ვარ. აბა, როცა ცუდი ხდება, ისედაც თავისით წერენ თითები, ტვინისა და ზებუნებრივი ძალების გარეშე.



ბოლო პერიოდის ამოჩემება ეს მუსიკაა. დღეს ვამბობდი, ბარბერს რომ არ დაეწერა, უსათუოდ მე ვიზამდითქო. არის დეპრესიულიც, მაგრამ არ ასახავს ჩემს განწყობას.

საღამოს კარგ მეგობარს შევხვდი, ძალიან კარგს და იაფფასიან ფილოსოფიას, რომ თავი დავანებო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანის ყოლა გვერდით.
წლების მერე რაღაცეები შეიცვლება, უფრო მელოტი ვიქნები, ვიდრე ახლა, ნაოჭებიც თავისას იზამენ, ხასიათიც შეიცვლება, უფრო ბუზღუნა გავხდე იქნებ, ფასეულობებიც, დამოკიდებულებებიც, შეხედულებებიც შეიცვლება, როდესმე შეიძლება მორწმუნეც გავხდე და ასე, დიდი ჯვრებითა და გულის ჯიბეში გადანახული ხატებით ვიარო, მაგრამ ის, კარგი ადამიანი, მეგობარი მაინც იქნება ჩემს გვერდით. უდიდესი ბედნიერებაა, რომ მეგობრები, როგორც ასეთი (as we know it) არსებობენ და უფრო მეტი ბედნიერება, როცა არსებობენ ახლოს, ხელშესახებ მანძილზე, ნებისმიერ დროს მზად არიან მოსმენისთვის, გაზიარებისთვის.

ჰოდა, ამ მეგობართან ვლაპარაკობდი დღეს, რაზეც გასულ წლებში მიოცნებია, როგორიც მინდოდა ჩემი ცხოვრება ყოფილიყო, ისეთია და მაინც ვერ ვარ ბედნიერითქო. იმაზე უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ ბედნიერება სუბიექტური აღქმაა, ყველა თავის ჩარჩოში სვამს და ისევე, როგორც კინო, ყველას თავისი აქვს. ვისთვის მოგზაურობაა ბედნიერება, ვისთვის შემოქმედებითი ხარჯვა და ვისთვისაც ტყავის ჩექმები (fuck me boots), მათრახი და ლითონის, წვეტიანი ბიუსტჰალტერი..

ბოლოს შევთანხმდით, იმდენად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობთ წვრილან სისულელეებს, ცხოვრებისთვის აღარ რჩება დრო, არასდროს დგება სრული კმაყოფილება. არადა, ერთი შეხდვით უმარტივესია იმას დასჯერდე კაცი, რაც მოცემულ მომენტში გაქვს, იმით იყო ბედნიერი. სავარაუდოდ ეს არის ცხოვრების საიდუმლო - არსებულით უნდა იყო კმაყოფილი და მაინც, მიდიოდე წინ და ზემოთ.

ვიცი, ფილოსოფიაა ეს ყველაფერი, ადამიანი ვერაფრით გამოიყენებს. ყველამ იცის ეს ერთგავრი ჭეშმარიტება, მაგრამ თითქმის ვერავინ ახერხებს ამ ფორმით ცხოვრებას.

თუმცა, ზუსტად ვიცი ჩემი მომავალი. კარგად განათებულ, დიდ ოთახში რამდენიმე ადამიანი წრეზე ზის. მხოლოდ მე ვდგავარ და ოდნავ მორცხვად და ოდნავაც სიამაყით ვამბობ:
- მე სოსო ვარ, ერთი კვირაა არ დამილევია.
სხვები ტაშს დაუკრავენ და მადლობას მეტყვიან გაზიარებისთვის.

მეგობრებიც ამისთვის არსებობენ, გაზიარებისთვის.

5 comments:

ბუშკა said...

ცხოვრებისეული ბედნიერების ზემოთხსენებული ფორმულა არარეალური უნდა იყოს: არსებულით ბედნიერი ადამიანი წინ აღარ მიიწევს , ან მიიწევს კუს ნაბიჯებით.

JoKey said...

მოცემულობაში კი არ არის ასე, ვვარაუდობ, ცხოვრების საიდუმლოც ეს არის - არსებულით იყო კმაყოფილი და მაინც, მიდიოდე წინ და ზემოთთქო :)
მართალი ხარ ისე, კმაყოფილებას მუდმივად ახლავს ინერტულობაც.

Anonymous said...

უდიდესი ბედნიერებაა, რომ მეგობრები, როგორც ასეთი (as we know it) არსებობენ და უფრო მეტი ბედნიერება, როცა არსებობენ ახლოს, ხელშესახებ მანძილზე, ნებისმიერ დროს მზად არიან მოსმენისთვის, გაზიარებისთვის..

ასეთი ეგოისტური პოსტი არსად არასდროს წამიკიტხავს!

JoKey said...

შეგვიძლია ვიკამათოთ :)

Anonymous said...

თუ კამათში იბადება ჭეშმარიტება,კიბატონო :)