Monday, July 9, 2012

Carpe Diem




აგურის სახლი, თაღებიანი. ზეთისხილის, კიპარისებისა და ციტრუსის ბაღით. ზღვისა და მოთიბული ბალახის არომატით. ოქროს თითქმის ყველა ელფერით, ლაჭვარდოვანიც. სულ ცოტათი მარილიანი. გლუვი და ყურძნის მტევანივით ხორციანი.

სკამი მარჯვენა ორ ფეხზე დგას და ასე, გადახრილი სამზარეულოსკენ ვიხედები. ჩემი საძინებლის კედელი ლურჯია, მისაღების მწვანე, სამზარეულოსი თეთრი - მთელი პალიტრა მაქვს თვალწინ გადაშლილი.
სიგარეტის კვამლი თვალს მწვავს, მაგრამ არ ვახამხამებ. მგონია წამითაც რომ დავხუჭო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გამოვტოვებ.

სმენად ვარ ქცეული.

აკორდეონზე ტანგოს ბგერები თამაშობენ. ვფიქრობ, როგორ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნოტების ქაოსით - ჰარმონიულისა და მშვიდის, კანონზომიერისა და ემოციურის შექმნა იყო შესაძლებელი.
ვგრძნობ სიგარეტის ნაკვერჩხლის შეხებას მარცხენა ხელის შუა თითზე და მაინც, გარინდული, ფართოდ გახელილი თვალებით ველოდები მომენტს.

ლათინური გამონათქვამია ასეთი: სანამ ვლაპარაკობთ, დრო გადის. დაიჭირე წამი და რაც შეიძლება ნაკლებად ენდე მომავალს (Dum loquimur, fugerit invida aetas: carpe diem, quam minimum credula postero).

ცხოვრება საერთოდ არ არის მარტივი..

ბავშვობის დროინდელ ამბავს ვიხსენებ ხოლმე. თუ ერინი მეტყოდა კარს უკან დავდგები და შეგაშინებო, ეზოდან სამზარეულომდე ყველა კუთხესთან ვჩერდებოდი და ვყვიროდი: „ერინ, ვიცი მანდ დგახარ, დაგინახე, სასწრაფოდ გამოდი..“

დამღლელია შიში.

მაშინ ვფიქრობდი, რომ ერინი ცხოვრებით ტკბობის რამდენიმე წუთს მართმევდა. სამიოდე კარის გავლის შემდეგ, გულამოვარდნილი, როგორღაც მივაღწევდი სამზარეულომდე და აღმოვაჩენდი, რომ ის სადილობს, არც უფიქრია შეშინება.

სანამ პატარები ვიყავით, მამა ომში იყო და დედასთან გვეძინა, ღამით სუნთქვას ვისმენდი. ვერაფრით ვხუჭავდი თვალს, თუ რომელიმე წამით მაინც დააგვიანებდა ამოსუნთქვას. გამალებით მიცემდა გული ცუდის მოლოდინში. უზარმაზარი სიმშვიდე და სიხარული იყო, რომ ერინიც და დედაც სუნთქავდნენ.

მჯეროდა, რომ ძილში უფრო სწრაფად გადის დრო. ქალბატონი ელენი თუ დამპირდებოდა მდინარეზე წაყვანას და დედაც მომცემდა ნებას, სასწრაფოდ ვიძინებდი, რომ მდინარის დრო მალე მოსულიყო.

მარმარილოს იატაკი ცივია. კედლების სინესტეს ზურგის ტვინით ვგრძნობ. ახლა დიდი კი ვარ, მაგრამ ძველი შიშები და რწმენები მაინც დამრჩა. ღამით ლამფა ანთია და მეზობელ ოთახში სუნთქვას ვუსმენ. კარის შეღებამდე მგონია რომ იქვე, სადრაც ერინია ჩასაფრებული და ჩემს შეშინებას აპირებს.

თუ მომდევნო დღეს რაღაც მნიშვნელოვანი მელოდება, ადრიანად ვწვები და ვფიქრობ - თუ ახლა დავიძინებ, მთელი შვიდი საათია წინ. 

აჟიტირებული თვალს ვერ ვხუჭავ, ნერვიულად ვტრიალებს საწოლში და პერიოდულად საათს ვამოწმებ.

თუ ახლა დავიძინებ ექვსი საათია წინ. ფანჯრის რაფაზე რაღაც დაეცა. აბაზანის კარი გაიღო. წყალი ხმაურით ეშვება ნიჟარაში.

თუ ახლა დავიძინებ ხუთი საათია წინ. ნაბიჯების ხმას კოვზის მონოტონური ხმაური ენაცვლება. მისაღებში შუქი აინთო. ვიღაცას არ სძინავს ჩემსავით.

მე ვფიქრობ - თუ ახლა დავიძინებ, ოთხი საათია წინ.