Saturday, August 4, 2012

Kathmandu - Bern

ლალიტპურ დისთრიქთში დავსახლდი, ერთ პატარა ოთახში, რომელიც აქაური ტრადიციული რესტორნის თავზეა. ჩემ ოთახში სანელებლების უცნაური სუნი დგას. როცა ქალაქში ფეხით სიარულით დაღლილი ჩემ წითელ ოთახში შემოხვალ, ერთი შეხედვით არაფერი გეცემა თვალში. მთელი გზა ხომ ისედაც შთაბეჭდილებებით სავსემ გამოიარე. მაგრამ ეს სანელებლების სუნი მოსვენებას არ გაძლევს. ხან შენ თავს მახსენებს, ხან საკუთარს, ხან სულ სხვებს ვიხსენებ - აი მათ ქუჩაში რომ შემხვდნენ, გაბადრული პირისახეებით, როგორც უცხოს რომ მიყურებდნენ და თვალს რომ მიკრავდნენ. მინდოდა ნამდვილი წერილი გამომეგზავნა, გაცრეცილი, მოყვითალო, მანდარინნაჭამ კონვერტით... მაგრამ დიდი დრო უნდა, შენ კიდე ჩემზე ინერვიულებ. ამიტომ აქ გწერ. მე კარგად ვარ, კატმანდუ, ნეპალი - დავრჩებოდი აქ, მთელი ცხოვრებით. შენ სტუმრად ჩამოხვიდოდი, მე სუნელებლებით სავსე ოთახში დაგაძინებდი და სამსახურში წასვლის წინ არ გაგაღვიძებდი. ხო, საჩუქარი გიყიდე. ჩამოგიტან, ამ ქალაქმა თუ გამომიშვა.

***

ბერნი ნამდვილი სუვენირია, გულის ჯიბით სატარებელი. სანამ ჩამოუთოვია, წითელ სახურავებს ვითვლი.
ალტენბერგშტრასეზე, პარკთან ახლოს ვცხოვრობ, ძველებური სახლია, პატარა აივნით. სისხამზე ძველი ქალაქის ყურებას არაფერი სჯობს. ამ დროს რეკენ ხოლმე 
საათიანი კოშკის ზარები, კრამგრასეს ბოლოში რომ დგას. გათოშილი ხელებით მიჭირავს ცხელი ფინჯანი და ანაპურნას ფერდობებზე დაკრეფილ ჩაის არომატს ვსუნთქავ. ხოდა, ვიცი, როდესმე თუ ჩამოვაღწიე შენამდე, უსათუოდ წავალთ ტიბეტში, წმინდა ტბაზე..
იცი, ცოტათი მეცოდება ჩემი თავი, ამ სილამაზეს მხოლოდ წერილობით რომ გიზიარებ და აქვე არ ხარ ახლოს. და შენც, მე რომ არ ვარ შენთან.
უთხარი კატმანდუს, რომ გაჩუქოს წითელი სარი და გამოგიშვას.


***

ამ ქალაქშიც თითქოს მხოლოდ იმიტომ ჩამოდიან, რომ გზა კატმანდუდან ტიბეტამდე მიდის. არ მთავრდება მეთქი გზა, სულ ვამბობ, მაგრამ მაინც იქით მიმიწევს გული, სადაც წესით უნდა დამთავრდეს. წავიდეთ, წავიდეთ ტიბეტში, ფეხით ვიაროთ, დავღალოთ ფეხები, მერე
გვერდზე გადავდოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, რამდენი გვივლია ერთმანეთისკენ, ერთმანეთისგან, უფრო შორს და უფრო ახლოს, მგონი დროა აქ დავასვენოთ სხეულები, სულები და წმინდა ტბაში ჩავყოთ ფეხები. ისე, თითქოს, თბილისის დაბორცვილ ქუჩაზე დამდგარ გუბეში ვჭყუმპალაობთ. ბერნში?... შორია ბერნი, ცივია ბერნი... 
პ.ს. ჩაის გამოგიგზავნი, ჩემ სუნელებიან სურნელებს გამოვატან. როცა გათოშილი ხელებით ცხელი ფინჯნიდან მოტანილ სურნელს იგრძნობ, მე გამიხსენებ .... 
კატმანდუ, 2012.



***

ახლა წარმოვიდგინე ამ წერილს როგორ წერ სუნელების არომატით სავსე ერთ პატარა ოთახში. ალბათ ცხელა მანდ, რიკშების ხმაური ისმის ხასხასა მწვანე ხის დარაბებიდან და შენც სმენად ქცეული ცდილობ თავი მოუყარო სიტყვე
ბს, მე რომ ამბავი უნდა მომიტანონ.
აქ ცივა, გლინტვეინის ამინდია, პლედის და საშობაო სიმღერების.






ეს ხომ გახსოვს?! შობას გილოცავ ძვირფასო...
ვარ ასე, ლოდინად ქცეული. არც შენ ხარ, არც თოვლი, არც საშობაო განწყობა და ღვინის გაცხელებაც მეზარება.
ხვალ შთალდერ მოდეში შევირბენ და ყველაზე ჭრელ შარფს გიყიდი დედამიწაზე, კატმანდუს ფერებს მოუხდეს მინდა.

ღამის ოთხი. ბერნი. ზამთარი



***

შენ დაწყობილი და მშვიდი ქალაქები გიყვარს, სადაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ყველაფერი, რაც გინდა. თოვლი, ბუხარი, გლინტვეინი,განათებული ქუჩები, გაღიმებული ადამიანები. მე კიდე ყველაფრის მოპოვება მინდა. სიმშვიდის და სიგიჟის ერთად. არეული სახლი მინდა, დალაგებულიც მინდა, ბევრი მუსიკა მინდა, ბევრი ყვავილი მინდა - მინდორში. შენ კომფორტული,მე არეული. შენ ბერნი,მე კატმანდუ.



***

შენ კატმანდუ, მე ბერნი..
კონტინენტები ბოსფორთან ხვდებიან ერთმანეთს. ხოდა, ჩვენც შევიკრიბოთ ერთ დღეს ჩუქურჯუმას ოცდათერთმეტში, ადრიან გაზაფხულზე, წაბლი რომ აყვავდება. სანამ გათენდება და ემინონუს მინარეთიდან მუეძინის დილის ლოცვას გავიგებთ, ვ

იდგებით გალათას ხიდზე ხელჩაკიდებული. მე შენ გიგრძნობ, შენ - მე. ღრმად ვისუნთქოთ სულთან აჰმეტიდან მონაბერი მარილიანი ჰაერი და ვაღიაროთ, რომ ბედნიერება ეს არის, სუბიექტური ბედნიერება, ჩვენი განცდებით და ემოციებით, ჩარჩოების გარეშე..





 



***



There is no corner too quiet, or too far away, for a girl to make sorrow in it , said someone, i say, for sure, that there is no corner in the space, where you are with me and i am not full of life and happiness, love you.

7 comments:

ჩორვენი¹³ said...

<3

Anonymous said...

აუაუ, რა კარგია!! კარგები ხართ!! აუ, რა!!

თამუნა said...

ამ ზამთარს მაინც წავალ კატმანდუში, აუცილებლად :) შეიძლება ბერნში არა, მაგრამ მიუნხენში მელოდებოდნენ მაგ დროს :)

Anonymous said...

ახლა რა ხდება თქვენსას??
სად ხართ ან ერთი ან მეორე??

Joseph Katsitadze said...

ახლაც სხვაგან ვართ. მეც სხვაგან, ისიც სხვაგან :)

Anonymous said...

პერიოდულად ვბრუნდები ხოლმე ამ პოსტთან.. ვკითხულობ ნელა და ვცდილობ, წარმოვიდგინო, სად, როგორ.. ცხადია, სუბიექტურად..

შეხვდით ჩუქურჯუმას 31-ში?
როგორ სრულდებიან მსგავსი ამბები?

Joseph Katsitadze said...

განზოგადება სასტიკად არ მიყვარს, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთ ამბებს, დრამატული ფინალი აქვთ )