Wednesday, August 10, 2016

ცა უფრო მუქია.

მგონი დღეები და ღამეები რომ ერთმანეთს ჰგვანან, ჩვევაა და მეტი არაფერი. შეიძლება საერთოდ არ მაწუხებს ინსომნია, უბრალოდ აბების გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ძილი. ე.წ. კუნთების მეხსიერებად იქცა, რომ რაღაც უნდა გადავყლაპო, ვიდრე თვალებს დავხუჭავ. ლოცვასავითაა, ვიღაც რომ ბუტბუტებს ჭამის წინ, თუმცა არ ფიქრობს რატომ.

დღეს "ქალების სიგარეტი" ვიყიდე. უსაშველოდ პატარა კოლოფში, უსაშველოდ წვრილი ღერები დევს. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა ქალებისააო. შეფუთვაც რაღაცნაირი აქვს, "ქალური" - ვარდისფერი, იისფერი ან მწვანე მაქმანებით მოვარაყებული - მსუბუქი, ძლიერი და მენთოლის. იისფერი ძლიერი ქალებისაა, მარტო რომ ზრდიან შვილებს, მუშაობენ, არასდროს ამბობენ უარს ოცნებებზე... ვარდისფერი, სავარაუდოდ, გაუთხოვარი გოგოებისთვისა, მოწევა რომ ცოტა ხნის წინ დაიწყეს ან დაოჯახებული ქალებისთვის, ქმარი რომ მოწევის ნებას რთავს, სალონებში ხშირად დადიან და დიდი ამბით ცდილობენ სილამაზის გამეფებულ სტანდარტებში რაღაცნაირად ჩაჯდნენ...  
რადგან გენდერული პოლიტიკა და იარლიყები არასდროს ყოფილა გასაგები, ვიყიდე.    


ჰოდა, უძილობა რაღაცნაირია. ენით აუწერლად მძიმე და მომაბეზრებელი. მილიარდ წვრილმანზე რომ მაფიქრებს, თუ ცხადია საქმე არ მაქვს. თუმცა ხანდახან საქმეზე კონცენტრაციაც არაა მარტივი. ჩემი სახლის მუქი ფერებიც თავისას შვება. მირჩევნია ფეისბუქის კედლები ვსქროლო, ვიდრე საქმე ვაკეთო. აიფედში ათასი სისულელე ვითამაშო, ოღონდ არ წავიკითხო. თითქმის უსასრულო ჩამონათვალია.  

ბუნებრივია, უძილობის მხოლოდ უარყოფით კონტექსტში განხილვა უმადურობა იქნება ჩემგან. ხშირად უძილობა კარგ სექსს, კოცნას, შეხებას, კლუბში მოსმენილ ბითებს გულისხმობს. ხანაც მომავალი განშორების სასტიკ განცდას - როცა მესივ ატაკი ან თვინ შედოუ მღერის, ოთახში ცხელა, ქარის წამობერვაზე შავ-წითელი ჟალუზები ირხევიან, ღრიჭოებში წამით გამკრთალ ცას ვხედავ და ვერაფრით ვარჩევ ჟალუზი უფრო მუქია თუ ცა, რასაც საკუთარ ხვალინდელ დღეში ვხედავ, უფრო მუქია თუ ჟალუზი, მისი თმა უფრო მუქია თუ ჟალუზი.
ჟალუზი უფრო მუქია.

იარლიყებს რაც ეხება, ადამიანებს გვიყვარს დახარისხება. გვიყვარს ერთი ცალი განსაზღვრება, რომელიც ბევრს გულისხმობს. გვიყვარს პირველადი შთაბეჭდილებით შექმნილი წარმოდგენები, რომელიც ხშრად საერთოდ არ ამართლებს. გვიყვარს პირფერობა და უადგილო პოლიტკორექტულობა. გვიყვარს საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, იქ სადაც ამას ვერ გაიგებენ, იქ სადაც სირცხვილია, იქ სადაც სხვა პრინციპებია დომინანტი. გვიყვარს იმის დამალვა, რაც გვაწუხებს და ეს ყველაფერი კონტექსტის მსხვერპლად გვაქცევს, რაც არჩევანი უფროა, ვიდრე მოცემულობა.

ახლა, TLC-ზე (საკვირველია და იშფრება როგორც The Learning Channel) გადაცემა გადის -  Love, Lust or Run. გადაცემის წამყვანი საოცრად საყვარელ გოგოს სტილს ურჩევს, რადგან ჯეკის ჩაცმულობა, რომელიც გლითერებს და კატებს უკავშირდება არაა მისაღები. იმიტომ, რომ 22 წლის ჯეკიმ საკუთარი თავი უნდა გაყიდოს. იმიტომ, რომ არსებობს საყოველთაო დრესკოდი, წესები, კლიშეები, რომელსაც არ უნდა გასცდე, თორემ დარჩები გაუყიდავი.

უძლობა ცუდია, იმიტომ რომ მილიონი ყლეობა ირევა თავში, როგორც აქ და ახლა.
ღამეა, ოთახში არ ცხელა, ფარდა არ მაქვს და კარის უზარმაზარი მინის მიღმა ცა, როდესღაც ნანახ ჟალუზზე ბევრად მუქია.  


გამარჯობა, მე დავბრუნდი. 
და ემელი სანდეს კლოუნიც იყოს აქ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის.