Wednesday, February 21, 2018

ნიკუშა


იმ დღეს ვიხსენებდი, რომ გამზეურებული საწოლის სუნი მომენატრა - მსუყე, ჰაერით და მზით გადავსებული, ხვატისგან გადაქანცულ შუადღეს დედა რომ გამოფენდა აივანზე. საათობით ვიყავი გადაკიდებული ალუმინის რიკულებს და გაუგონარ არომატებს ღრმად ვსუნთქავდი.

მაშინ მუშმალის ხე ყვაოდა და თეთრი თუთის კუზიანი ხე ჩამოსაბერტყი იყო. უბნის ბავშები ვიკრიბებოდით ეზოში, უსაშველოდ დიდ პარკს ვფენდით ხის ქვეშ და თუთის ტოტებს ჭოკებს ვურტყამდით.

მაშინ ზღვა მშვიდად ღელავდა, ცაზე ცოტა ღრუბელი იყო, ზაფხული იდგა და რეზინის ფლოსტის ამოვარდნილ ყუნწს ნერწყვით ვასველებდი, უკან რომ ჩამესვა. აბა, ცხელ ასფალტზე ფეხშიშველი სიარული ფეხის გულებს მწვავდა.
ზღვამდე მარცხნივ, მაიას მაღაზიაში წარმოუდგენლად ძვირად ვყიდულობდი მდნარ შოკოლადს და ხამივით ვჭამდი. „ცურვისასყველას თვალს ვუხვევდი და ნაპირის გასწვრივ ჩქარი ნაბიჯით დავდიოდი, გახვითქული, გადაღლილი, მოგონილი ცურვით გასავათებული. ყველას სჯეროდა რომ ვცურავ, ან გულს არ მიტეხდნენ.

მაშინ ვიცოდი, რომ მდინარის შესართავთან მისვლა საშიშია, რომ მდინარე შემითრევს და ვერსდროს ვნახავ ვინც მიყვარს და ძვირფასია. მეც თეთრი წყლის შესართავს სათოფეზე არ ვეკარებოდი. მინდოდა რომ დიდხანს მეყურებინა ვინც ძვირფასია და მიყვარს.

მშობლების არასდროს მესმოდა, არც ახლა. აბა, რატომ არ უნდა გაუშვა შვილი სათამაშოდ?! მეც ვიპარებოდი. მე და ნიკუშა ვიპარებოდით. თხილის ტოტისგან გამოთლილი ანკესებით, საათობით ვისხედით თეთრი წყლის ნაპირზე და ვიჭერდით არაფერს. ან ფერმის ეზოში გადავძვრებოდით და მხოლოდ მუხლამდე ჩაფლულები აღმოვაჩენდით რომ ძროხის ფუნის გროვა ცოტა საშიშია. ან ერთმანეთის ნაპირალ საჭმელებს ვიყოფდით - ყიყლიყოს, ღვეზელს, პონჩიკს...

ჰოდა, როდესღაც დგება დრო, როცა ადამიანები წყვეტენ არსებობას. არც ნიკუშა არსებობს დღეს. არ მივსულვარ გუშინ მასთან. იმიტომ კი არა, რომ არ მეცალა. იმიტომ რომ, არ მინდოდა ჩემი ბავშვობა ასე უცებ დამთავრებულიყო.


ჰო, იმ დღეს გამახსენდა, რომ მომენატრა გამზეურები საწოლის სუნი, თუთის ხეს, ბავშვობას და ნიკუშას რომ მახსენებს. 

2 comments:

Anonymous said...

მე ისიც არ ვიცი ანასთან სად უნდა მივიდე.
ერთხელ გამომიტყდა, მგონი მიყვარხარო. ბავშვები ვიყავით.
ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა, ისე, მეგობრულად, თან ძალიან.
პირველი იყო, ვისაც ვუთხარი, რომ გოგოები საერთოდ არ მომწონდა.
მას მერე საუკეთესო მეგობარი გახდა.
მერე ისე მოხდა, რომ საქართველოდან წავედი. ვუგზავნიდით ერთმანეთს ფერად ფურცლებზე დაწერილ წერილებს. მოგვწონდა დიდ მანძილს რომ გაივლიდა ჩვენი კონვერტები და ერთმანეთთან მოხვდებოდა.
მერე მომწერა, გავთხოვდიო. გამიხარდა.
მერე წერილები შეწყდა.
გავიგე, რომ არც აღარასდროს მომწერდა.
როცა ჩამოვედი, ვერ გავბედე მის ბავშვთან და ქმართან მისვლა - არც ვიცნობდი.
ახლა ჩემთვის, ჩუმად მენატრება ხოლმე.
აღარც ის ვიცი, სად უნდა მივიდე :(

Sophie שרה Golden said...

oh my goodness oh my goodness oh my goodness!!!!

რაებს წერთ!

ჯერ იყო და პოსტზე ამიჩუყდა გული და მერე ამ კომენტარმა საერთოდ - მე ვარ ეგ ანა!!!!!
ანუ ანა არ ვარ, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ მეც ვუთხარი ეგეთი რაღაც ერთ ბიჭს, რომელმაც ზუსტად ასე მიპასუხა... თუმცა მეგობრები არ გავმხდარვართ. ისე მეწყინა, ისე, რომ დღემდე გული მიდნება, რომ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დედაქალი ვარ ძალიან შორს მცხოვრები უკვე.