
როცა არაფერი გინდა – ეს არის დეპრესია. არაფერი რთული ნათქვამია, საერთოდ არაფერი კი არა. აი, მხოლოდ ძილი და ჭამა რომ გინდა – ეს არის დეპრესია.
ჰოდა, დეპრესიას ყოველთვის აქვს მიზეზი. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ხელფასი ბანკის ვალზე 3%-ით ნაკლები ავიღე და ახლა ვალი ხელფასის 25%-ით მეტი მაქვს.
შესაძლებლობების სტიმულაციისთვის “საიდუმლოს” ვნახულობ და სურვილებისა და მადლიერების ქვას თან ვატარებ, მაგრამ არაფერი... “საიდუმლოში” ამბობენ სურვილის ასასრულებლად თავად სურვილის სიძლიერეა მხოლოდ საჭირო, მერე იმპულსები კოსმოსში მიდიან და სამყაროც არ აყოვნებს ასრულებასო. ფანტასმაგორიაა, ფეერიულ ზღაპრებში თუ გაიგებს კაცი. სკეფსისს ვერ ვიშორებ, მაგრამ მაინც მჯერა. იმდენად რომ ჰოროსკოპსაც გულდასმით ვკითხულობ, მიუხედავად იმისა ჰოროსკოპზე იქ არაფერია ნათქვამი.
ჰო, დეპრესიაზე ვლაპარაკობდი. ახლა ინსომნიაც მაქვს, უფრო სწორად ნიუ იორკის დროით ვცხოვრობ. დღის განმავლობაში იმდენს ვამთქნარებ, ბეჰემოტად გადაქცევის ტენდენცია მახასიათებს, საღამოს მძინავს, ღამით არა. მერე ისევ იგივე...
ყველაფერი ისეთი მარტივია. მთავარია ერთი პატარა დეტალი შევცვალო, ყველაფერი შეიცვლება ირგვლივ. ამ მოტივით დილაობით სირბილი დავიწყე პინოსთან ერთად, ჩემი ძაღლია, ამერიკული კოკერი. ორი დღე ვირბინეთ და მერე პინო შემეცოდა, დაღლილი ჩანდა...
მეც დავიღალე, ათი საათი მიკროფონთან, მეორედ მოსვლაა...
მეორედ მოსვლაზე გამახსენდა, გუშინწინის წინ (ეს სიტყვა ერთად დავწერო თუ ცალ-ცალკე არ ვიცი, ამიტომ ანაზდად და რუდუნებით ცალ-ცალკე ვწერ, თუ ვინმე შემისწორებს დავვალდები) “ცაიტგეისტი” ვნახე. დაიჩემეს კრშნა და დიონისე ქალწულებისგან იშვნენო და საერთოდაც ღმერთი მზეაო. შვიდი შვილის მერე ქალი თუ ისევ ქალწული შეიძლებოდა ყოფილიყო არ ვიცოდი. ზევსის თეძოც კი ქალწული ყოფილა. ნეტა ნატუკას თეძო როგორია?! ერთხელ აგარაკიდან დაბრუნებული, ჩემს სამუშაო მაგიდასთან მოვიდა და ძუძუები ამომილაგა “რაზნიცის” უკეთ საჩვენებლად. ბევრი ვინერვიულე. სამი ზომა ექნება ალბათ, ფორმაც მშვენიერი აქვს...
გუშინწინ ნუკი გადამეკიდა სადარბაზოში, კიბეზე ვიკოცნაოთ და რუსიკოს გაუხარდებაო. ერთი შინაბერა გოგოა მეზობლად, ნუკი ამბობს ყოველ გაფაჩუნებაზე კარის ჭუჭრუტანაში იყურებაო. ვაკოცე... დღეს კი შემხვდა რუსიკო, მაგრამ დიდად გახარებული არ ჩანდა.
ახლა “Ugly Betty”-ს პირველი სეზონის მეთოთხმეტე ეპიზოდს ვუყურებ. “დაკარგულებს” დროულად მოვშორდი, მეორე სეზონიდან მივხვდი რომ საბოლოოდ გამოსირდნენ.
“Ugly Betty” მაგარია. ასე, ნერვიულად ვზივარ და ვუყურებ, თან ვხალისობ. ვცდილობ... ერთ-ერთი გმირი გამოტყდა “სტაილის” ყოფილი მთავარი რედაქტორი მე მოვკალიო.
საწყალი “სტაილის” ყოფილი მთავარი რედაქტორი ფეი.
წავედი, გრილ წყალს გადავივლებ, თორემ მარაზმში გადავედი.
თუ არ დავბრუნდი ე.ი. უცაბედი პნევმონიით გარდავიცვალე...
მეძებეთ ყველგან, აბაზანაშიც!