
პოსტის აუდიო ვერსია.
Ananuri tale | Music Upload
ათასი ღმერთის ქვეყანაში ცვლილებების წიგნს ვფურცლავ.
გამახსენდი იმიტომ რომ შენ ფიქრობ ჩემზე.
ყოველთვის ვგრძნობ როდის გეფიქრები, დასანანია რომ იშვიათად ხდება ასე.
მხოლოდ მაშინ გგრძნობ, როცა პირველად შენ მიხსენებ და არასდოს მაშინ როცა ჩემს შემდეგ იწყებ ფიქრს.
ხანდახან მინდა ვთქვა რომ არ ხარ საკმარისი, მაგრამ არასდროს ვაკეთებ ამას.
რაღაცნაირი შიში მაქვს, რომ ვერ გაიგებ, არც სენტიმენტები მინდა.
და მაინც, ნორმალურია, როცა ადამიანი 24 წლის ასაკში ჯერ კიდევ ძიების პროცესშია ჩაკარგული?!
არ ვიცი, ღირს კი ამის შესახებ ბლოგზე წერა, თუმცა ფაქტია ვწერ.
არ გამოვრიცხავ კონკრეტულ პასუხებს ველოდე ყველასგან, ვისაც ერთხელ მაინც შემოუხედავს აქ.
ბუნდოვანება რთული ასატანია მოგეხსენება. რაღაც შუალედური არსებულსა და არარსებულს შორის. რაღაც გააზრებული და თან გაუგებარი. ეს ყველაფერი ძაფის აბურდულ გორგალს გავს, არავინ იცის სად არის მეორე ბოლო.
ვფიქრობ ეს არის პარამნეზია, დამთხვევა, ომენი, სინქრონია და ინტუიცია ერთად აღებული და მე.
ანანურის ამბავი
რამდენიმე დღის წინ მეგობართა ჯგუფი ანანურში წავედით. უფრო სწორად თბილისიდან გასვლისას გადავწყვიტეთ რომ final destination ანანურია.
ლიკა და მე ხიდთან შევყოვნდით ფოტოების გადასაღებად, დანარჩენებმა გზა გააგრძელეს.
გრიშას თურმე გაახსენდა რომ იქვე სახლი აქვს. ჩვენ ფოტოები გადავიღეთ, აუღებელზე ავედით და გველების ხაროც საგულდაგულოდ დავათვალიერეთ, რომელიც საიდუმლო გასასვლელია და მეტი არაფერი. ლიკამ დაიჩემა გველები ბუდობენ ბლომადო და მეც გველების ხაროდ მოვნათლე.
მერე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და აუღებელზე კიდევ ერთხელ მოგვიწია ასვლა. თან ვგიდობდი (ცუდი არაფერი იგულისხმება, გიდის ფუნქცია ვიკისრე). რაც მანამდე ლიკამ მომიყვა იმას ვყვებოდი და სიამაყით ჩავიყვანე ხალხი გველების ხაროში.
ყველაზე შტამბეჭდავი გრიშას სახლის ეზო იყო. მდინარის პირას, მწვანე მოლი, იქვე ტყემლის ხის ჩერო და ვან გოგის ყვავილები, მთები.
ცეცხლი დავანთეთ.
მოგვიანებით ლიკა და მე მთაზე ავღოღდით და ჩამოსვლისას გავარკვიეთ რომ მშვენიერი გზა ადიოდა თურმე იქამდე.

მარტოხელა სოკო, ყვითელ მინდორზე თეთრად გადაპენტილი ტყემალი და ცარიელი ფიცრული, რომელსაც ალბათ წვიმისგან თავშესაფრად იყენებდნენ ერთ დროს.
ლიკამ თქვა ერთხელაც აქ დავსახლდებიო და უცებ შევთხზეთ ისტორიაც.
მე მოლბერტს და სეღებავებს წამოვიღებ, ლამაზ ხედს შევარჩევ და დავხატავ. ლიკა სარწეველაზე ჩამოჯდება და მოქარგავს. გრიშაც მოქარგავს და სალომე ფეხის გულებზე მასაჟს გაუკეთებს. ლიკამ თქვა მასაჟის მერე დაუთბილავს კიდეც ფეხებსო.
გრიშას რომ თბილად დაიგულებს მერე ჩანაწერებს გააკეთებს გაცრეცილ ყდიან უბის წიგნაკში და გვიან ღამით, ეზოში კოცონი რომ აგიზგიზდება ხმამაღლა წაგვიკითხავს.
დათო ქალბატონ ასკლიპიოდოტას მოხვევს ხელს და ყურში ჩასჩურჩულებს რომ უყვარს იმ მთამდე სულ ბოლოში, ქვეყნის დასალიერთან რომ ჩანს და მუდმივად დათოვლილია.
ასკლიპიოდოტა გამოტყდება რომ შემთხვევით ორი კაბა ჩაუცვამს უთენია.
მსუქანი დათო ცეცხლის ჩაქრობაში დაგვეხმარება გამთენიისას, ვან გოგის ყვავილებსა და მწვანე მოლს სისველე რომ შეეპარება.

ერთ დღეს დასრულდება იდილია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არსებობს ვალდებულება – სამსახური.
მაგრამ ერთხელაც ისევ მოდის უქმეები და მე მოლბერტით, ლიკა საქარგით, გრიშა ფეხებით, სალომე გაცრეცილ ყდიანი უბის წიგნაკით, დათო ასკლიპიოდოტათი და მსუქანი დათო სავსე შარდის ბუშტით ისევ ავალთ აყვავებულ ტყემალთან.
P.S. ჩანაწერის მეორე ნაწილმა განაპირობა პირველი.
რომ არა ანანური არ იქნებოდა ასეთი ბოდვაც.
P.P.S. ანანურის ფოტო ჩემია და მე ვამაყობ ამით!
P.P.P.S. მადლობა Ravi Shankar-სა და Yehudi Menuhin-ს მუსიკალური ფონისთვის, რომ არა East Meets West და Raga Piloo სიჩუმეში მომიწევდა კითხვა.
P.P.P.P.S. აყვავებული ტყემლისა და ვან გოგის ყვავილების ფოტო ლიკასია.
P.P.P.P.P.S. მსუქანო დავით, ჯერ მხოლოდ 24-ის ვარ, ნუ მომკლლავ. ლიკამ მითხრა და თვითონაც ვიცი რომ ცეცხლის ოსტატურად ჩაქრობის გარდა არაჩვეულებრივად უკრავ გიტარაზე, მღერი, გემრიელ მწვადებს წვავ და წყლის ამოტანაშიც არ გყავს ბადალი.