ასე დავკარგეთ ზაფხული. შემოდგომამ ჩაანაცვლა, რომელიც ძალიან ჰგავს ზამთარს.
არ ვიცი იქნება თუ არა გაზაფხული.
მაგრამ დარწმუნებით ვიცი, ირემი მოიტაცებს მზეს და წყვდიადი ჩამოწვება მიწაზე.
თვალებამოღამებულები ვივლით ფარნებით ხელში, დროს ერთმანეთის ძებნაში მოვკლავთ უშედეგოდ.
მერე გამოჩნდება ახალი მზე – ნიბირუ – დასასრული.
რა ეშველება ნეტავ ლონდონის ოლიმპიადას?!
პარიზი

არ მიყვარს! ბანალურად საყვარელია თითქმის ყველასთვის და მაგიტომ. “სიყვარულის ქალაქი” – იმდენჯერ ითქვა სხვადასხვა კონტექსტში რომ გახუნდა ერთიანად. თუ ვინმე პარიზიდან ჩამოდის, უსათუოდ უნდა გისახსოვროს ეიფელის კოშკი. ისევე როგორც ლონდონიდან – ბიგ ბენი, ბერლინიდან – ბრანდერბურგის ჭიშკარი, ამსტერდამიდან – უსაშველოდ ვიწრო და მაღალი სახლი...
საყვარელია ბანალურობამდე!
არადა ერთ დროს... ველოსიპედით შემოვლილი ქუჩები, თბილი კრუასანები სენას სანაპიროზე და მონპარნასის კუთხეში კაფე როტონდა მიყვარდა. მერე ვიღაცამ ეიფელის კოშკი მაჩუქა და პარიზი ასე უხილავად გაცვდა.
ბოლო რამდენიმე წელია ციურიხზე ვარ ჩაფიქრებული, ალბათ იმიტომ რომ სიმბოლო არ აქვს. არ თქვათ ახლა ტრამვაი ან ტბაო.
სიმბოლოები ჩარჩოში სვამენ ქალაქს და ერთ დიდ სტერეოტიპად აქცევენ.
სიზმარი
მიტოვებულ სანატორიუმთან ბავშვი ვნახეთ. მშობლების ძებნა დავიწყეთ მაშინვე, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ ირგვლივ. სანატორიუმი წარმოსახვით ზღვასთან იდგა და მეც მეტაფიზიკურ მეგობრებთან ერთად ვიყავი.
პატარა გოგონა გვეხვეწებოდა ტან წამიყვანეთო. უგლოები აღმოვჩნდით ყველა და დავტოვეთ.
საღამოს ერთი მიზეზით ვურეკავდით ერთმანეთს არარსებული მეგობრები, უკლებლივ ყველას გულის რევის შეგრძნება გვქონდა და საშინელი კივილი გვესმოდა დრო და დრო.
შუაღამისას ნჯღრევით გამეღვიძა.