Tuesday, October 8, 2013

ელიფ შაფაკი - მხატვრული ლიტერატურის პოლიტიკა



აღმოსავლეთი და დასავლეთი, ფემინისტური და ტრადიციული, სუფისტური და რაციონალური, ლოკალური და მსოფლიო მნიშვნელობის. ელიფ შაფაკი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა თანამედროვე ლიტერატურაში. 

ეს არის ტედის ლექცია, რომელიც შაფაკმა 2010 წლის ივლისში წაიკითხა. და მომიტევეთ გაუმართავი თარგმანი, ეს ჩემი პირველი მცდელობაა.

მე ამბებს ვყვები (storytelling), ნოველებს ვწერ. ნება მომეცით ჩემი პირადი ცხოვრების რამდენიმე დეტალი გაგიზიაროთ. ამისთვის სიტყვები და გეომეტრიული ფიგურები, წრეები დამჭირდება. თქვენც რამდენიმე წრეში მოგიწევთ ჩემთან ერთად მოგზაურობა.
საფრანგეთში, სტრასბურგში დავიბადე, ჩემი მშობლები თურქები არიან. მოგვიანებით ისინი გაიყარნენ და მე დედასთან ერთად თურქეთში დავბრუნდი. ადრეული 70-იანების ანკარაში ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. მეზობლად დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ, სადაც მამაკაცი ოჯახის უფროსია, მე კი ამ პატრიარქალურ სამყაროში განქორწინებული დედა მზრდიდა. უფრო სწორად, ჩემ გვერდით ორი აბსოლუტურად განსხვავებული ქალი იყო. დედა - განათლებული, სეკულარული, თანამედროვე, დასავლელი, თურქი ქალი და ბებია - უფრო სულიერი, ნაკლებად განათლებული და ნაკლებად რაციონალური. ქალი, რომელიც მკითხაობდა ყავაზე და ავი თვალის ასარიდებლად ტყვიისგან სხვადასხვა ფიგურებს ადნობდა. 

ბევრი ადამიანი მოდიოდა ბებიასთან, ზოგს სახეზე გამონაყარი აწუხებდა, ზოგსაც მეჭეჭი. ყოველ ჯერზე ბებია რაღაც არაბულ სიტყვებს ამბობდა და წითელ ვაშლში ვარდის იმდენ ეკალს არჭობდა, რამდენი მეჭეჭის მოშორებაც სურდა. მერე ამ ეკლებს შავი მელნით წრეებს შემოავლებდა ხოლმე. ყველა, ვინც კანის სხვადასხვა პრობლემით ბებიასთან მოვიდა, განიკურნა. მაშინ ვკითხე, რა იყო საიდუმლო, ნუთუ ამხელა ძალა ჰქონდა ლოცვას. მან მიპასუხა, რომ ლოცვა მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია წრეებიც. 

ძვირფასი გაკვეთილი ვისწავლე - თუ გინდა ცხოვრებაში რამე გაანადგურო, იქნება ეს აკნე, სხვა გამონაყარი თუ ადამიანის სული, შემოავლე მას მყარი კედლები. ის შიგნიდან გახმება. ჩვენ ყველა კონკრეტულ სოციალურ თუ კულტურულ წრეში ვცხოვრობთ. ვეკუთვნით ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერს, კლასს. მაგრამ თუ არ ვეცდებით წრის მიღმა გაღწევას, შეიძლება ჩვენც  გავხმეთ შიგნიდან, თუკი ჩვენი კულტურის ჭუპრში ვიქნებით დიდხანს. მეგობრები, მეზობლები, კოლეგები, ოჯახის წევრები - ჩვენ წრეში მყოფი ადამიანები თუ საკუთარ თავს გვაგონებს, ესე იგი ანარეკლების გარემოცვაში ვცხოვრობთ. 

კიდევ ერთი რაღაც, რასაც თუქრი ქალები, მათ შორის ბებიაჩემი აკეთებს, კედელზე უკუღმა დაკიდებული სარკე ან სარკის წინ ჩამოფარებული სქელი ნაჭერია. ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით ანარეკლისთვის დიდხან ყურება ადამიანისთვის არ არის კარგი. ირონიულია, რომ თანამედროვე გლობალიზებული სამყაროსთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ ერთნაირად მოაზროვნე საზოგადოება წარმოადგენს. ეს ხდება ყველგან, ლიბერალებსა და კონსერვატორებში, აგნოსტიკოსებსა და მორწმუნეებში, მდიდრებსა და ღარიბებში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ჩვენ ვქმნით ჯგუფებს მსგავსების (დამოკიდებულებები, პრინციპები, შეხედულებები, მისწრაფებები) მიხედვით და ვქმნით სტერეოტიპებს იგივე პრინციპით შექმნილი სხვა ჯგუფებისთვის. მგონია, რომ ამ კულტურული გეტოების მიღმა გასვლის გზა სწორედ ამბის მოყოლის (storytelling) ხელოვნებაა. ამბებს არ უყვართ საზღვრები, სამაგიეროდ ისინი მარტივად დაბზარავენ ჩვენს მენტალურ კედლებს. ამ ნაპრალებით კი შევძლებთ გავიგოთ და იქნებ მოვიწონოთ კიდეც სხვა სიახლე. 

მხატვრული ლიტერატურის წერა რვა წლის ასაკში დავიწყე. დედამ ფირუზისფერი დღიური მომიტანა ჩანაწერებისთვის. ახლა ამ ამბავს, რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ დედა წუხდა ჩემს ჩამოყალიბებაზე. ამბების მოყოლა ყოველთვის მიყვარდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამ ამბებს ძირითადად წარმოსახვით მეგობრებს ვუყვებოდი, რაც ნამდვილად არაა კარგი. ინტროვერტი ბავში ვიყავი, ფერად ფანქრებთან ურთიერთობით დაწყებული, სხვადასხვა საგენბისთვის ბოდიშის მოხდით დამთავრებული, თუკი მათ შემთხვევით შევეჯახებოდი. ამიტომ, დედამ იფიქრა, რომ გამოცდილებებისა და ემოციების ყოველდღიური აღწერა კარგი იქნებოდა. თუმცა მან არ იცოდა, რომ ჩემი ცხოვრება სასტიკად მოსაწყენი მეჩვენებოდა და ყველაზე ნაკლებად საკუთარ ტავზე წერა მინდოდა. სამაგიეროდ მე დავიწყე სხვა ადამიანებისა და მოვლენების აღწერა, რომელიც არასდროს მომხდარა. ასე დაიწყო მხატვრულ ლიტერატურასთან ჩემი ურთიერთობა. ის არადროს ყოფილა ავტობიოგრაფიული მანიფესტი ჩემთვის, უფრო მეტად სხვა ცხოვრებასა და შესაძლებლობებში ტრანსცენდენტალური მოგზაურობა იყო.
იგივე პერიოდში კიდევ ერთი ამბავი მოხდა - დედა დიპლომატი გახდა და მე ბებიაჩემის ცრუმორწმუნე, საშუალო კლასის სამეზობლოდან, მადრიდის საერთაშორისო სკოლაში გადავედი, სადაც ერთადერთი თურქი ვიყავი. სწორედ აქ მქონდა პირველი შეხება იმასთან, რასაც მე "წარმომადგენლობით უცხოელს" ვეძახი. ჩემ კლასში ბევრი ბავშვი იყო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, თუმცა ეს მრავალფეროვნება საერთოდ არ ნიშნავს კოსმოპოლიტიზმს, დემოკრატიულ თანასწორობას. ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ შექმნა ატმოსფერო, სადაც თითოეული ბავშვი იყო არა ინდივიდი, არამედ რაღაც უფრო დიდის წარმომადგენელი. ჩვენ ვიყავით მინიატურული გაერთიანებული ერები, რაც სახალისო იყო, სანამ ჩვენს სამშობლოში ან რელიგიაში რამე ნეგატიური მოხდებოდა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს დასცინოდნენ და ამცირებდნენ უსასრულოდ. ახლა ვიცი რა იყო დაცინვის მიზეზი ჩემ შემთხვევაში - თურქეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება, ჩემი ეროვნების ბოევიკმა კინაღამ პაპი მოკლა და თურქეთმა ევროვიზიის მუსიკალურ ფესტივალზე ნოლი ქულა მიიღო. 

ამ პერიოდში სკოლას ხშირად ვაცდენდი ხოლმე და მეზღვაურობაზე ვოცნებობდი. პირველად გამოვცადე კულტურული სტერეოტიპებიც. ბავშვები მეკითხებოდნენ ხოლმე ფილმ "შუაღამის ექსპრესზე", რომელიც არ მქონდა ნანახი; ისინი ინტერესდებოდნენ რამდენ ღერ სიგარეტს ვეწეოდი ყოველდღიურად, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყველა თურქი მწეველია და უნდოდათ სცოდნოდათ რა ასაკში დავმალავდი თმებს. მივხვდი რომ ჩემ ქვეყანასთან კონტექსტში სამი მთავარი სტერეოტიპია: პოლიტიკა, სიგარეტი და პირბადე. ესპანეთის მერე ჩვენ იორდანიაში წავედით, მოგვიანებით გერმანიაში და მერე ისევ ანკარაში. ყველგან, სადაც მივდიოდი, ვგრძნობდი, რომ ერთადერთი ჩანთა, რომელიც სულ თან შემიძლია ვატარო, ჩემი წარმოსახვაა. ამბებმა მომცეს მთავარის შეგრძნება, მარადიულობა, უწყვეტობა და თანმიმდევრულობა (Stories gave me a sense of center, continuity and coherence), სამი "სი" რომელიც მანამდე მაკლდა. 

ოცზე მეტის ვიყავი, როცა სტამბოლში გადავედი, ქალაქში, რომელსაც ვაღმერთებ. ვცხოვრობდი ძალიან მრავალფეროვან რაიონში, სადაც რამდენიმე ნოველა დავწერე. სტამბოლში ვიყავი 1999 წელსაც, მიწისძვრის დროს. დილის სამზე შეშინებული გამოვვარდი შენობიდან და დავინახე სცენა, რომელმაც გამაქვავა. სურსათის გამყიდველი, უხასიათო, ხანშიშესული კაცი, რომელიც არ ყიდდა ალკოჰოლიან სასმელს და არასდროს ელაპარაკებოდა მარგინალებს, იჯდა ტრანსგენდერის გვერდით, რომელსაც გრძელი შავი პარიკი ეკეთა და ცრემლებისგან ტუში ჰქონდა ჩამოდღაბნილი. მოხუცმა აკანკალებული ხელებით გახსნა სიგარეტის კოლოფი და მასაც მიაწოდა. ასე დამრჩა მეხსიერებაში მიწისძვრის ღამე სტამბოლში - სურსათის კონსერვატორი გამყიდველი და მტირალი ტრანსგენდერი ერთად ეწევიან. სიკვდილისა და ნგრევის პირისპირ ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები ქრება და ვერთიანდებით თუნდაც რამდნიმე საათით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ასეთივე ეფექტი აქვს ამბასაც, ისტორიასაც. არ ვამბობ, რომ მხატვრულ ლიტერატურას მიწისძვრის მაგნიტუდა აქვს, მაგრამ როცა კარგ ნოველას ვკითხულობთ, ჩვენ ვტოვეთ ჩვენს პატარა, კომფორტულ სახლს, გამოვდივართ გვიან ღამით გარეთ და ვეცნობით ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არასდროს შევხვედრილვართ და შესაძლოა საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს მათთან. 

მალევე ბოსტონის ქალთა კოლეჯში წავედი, მოგვიანებით კი მიჩიგანში. ეს გამოცდილება გეოგრაფიულზე უფრო ენობრივი ცვლილება იყო. დავიწყე ნოველების ინგლისურად წერა. არ ვარ არც ემიგრანტი, არც ლტოლვილი ან დევნილი - მეკიტხებოდნენ რატომ გადავწყვიტე სხვა ენაზე წერა - რეალურად ენებს შორის გადართვა ახალ შანსს მაძლევს თავიდან შევქმნა საკუთარი თავი. მე მიყვარს თურქულად წერა, ძალიან პოეტური და ემოციურია ჩემთვის და მიყვარს ინგლისრად წერაც, რადგან მათემატიკური და გონებრივია. ყველა ენასთან განსხვავებულად ვარ დაკავშირებული. ჩემთვის, ისევე როგორც მილიონობით ადამიანისთვის ინგლისური შეძენილი ენაა. როცა გვიან ეუფლები ახალ ენას, მუდმივი იმედგაცრუების პირობებში გიწევს ცხოვრება. ყოველთვის ჩნდება სურვილი ახლად დაუფლებულ ენაზე რამე ჭკვიანური თქვა, კარგად იხუმრო, მაგრამ ვერაფრით გაექცევი უფსკრულს, რომელიც ტვინსა და ენას შორის არსებობს. ეს უფსკრული საშიშია. მაგრამ შიშის დაძლევის შემთხვევაში შესაძლოა კარგი სტიმულატორი აღმოჩნდეს. სწორედ ეს აღმოვაჩინე ბოსტონში - იმედგაცრუება შეიძლება იყოს სტიმული. 

ამავე ეტაპზე, ბებიაჩემმა, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეშფოთებული აკვირდებოდა, ყოველდღიურ ლოცვებში ჩემი მოხსენიება დაიწყო, ღმერთს სთხოვდა მალე გავთხოვილიყავი, რომ მშიდად ცხოვრება დამეწყო. რადგან ღმერთს უყვარს ბებია, მე გავთხოვდი, თუმცა მშვიდი ცხოვრების მაგიერ, არიზონაში ამოვყავი თავი. ვიდრე ჩემი ქმარი სტამბოლში იყო, მეც ვმგზავრობდი სტამბოლსა და არიზონას შორის, ორი ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან. მგონია, რომ ჩემი რაღაც ნაწილი ყოველთვის იყო მომთაბარე, ფიზიკურიც და სულიერიც. და ისტორიებიც მუდმივად თან დამყვებიან, როგორც ჩემი სხვაადსხვა ნაწილებისა და მოგონებების შემაკავშირებელი ეგზისტენციალური წებო. 

როდესაც ამერიკაში ჩემი პირველი ინგლისურენოვანი ნოველა გამოიცა, ერთი კრიტიკოსისგან ძალიან საინტერესო მოსაზრება მოვისმინე. მან მითხრა, რომ წიგნი მოეწონა, თუმცა ისურვებდა, რომ ის სხვაგვარად დამეწერა. დავინტერესდი რას გულისხმობდა. მან თქვა, რომ წიგნში ბევრი ესპანელი და ამერიკელი პერსონაჟია და მხოლოდ ერთი თურქი, ისიც მამაკაცი. რამდენადაც მოქმედება ბოსტონის უნივერსისტეტის კამპუსში ხდება, ნორმალურია, რომ ბევრი სხვადასხვა ეროვნების სტუდენტია და მხოლოდ ერთი თურქი პერსონაჟი, თუმცა მივხვდი ლიტერატურის კრიტიკოსი რასაც ეძებდა, მივხვდი იმასაც, რომ მისთვის მუდმივად მომიწევდა იმედის გაცრუება. მას სურდა ჩემი იდენტობის მანიფესტი ენახა. წიგნში ის თურქ ქალს ეძებდა.
ხშირად ვსაუბრობთ, როგორ ცვლის ისტორია სამყაროს, თუმცა აქვე უნდა დავინახოთ, რა გავლენა აქვს იდენტობის პოლიტიკას ისტორიის გავრცელებაზე, წაკითხვასა და განხილვაზე. ბევრი ავტორი გრძნობს ამ ზეწოლას, მაგრამ არადასავლელები განსაკუთრებით. თუ შენ ჩემსავით მწერალი ქალი ხარ, მუსლიმური სამყაროდან, მაშინ შენგან მუსლიმი ქალების დრამატულ ისტორიას ელიან. შენ უნდა წერო ინფორმაციული, მტკივნეული და სახასიათო ნოველები, ექსპერიმენტები და ავნგარდი კი დასავლელ კოლეგებს მიანდო. ის რასაც  მადრიდში, სკოლაში სწავლისას განვიდიდი, ახლა ლიტერატურულ სამყაროში მეორდება. მწერლები არ განიხილებიან ინდივიდებად, ისინი წარმოადგენენ საკუთარ კულტურას - რამდენიმე ჩინელი ავტორი, რამდენიმე თურქი და ცოტაც ნიგერიელი. ყველა ჰქონია, რომ ჩვენ რაღაც გამორჩეული, თავისებური გვაქვს. 

მწერალსა და ესეისტ ჯეიმს ბოლდვინს 1984 წლის ინტერვიუში რამდენჯერმე ჰკიტხეს სექსუალურ ორიენტაციაზე. როდესაც ინტერვიუერმა მისი გეი მწერლად კლასიფიცირება სცადა, ბოლდვინმა გააჩერა და უთხრა: "ვერ ხედავთ? არაფერია ჩემში ისეთი, რაც არ არის სხვებში. და არაფერი აქვთ სხვებს განსაკუთრებული, რაც მე არ მაქვს." იმ დროს, როდესაც იდენტობის პოლიტიკა წყევტს რა იარლიყი მოგარტყას, ყველაზე დიდი საშიშორების ქვეშ წარმოსახვის, ფანტაზიის თავისუფლება ექცევა. არსებობს საეჭვო სახელწოდების კატეგორია "მულტიკულტურული ლიტერატურა", რომელშიც არადასავლელი ავტორები შედიან. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი მულტიკულტურული საჯარო კითხვა ჰარვარდის მოედანზე, ეს დაახლოებით 10 წლის წინ იყო. სამი მწერალი ვიყავით, ფილიპინელი, თურქი და ინდონეზიელი. ერთადერთი მიზეზი რატომაც იქ მოვხვდით, ჩვენი პასპორტები იყო და არა სტილი ან ლიტერატურული გემოვნება. მულტიკულტურული მწერლებისგან რეალურ ამბებს ელიან ხოლმე და არა მოგონილს. ასეთ შემთხვევაში, არა მხოლოდ მწერლები, არამედ მათ მიერ მოგონილი გმირებიც უფრო მეტს წარმოადგენენ, ვიდრე რიგითი პერსონაჟები.  
მაგრამ ტენდენცია, რომ ამბავი ამბავზე უფრო მეტია (story as more than a story), არ მოდის მხოლოდ დასავლეთიდან, ის ყველა მხრიდან მოდის. ამის საკუთარ თავზე გამოცდა, 2005 წელს სასამართლო დარბაზში მომიწია, სადაცჩემს მიერ მოგონილი გმირის სიტყვების გამო დამიბარეს. მინდოდა დამეწერა ქალის თვალით დანახული, მრავალმხრივი ნოველა სომხურ და თურქულ ოჯახებზე. ჩემი პატარა ამბავი გახდა დიდი განსახილველი საქმე. ზოგი მაკრიტიკებდა, ზოგიც პატივისცემას გამოხატავდა თურქულ-სომხურ ურთიერთობებზე რომ ვწერდი. მინდოდა შემეხსენებინა ორივე მხარისთვის, რომ ეს უბრალოდ ამბავია, მოგონილი ამბავი. 

მწერლებს აქვთ უფლება პოლიტიკური მოსაზრებები გამოთქვან, არსებობს კიდეც კარგი პოლიტიკური ნოველები, მაგრამ მხატვრული ლიტერატურის ენა განსხვავდება ყოველდღიური პოლიტიკის ენისგან. ჩეხოვი ამბობს: "პრობლემის გადაწყვეტა და კითხვის სწორად დასმა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია და მხოლოდ ეს უკანასკნელი აკისრებს მწერალს პასუხისმგებლობას." იდენტობის პოლიტიკა გვყოფს. მხატვრული ლიტერატურა გვაერთიანებს. ერთი განაზოგადებს, მეორე ნიუანსებს ჩაკირკიტებს. ერთი საზღვრებს ადგენს, მეორეს კი კლიშეები არ აქვს. იდენტობის პოლიტიკა აგურითაა ნაშენი. მხატვრული ლიტერატურა კი გამდინარე წყალია. 

ოტომანების დროს არსებობდნენ მოხეტიალე მეზღაპრეები, მედები. ისინი მიდიოდნენ ყავახანებში, იმპროვიზირებდნენ და შეკრებილ საზოგადოებას ამბებს უყვებოდნენ. ყოველი ახალი პერსონაჟის ხსენებისას მედა ხმას იცვლიდა და ამ გმირს განასახიერებდა. ყველას შეეძლო მეზღაპრის მოსმენა - როგით მოქალაქეს, სულთანს, მუსლიმს და არა-მუსლიმს. ისტორია (Stories) არღვევს საზღვრებს, როგორც მოლა ნასრედინის ამბებია ერთნაირად პოპულარული ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთსა და აზიაში. მოთხრობები ახლაც არღვევენ საზღვრებს. როდესაც პალესტინელი და ისრაელელი პოლიტიკოსები საუბრობენ, ისინი არასდროს უსმენენ ერთმანეთს, მაგრამ პალესტინელი მკითხველები ეცნობიან ებრაელ ავტორებს და პირიქით, ისინი ერთვებიან ამბავში და თანაუგრძნობენ ავტორს. ლიტერატურის როლიც ეს არის, საზღვრების რღვევა. თუ ასე არ ხდება, ლიტერატურა არ არის ქმედითი. 

სუფიზმი ამბობს: "ცოდნა, რომელიც არ გაგიყვანთ საკუთარი თავის მიღმა, უვიცობაზე უარესია." დღევანდელი კულტურული გეტოების პრობლემა ცოდნის არარსებობა არ არის - ჩვენ ბევრი რამ ვიცით ერთმანეთს, ან გვგონია, რომ ვიცით - მაგრამ ცოდნა, რომელიც ჩვენი თავის მიღმა არ გაგვიყვანს, გვაიძულებს ვიყოთ სნობები, ჩაკეტილები საკუთარ სამყაროში და გარესამყაროს მოწყევტილები. 

არის ასეთი მეტაფორა, რომელიც მიყვარს: იცხოვრე ფარგალივით. ფარგლის ერთი ფეხი სტატიკურია, მეორე კი მუდმივად მოძრაობს, წრეებს ხაზავს. ასეა ჩემი მწერლობაც. ერთ ნაწილს სტამბოლში აქვს გადგმული ღრმა ფესვები, მეორე ნაწილი კი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, სხვადასხვა კულტურებს უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, მომწონს ჩემს ნაწერებს ვუწოდო ლოკალური და საყოველთაო, აქაური და ყველასი. 

ვინც სტამბოლში ყოფილხართ, ალბათ გინახავთ ტოპკაპის სასახლე, რომელიც ოსმალელი სულთნების რეზიდენცია იყო 400 წლის განმავლობაში. სამეფო ჰარემის ახლოს, შენობებს შორის ცარიელი სივრცეა, რომელსაც ჯინების თავშეყრის ადგილს უწოდებენ. რატომღაც ეჭვის თვალით ვუყურებთ ხოლმე სივრცეს, რომელიც ნივთებს შორისაა. ასეთ ადგილებს ჯინების საბრძანებლად განვიხილავთ, რომელიც უკვამლო ცეცხლისგანაა შექმნილი და მოუხელთებლობის სიმბოლოს წარმოადგენენ. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ეს მოუხელთებელი სივრცე სჭირდება მწერალს და მხატვარს ყველაზე მეტად. როცა ვწერ, მნიშვნელოვანია ეს მოუხელტებლობა და ცვალებადობა. მომწონს იმის არცოდნა, რა მოხდება ათი გვერდის მერე. მომწონს, როცა ჩემი პერსონაჟები მაოცებენ. შეიძლება დავწერო მუსლიმ ქალზე, რომელიც ბედნიერია ან ნორვეგიელ გეი პროფესორზე. შეგვიძლია ყველაზე და ყველაფერზე ვწეროთ, თუ ეს გულიდან მოდის.
ოდრი ლორდმა ერთხელ თქვა: "ვგრძნობ, ესე იგი თავისუფალი ვარ." ბრწყინვალე მიგნებაა. მაშ, რატომ ვასწავლით სტუდენტებს, რომ წერონ ის, რაც იციან? შესაძლოა ეს არ არის სწორი გზა წერის დაწყებისთვის. არ არის აუცილებელი მხატვრული ლიტერატურა იყოს ჩვენზე, რა ვიცით, ვინ ვართ, ჩვენი იდენტობა რა არის. უნდა გავარღვიოთ კულტურული გეტოს საზღვრები და ვნახოთ ახალი, განსხვავებული. 

ისტორიები დერვიშებივით მოძრაობენ, წრეს წრეზე ხატავენ. ისინი აკავშირებენ ადამიანებს, ყოველგვარი იდენტობის გარეშე და ეს გადასარევია. მინდა საუბარი ერთი სუფისტური ლექსით დავასრულო: "მოდი, ვიმეგობროთ ბოლოსდაბოლოს; შევამსუბუქოთ ჩვენი ცხოვრება; ვიყოთ საყვარლები და გვიყვარდეს; დედამიწა მაინც არავის დარჩება."