Friday, November 7, 2014

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - საშიში სტერეოტიპები



ახლა პირად ამბებს მოგიყვებით და ვეცდები "სტერეოტიპების საშიშროება" ზუსტად ავხსნა. აღმოსავლეთ ნიგერიაში უნივერსიტეტის კამპუსში გავიზარდე. დედა ამბობს, რომ კითხვა ორი წლისამ დავიწყე, თუმცა მგონია ოთხი წელი უფრო ახლოსაა სიმართლესთან. მოკლედ, პატარა მკითხველი ვიყავი, ძირითადად ბრიტანული და ამერიკული საბავშვო ლიტერატურით გატაცებული.

წერაც ადრიანად დავიწყე. შვიდი წლისა ფერად ილუტსრაციებს ვხატავდი და საწყალ დედაჩემს ვაიძულებდი ჩანაწერები წაეკითხა. სწორედ იმ ამბებს ვწერდი, რასაც ვკითხულობდი: ჩემი გმირები თეთრები და ლურჯ თვალებიანები იყვნენ, თოვლში თამაშობდნენ, ვაშლს მიირთმევდნენ  და ბევრს ლაპარაკობდნენ ამინდზე - რაოდენ გასაოცარია, რომ მზიანი დღეები დაიჭირა. ეს ყველაფერი ნიგერიაში ცხოვრებისას, როცა ქვეყნის გარეთ არასდროს ვყოფილვარ. ჩვენთან კი მოგეხსენებათ, არ თოვს, ვაშლის მაგივრად მანგოს მივირთმევთ და არასდროს ვსაუბრობთ ამინდზე, რადგან ამის საჭიროება საერთოდ არ არის.
ჩემი პერსონაჟები ჯანჯაფილის ლუდსაც სვამდნენ, რადგან ბრიტანულ წიგნებში ამოკითხული გმირები იქცეოდნენ ასე. აზრზე არ ვიყავი რა იყო ჯანჯაფილის ლუდი და ამ ჩანაწერებიდან ბევრი წლის განმავლობაში მისი გასინჯვის სასტიკი სურვილი მკლავდა, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვა ამბავია.
ეს კარგი დემონსტრირებაა იმისა, რამდენად მოწყვლადები ვართ და მარტივად ვექცევით გავლენის ქვეშ, როცა ამბავთან პირისპირ აღმოვჩნდებით. წაკითხული წიგნების პერსონაჟები უცხოელები იყვნენ, ამიტომ მაშინ დავირწმუნე თავი, რომ წიგნები მხოლოდ უცხოელებზე და იმ ნივთებზე უნდა იყოს, რომელთანაც მე იდენტიფიცირებას ვერ ვახდენდი.

ყველაფერი შეიცვალა, როდესაც აფრიკული ლიტერატურა აღმოვაჩინე. არჩევანი არ იყო დიდი და ადგილობრივი წიგნების მოძიებაც ჭირდა. ჩინუა აჩებესა და კამარა ლეის ლიტერატურით ჩემში მენტალური გარდატეხა მოხდა. მივხვდი, რომ ჩემნაირი ადამიანები - გოგონები შოკოლადისფერი კანით, რომელთა ხუჭუჭებითაც არაფრით კეთდება კიკინა,  ლიტერატურულ გმირებში შეიძლება ცოცხლობდნენ. ასე დავიწყე ნაცნობ ამბებზე წერა.
მიყვარდა ამერიკული და ბრიტანული წიგნები, ახალ სამყაროებს ვპოულობდი მათში და ფანტაზიასაც გასაქანი ჰქონდა, მაგრამ უნებლიე შედეგი მოიტანა - ვერ წარმომედგინა, რომ ჩემნაირები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ლიტერატურის პერსონაჟები. აფრიკელმა ავტორებმა კი გადამარჩინეს, წიგნების შესახებ ერთადერთი ამბავი მქონოდა მხოლოდ.

საშუალო კლასის ნიგერიული ოჯახიდან ვარ. მამა პროფესორი იყო, დედა - ადმინისტრატორი. ყოველთვის გვყავდა საოჯახო საქმეებში დამხმარეები, რომლებიც მეზობელი სოფლიდან იყვნენ. როცა რვა წლის ვიყავი, პატარა ბიჭი - ფიდე მოიყვანეს. დედასგან ფიდეს ოჯახზე ერთადერთი ამბავი ვიცოდი, რომ ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. დედა მათ ტკბილ კარტოფილს, ბრინჯსა და ძველ ტანსაცმელს უგზავნიდა და როცა სადილს ბოლომდე არ ვჭამდი, მაშინვე მეუბნებოდა: "ჭამე! ვერ ხედავ ფიდეს ოჯახს არაფერი აქვს." საშინლად მეცოდებოდა ფიდე.
ერთ შაბათს მის სოფელში წავედით. ფიდეს დედამ რაფიასგან მოწნული ულამაზესი კალათები გვაჩვენა. გავოგნდი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ფიდეს ოჯახში ვინმეს რამის კეთება შეეძლო. ერთადერთი რაც მათ შესახებ ვიცოდი - სიღარიბე იყო. ფიდეს ოჯახის ხატება ჩემთვის სიღარიბე გახდა.

წლების მერე გავიხსენე ეს ამბავი, როცა ნიგერია დავტოვე და შტატებში წავედი სასწავლებლად. მაშინ 19 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის კამპუსში ჩემმა ამერიკელმა მეზობელმა განცვიფრებულმა მკითხა საიდან ვიცოდი ინგლისური ასე კარგად. კიდევ უფრო გაუკვირდა როცა ვუთხარი, რომ ინგლისური ნიგერიის ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. მკითხა თუ შეეძლო ჩემი მუსიკის მოსმენა და ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც მერაია ქერის ალბომი მივაწოდე. ყველაზე მეტად იმან შემძრა, რომ ჩემმა მეზობელმა ჩემ ნახვამდე შეიქმნა შთაბეჭდილება. მისი დამოკიდებულება რიგითი აფრიკელისადმი მფარველობა და კეთილმოსურნე წუხილი იყო. მას ერთადერთი ამბავი ჰქონდა აფრიკაზე, სადაც თანასწორუფლებიან აფრიკელზე არაფერი იყო ნათქვამი, არც უფრო კომპლექსურ დამოკიდებულებებსა და გრძნობებზე, ვიდრე მხოლოდ შეცოდებაა.

ამერიკაში რამდენიმე წლიანი ცხოვრების მერე ამოვხსენი ჩემი მეზობლის დამოკიდებულების მიზეზი. ნიგერიაში რომ არ გავზრდილიყავი და მხოლოდ პოპულარული ხატებით შემექმნა შთაბეჭდილება აფრიკაზე, მეც ვიფიქრებდი, რომ ეს კონტინენტი ფერწერული ხედები, მშვენიერი ცხოველები, გაუგებარი ხალხები, სისხლისმღვრელი უაზრო ომები, შიდსი და შიმშილია, ადამიანები, რომლებსაც თავდაჯერებულობა აკლიათ და მუდმივად სხვისგან ელიან შველას. აფრიკელების ხატი ჩემთვის ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორც ბავშვობაში სიღარიბე ფიდეს ოჯახისთვის.
ეს ერთადერთი ამბავი აფრიკაზე ვფიქრობ დასავლური ლიტერატურიდან მოდის. ლონდონელი ვაჭრის ჯონ ლოქის 1561 წლის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ აფრიკელები "უსახლკარო ურჩხულები არიან, რომლებსაც პირი და თვალები თავის მაგივრად მკერდზე აქვთ." ახლა მეცინება ამ ჩანაწერების კითხვისას, ვიღაცისთვის  კი ჯონ ლოქის ფანტაზია შესაძლოა პატივსაცემი იყოს, მაგრამ მის ჩანაწერებში სხვა რამეა მნიშნელოვანი, ეს არის აფრიკული ამბების დასავლეთისთვის გაცნობის ტრადიციის დასაწყისი: ტრადიციისა, რომ სუბსაჰარული აფრიკა არის უარყოფითი, ბნელი ადგილი, სადაც რადიარდ კიპლინგის მიხედვით "ნახევრად ეშმაკი და ნახევრად ბავშვები" ცხოვრობენ.
გავაანალიზე, რომ ჩემ მეზობელს კამპუსში მრავლად ექნებოდა მოსმენილი ასეთი "ცალკეული, ერთადერთი ამბები" აფრიკაზე, ისევე როგორც ჩემ პროფესორს, რომელმაც გამოაცხადა, რომ ჩემი ნოველა არ არის "[ავთენტური] აფრიკული." ახლა ბევრი მიზეზი მეგულება ჩემი ნოველა რატომაც ჩავარდა მაშინ, მაგრამ არ მგონია ეს რაღაც ავთენტურისა და აფრიკულის გამო მომხდარიყოს. რეალურად არც ვიცოდი რას ნიშნავს აფრიკული. პროფესორმა მითხრა, რომ ჩემი გმირები მას ჰგავდნენ - საშუალო კლასის განათლებულ მამაკაცს. ჩემი პერსონაჟები მართავდნენ მანქანას, არ იხოცებოდნენ შიმშილისგან ანუ ისინი არ იყვნენ აფრიკელები.

აქვე უნდა ვთქვა, რომ "ერთადერთი ამბის" მსხვერპლი მეც ვყოფილვარ და მეც მიმიძღვის ბრალი. რამდენიმე წლის წინ ამერიკიდან მექსიკაში წავედი. მაშინ შტატებში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო და გამალებით ბჭობდნენ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებაზე. ასე გახდა ემიგრაცია მექსიკელების სინონიმი. გაუთავებლად საუბრობდნენ მექსიკელებზე, რომლებიც ძირს უთხრიან ჯანდაცვის სისტემას, უკანონოდ კვეთენ საზღვარს და ხშირად საზღვარზე აპატიმრებენ. მახსოვს გვადალაჰარაში სეირნობისას ვაკვირდებოდი როგორ მიიჩქარიან ადგილობრივები სამსახურისკენ, მაღაზიის დახლზე ვიღაც ტორტილას ახვევს, ვიღაც ეწევა, ვიღაც იცინის. პირველი რეაქცია გაკვირვება იყო. მერე უკვე შემრცხვა. გავაანალიზე, რომ არსებული ინფორმაციით მექსიკელებზე ერთადერთი ხატება მქონდა - ემიგრაცია. ასე იქმნება ამბავი კონკრეტულ ჯგუფზე არჩევანისა და მრავალფეროვნების გარეშე, ერთადერთი ამბავი, რომლის განზოგადებაც ხდება და ეს ჯგუფიც ამ სტერეოტიპულ ხატებად იქცევა.

წარმოუდგენელია ვისაუბროთ სტერეოტიპებზე და არაფერი ვთქვათ მის ძალაზე. იგბოს ენაზე არის ასეთი სიტყვა - "ნკალი", რომელიც ნიშნავს "იყო ვინმეზე მეტი." ისევე როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური სამყარო, ამბების განსაზღვრებაც "ნკალის" პრინციპით ხდება: როგორ არის ნათქვამი, ვინ ამბობს, როდის ამბობენ, რამდენი ამბავია ნათქვამი.

ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მოყვე ამბავი ვინმეზე, არამედ ეს ამბავი ამ კონკრეტული პერსონის განსაზღვრებად აქციო. პალესტინელი პოეტი მურიდ ბარგუთი წერს, თუ გინდა ადამიანი გაანადგუროთ, დაიწყეთ თხრობა ამბის მეორე ნაწილით. დაიწყეთ თხრობა ინდიელების ისრებით და არა ბრიტანელების შემოჭრით და სულ სხვა ამბავს მიიღებთ. დაიწყეთ თხრობა აფრიკული ქვეყნების კრახით და არა აფრიკული ქვეყნების კოლონიზაციით და სულ სხვა განვითარება ექნება ამბავს. ახლახანს უნივერსიტეტში ლექციაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ საშნელებაა ნიგერიელი მამაკაცების ძალადობრივი ბუნება, როგორც ეს ჩემ ნოველაშია. მე "ამერიკელი ფსიქოპათი" გავახსენე და ვუთხარი, რომ საშინელებაა ამერიკელი ახალგაზრდების მიდრეკილება სერიული მკვლელობისკენ.
სინამდვილეში არასდროს განმიზოგადებია ერთი ლიტერატურული სახე მთელ ამერიკაზე. არა იმიტომ, რომ იმ სტუდენტზე უკეთესი ტიპი ვარ, იმიტომ, რომ ამერიკის შესახებ ბევრი სხვა ამბავი ვიცი. წამიკითხავს ტაილერი და აპდაიკი, სტეინბეკი და გაიტსკილი. მე არ მაქვს ერთადერთი ამბავი ამერიკის შესახებ. არ მაქვს სტერეოტიპი ამერიკაზე.

სწავლის პერიოდში მუდმივად მესმოდა, რომ წარმატებულ მწერლებს უბედური ბავშვობა ჰქონდათ და მათი წარმატებაც მეტწილად ამან განაპირობა. მახსოვს მაშინ ვიგონებდი ისტორიებს, როგორ აქციეს ჩემმა მშობლებმა ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად. თუმცა სიმართლე უბედნიერესი ბავშვობა იყო, სიცილით და სიყვარულით სავსე. სიმართლე გითხრათ იყო ცხოვრების დრამატული მხარეც - ჩემი ბაბუები ლტოლვილთა ბანაკში დაიღუპნენ. ჩემი ნათესავი პოლე არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო გარდაიცვალა. უახლოესი მეგობარი ოკოლომა კი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რადგან სახანძრო მანქანას საკმარისი წყალი არ აღმოაჩნდა. რეპრესიულ მილიტარისტულ რეჟიმში გავიზარდე, სადაც განათლება არ იყო პრიორიტეტი, ჩემ მშობლებსაც ხშირ შემთხვევაში არ აძლევდნენ ანაზღაურებას. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ საუზმისას ჯემი არ გვქონდა, მერე კარაქი გაქრა, პური გაძვირდა, რძის რაციონი შეიზღუდა და მოუწესრიგებელი პოლიტიკის შიშმა მოიცვა ჩვენი ცხოვრება.
რეალურად ამ ამბებმა შემქმნეს ასეთი. მაგრამ მხოლოდ ნეგატიურ ამბებზე კონცენტრირებისას შეიძლება ისეთი დეტალები გამომრჩეს, რომელსაც ჩემს პიროვნებად ქცევაში ასევე დიდი როლი აქვს. მხოლოდ "ერთი ამბავი" სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, სტერეოტიპების პრობლემა კი მხოლოდ ის კი არ არის, რომ შეიძლება სიმართლისგან შორს იდგეს, სტერეოტიპები უბრალოდ არ იძლევიან სრულ ინფორმაცია. ისინი ჩვეულებრივ ერთ ამბავს ერთადერთ ამბად აქცევენ.  
აფრიკა დრამატული კონტინენტია: სექსუალური ძალადობა კონგოში ან ერთ ვაკანსიაზე 5000 ადამიანის განაცხადი ნიგერიაში. მაგრამ პარალელურად არსებობს სხვა მხარეებიც, რომელიც არც ისე დრამატული და კატასტროფულია და ეს ამბები სრული სურათისთვის მნიშვნელოვანია.
"ერთადერთი ამბის" შედეგი ასეთია: ის ადამიანს ღირსებას ართმევს, სხვა ადამიანის თანასწორუფლებიანად აღქმას ართულებს და მუდმივად ხაზს უსვამს რამდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, არასდროს აქცენტირებს რამდენად ვგავართ ჩვენ ერთმანეთს.
 რა მოხდებოდა მექსიკაში წასვლამდე ემიგრაციის პოლიტიკის შესახებ ორივე მხარის (მექსიკური და ამერიკული) მოსზრებებს გავცნობოდი? რა მოხდებოდა დედას ეთქვა, რომ გაჭირვების მიუხედავად, ფიდეს ოჯახის წევრები შრომისმოყვარეები არიან? რა მოხდებოდა აფრიკული სატელევიზო ქსელი გვქონოდა და მრავალფეროვანი ამბები გადმოგვეცა? სწორედ ამას უწოდებს ნიგერიელი მწერალი ჩინუა აჩებე "ამბების ბალანსს." რა მოხდებოდა ჩემ ამერიკელ მეზობელს კამპუსში სცოდნოდა ჩემი გამომცემლის, მუკტა ბაკარაის შესახებ, რომელმაც ბანკში მუშაობაზე უარი თქვა და საკუთარ ოცნებებს გაყვა? საყოველთაოდ მიღებული "ჭეშმარიტება" იყო, რომ ნიგერიელები წიგნებს არ კითხულობენ. ჩემი გამომცემელი ფიქრობდა, რომ ვისაც კითხვა შეუძლია, წაიკითხავს თუ მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ლიტერატურა.
მოკლედ, როდესაც მუკტა ბაკარაიმ ჩემი პირველი წიგნი გამოსცა, ლაგოსში სატელევიზიო ინტერვიუზე მიმიწვიეს. ტელევიზიის თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "ძალიან მომეწონა თქვენი ნოველა, მაგრამ არ მომეწონა ფინალი, ახლა თქვენ მეორე ტომი უნდა დაწეროთ, სადაც მოხდება შემდეგი..." და მან დაიწყო ვრცელი ამბის თხრობა, რა უნდა დამეწერა ნოველის გაგრძელებაში. ამ ამბავმა ძალიან შემძრა, ჩემ წინ იდგა რიგითი ნიგერიელი ქალი, რომელსაც წესით არ უნდა ეკითხა წიგნები. თუმცა, მან არა მხოლოდ წაიკითხა წიგნი, არამედ ნოველის გაგრძელებაზეც კი იფიქრა.
რა იქნებოდა ჩემ ამერიკელ მეზობელს ჩემი მეგობრის, ფუმი ონდას შესახებ სცოდნოდა, უშიშარ ქალზე, რომელსაც ლაგოსის ტელევიზიაში გადაცემა მიჰყავდა და იმ ამბებს ყვებოდა, ყველას დავიწყება რომ გვინდა? რა მოხდებოდა მას გულის ოპერაციაზე სცოდნოდა რამე, ლაგოსის კლინიკაში გასულ კვირაში რომ ჩატარდა? რა მოხდებოდა ჩემ მეზობელს თანამედროვე ნიგერიულ მუსიკაზე სცოდნოდა რამე, ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებიც ინგლისურად, იგბოზე, იორუბასა და იჯოზე მღერიან. რომლებზეც გავლენა მოახდინეს ჯეი ზიმ, ფელამ, ბობ მარლიმ და საკუტარმა ბაბუებმა. რა მოხდებოდა კამპუსელ მეზობელს სცოდნოდა იურისტი ქალის შესახებ, რომელმაც სასამართლოში სრულიად სასაცილო კანონის შეცვლა ითხოვა, ქალებს ქმრების ნებართვის გარეშე პასპორტის განახლების უფლებას რომ ართმევს? რა მოხდებოდა მას სცოდნოდა ნოლივუდზე, ნიგერიულ კინოინდუსტრიაზე, სადაც მინიმალური ტექნიკით კრეატიული ადამიანები საინტერესო ფილმებს ქმნიან? რა მოხდებოდა ჩემ ამერიკელ მეზობელს სცოდნოდა ჩემი დალაქის შესახებ, რომელმაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და თმის დაგრძელებაზე მუშაობს ახლა?
ყოველთვის, როცა სახლში ვარ ვეჩეხები პრობლემებს, რომელიც ბევრი ნიგერიელისთვისაა გამაღიზიანებელი, მათ შორის გაუმართავი ინფრასტრუქტურა თუ არ შემდგარი პოლიტიკური მმართველობა, მაგრამ პარალელურად ვფიქრობ წარმოუდგენელი გამძლეობის ადამიანებზე, რომლებიც მაინც მოძრაობენ წინ და ოცნებებზე არ ამბობენ უარს. ზაფხულობით ლაგოსში წერის ვორქშიფებს ვაწყობ. გამაოგნებელია რამდენად ბევრი ადამიანი ინტერესდება ამით, რამდენად ბევრს უნდა საკუთარი ამბის მოყოლა.
ჩემ გამომცემელთან ერთად არაკომერციული ორგანიზაცია "ფარაფინა ტრასტი" დავაარსე და დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა რომ შევქმნათ და განვაახლოთ ბიბლიოთეკები, სკოლებს წიგნები მივაწოდოთ და წერისა და კიტხვის მსურველებისთვის ვორქშოფები ჩავატაროთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოყვეს საკუთარი ისტორია. ამბებს აქვთ მნიშვნელობა. ამბების გამოიყენება გარიყვისა და განასგურებისთვის, მაგრამ ამბები გამოიყენება გაძლიერებისა და გაადამიანურებისთვისაც. ისტორიამ შესაძლოა დაანგრიოს ან აღადგინოს ადამიანის ღირსება.

ამერიკელი მწერალი ელის უოკერი ასეთ რამეს წერს სამხრეთელ ნათესავებზე, რომლებიც ჩრდილოეთში გადასახლდნენ: "ისინი დასახლდნენ, წიგნებს კითხულობდნენ ან ჩემ წაკითხულს უსმენდნენ და ამით სამოთხე დავიბრუნეთ თითქოს." მინდა მსგავსი მოსაზრებით დავასრულო საუბარი: თუ ჩვენ უკუვაგდებთ სტერეოტიპებს და გავაანალიზებთ, რომ შეუძლებელია ერთი რამის შესახებ მხოლოდ ერთი ამბავი არსებობდეს, სავარაუდოდ დავიბრუნებთ სამოთხეს.